“შემოქმედებითი ნაპერწკალი” – ინიციატივების რეალობად ქცევის საგრანტო პროგრამა სტუდენტებისთვის
მეოთხე წელია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობით ინიციირებული ,,შემოქმედებით ნაპერწკლის” საგრანტო პროგრამას ახორციელებს.პროგრამა მოიცავს სამ ძირითად ელემენტს:
- დიდი ბრიტანეთისა და პროგრამაში ჩართული ქვეყნების უნივერსიტეტებსა და შემოქმედებით ინსტიტუციებს შორის პარტნიორობების განვითარება სამეწარმეო განათლების ხელშეწყობის და სამეწარმეო ცენტრების დაარსების მიზნით.
- სტუდენტებისთვის და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვის სამეწარმეო უნარების განვითარების ტრენინგების ჩატარება იდეების ჩამოყალიბების, ბიზნესის წამოწყების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და კრედიტების მიღების მეთოდების შესახებ.
- ინგლისური ენის შესწავლის პროგრამა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ციფრულ სასწავლო პლატფორმას, ონლაინ კურსებს და მასიურ ღია ონლაინ კურსებს (MOOCs), ფოკუსირებულია სამეწარმეო ინგლისურზე.
„შემოქმედებითი ნაპერწკლის“ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სტუდენტთა ინიციატივებს მხარს დაუჭერს და შემოქმედებით აზროვნებისა თუ სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს უწყობს აწსუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური.
,,2019 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყო ჩვენთან საგრანტო პროგრამის განხორციელება და ამ დროიდან მოყოლებული ბევრი აქტივობა გვქონდა. რაც მთავარია, პროგრამის ფარგლებში 100-მდე სტუდენტმა აიმაღლა ინგლისური ენის კომპეტენცია. 2019 წელს უნივერსიტეტის დელეგაცია საგრანტო პროგრამის 2018-2019 წლების შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო, ხოლო 2020 წელს იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთში, სადაც გაეცვნენ ფორმალურ განათლებაში შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების, მეწარმეობით აზროვნების შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორებს ბრიტანულ მოდელში“,- ამბობს აწსუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი მირანდა კავაძე.
მისივე თქმით, 2020 წლის მარტში ტრენერთა ტრენინგი გაიარა 5-მა თანამშრომელმა, ხოლო ამავე წლის აპრილი-მაისის თვეში პარტნიორი ორგანიზაციის, ბირმინგემის STEAM House-ის ტრენერების მიერ, სამეწარმეო და სტარტაპ უნარების განვითარების მიზნით გადამზადდა აწსუ-ს 6 თანამშრომელი, რამაც ხელი შეუწყო, უნივერსიტეტში ტრენერების მომზადებას, რომლებმაც უზრუნველყვეს სტუდენტების მომზადება შემოქმედებითი ნაპერწკლის კონკურსებისათვის. შემოქმედებით ნაპერწკლის საგრანტო პროგრამა, ხელს უწყობს მეწარმეობითი აზროვნების დანერგვას უნივერსიტეტში და სტუდენტების იდეების განხორციელებას. ამის მაგალითია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ უკვე შექმნილი კომიქსი, რომლის მიმართაც ახალგაზრდების დაინტერესება დღითიდღე იზრდება. 2020 წლის 29 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის სპეციალობის, სტუდენტები: დემური დანგაძე, გიორგი სვანიძე და მიხეილ მეძველია ,,შემოქმედებით ნაპერწკლის” საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული Big Idea challenge-ის კონკურსის კატეგორიის ,,კრეატიული იდეები” გამარჯვებულები გახდნენ. სტუდენტებმა კომიქსებისა და სხვა ნაწარმოებებისათვის პლატფორმის შექმნის იდეა წარადგინეს.
გიორგი სვანიძემ და დემური დანგაძემ 2021 წლის დეკემბერში მათ მიერ შექმნილი კომიქსი “გზა ალბავარისაკენ” წარადგინეს. ეს არის ქართული, ინოვაციური კომიქსი, რომელიც კომიქსსა და მანგას აერთიანებს, არის ანიმაციის ფორმატში და აქვს გახმოვანება, რაც გადმოცემას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
“უნივერსიტეტის პროექტმა “მე-უნივერსიტეტი” კრეატიულად ჩათვალა იდეა, შექმნილიყო ქართული კომიქს გამომცემლობა და თანამედროვე პლატფორმა და შემოგვთავაზა იდეების კონკურსზე გასვლა. Big Idea Challenge იყო მართლაც უდიდესი გამოწვევა, რომელმაც უამრავი უნარი შეგვძინა. უპირველეს ყოვლისა, მოგვიწია უბრალოდ ღირებულებითი და იდეური აზროვნებიდან, პრაგმატულ გათვლებზე გადასვლა და ყველაფრის სისტემატიზაცია ისე, როგორც სტარტაპს შეეფერება. პირველად განისაზღვრა პლატფორმის სტრუქტურა, სამიზნე აუდიტორია, შეიქმნა ავტორებისა და მკითხველების ურთიერთდაკავშირების ჩვენზე გათვლილი სისტემა”,- გვიყვება დემური დანგაძე.
ის სტუდენტებს ურჩევს აქტიურად ჩაერთონ პროგრამაში, რომელში მონაწილეობაც კი მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებას მოუტანთ და იდეების რეალობად ქცევაში დაეხმარებათ.
პროგრამას ამჯერად სამი უმაღლესი სასწავლებელი ახორცილებს. ესენია: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
„შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.