ახალი ამბები

როგორ დავწეროთ თხზულება უცხო ენაზე ისე, რომ ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შეცდომებს არ ვუშვებდეთ – ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის და არამხოლოდ

როგორ დავწეროთ თხზულება უცხო ენაზე ისე, რომ ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შეცდომებს არ ვუშვებდეთ – ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის და არამხოლოდ

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ყველა აბიტურიენტს უწევს შერჩეულ უცხო ენაში გამოცდის ჩაბარება. ცნობილია ისიც, რომ რომელი ენაც არ უნდა ჩავაბაროთ, უმაღლესში მისაღებ გამოცდაზე თხზულების წერა აუცილებელი პირობა იქნება. როგორც წესი, თხზულებაზე მუშაობა ყველა აბიტურიენტს განსაკუთრებით ანერვიულებს, რადგან ეს დავალება 16 ქულით ფასდება და აპლიკანტისგან მოითხოვს 120-170 სიტყვიანი თემის მკაფიოდ და თანმიმდევრულად შესრულებას; დასაბუთების არგუმენტირებულად ჩამოყალიბებასა და ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების გამართულ ცოდნას. რასაკვირველია, უმაღლესი ქულების მიღება მარტივი არ არის და თხზულების წერაზე მეცადინეობის დროს, აბიტურიენტებს უმრავი ფაქტორის გათვალისწინება სჭირდებათ, ხშირად კი ერთსა და იმავე შეცდომებს იმეორებენ.

EDU.ARIS.GE, ტრადიციულად, ამ სტატიაშიც შეეცდება, რომ ჩვენი მკითხველი აბიტურიენტების ინტერესი დააკმაყოფილოს და მათ სპეციალისტის დახმარებით შეუმსუბუქოს წინასაგამოცდო პროცესი. ამჯერად ვესაუბრეთ მარიამ გორგიშელს, უცხო ენების სპეციალისტს, რომელიც დეტალურად გვიხსნის თხზულების არსს, მისი წერის ხერხებს და გზებს შეცდომების დაშვების საწინააღმდეგოდ.

– პირველ რიგში, გვითხარით, რა ტიპის დავალებაა თხზულება, რას ამოწმებს და რაში ეხმარებათ აბიტურიენტებს მისი წარმატებით შესრულება?

– ინგლისური ენის ტესტის ბოლო დავალებაში აბიტურიენტს მოეთხოვება დაწეროს თხზულება, რომელიც ამოწმებს აბიტურიენტის წერით უნარებს, იმას, თუ რამდენად შეუძლია საკუთარი აზრის წერილობითი ფორმით გადმოცემა და კონკრეტულ საკითხზე მსჯელობა. აღნიშნული დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, აბიტურიენტს საშუალება აქვს, მაქსიმუმ 16 ქულა დააგროვოს.

– გვითხარით, ძირითადად რა ტიპის შეცდომებს უშვებენ თხზულებაზე მუშაობის დროს აბიტურიენტები და არამხოლოდ ისინი?

– თითქმის ყველა აბიტურიენტისთვის თხზულება აქილევსის ქუსლივითაა. ყველაზე მეტს სწორედ ამ დავალებაზე ნერვიულობენ, რაც თავისთავად, მათ ნაწერზეც აისახება. ყველაზე ხშირად აბიტურიენტები შეცდომებს უშვებენ მართლწერაში, რაც სიტყვების სწორად დაწერას გულისხმობს. მოგეხსენებათ, უცხო ენების სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვები ზუსტად ისე არ იწერება, როგორც მათ წარმოვთქვამთ. ასევე, ხშირია გრამატიკული შეცდომები. აბიტურიენტების უმრავლესობას უჭირს წინადადების გრამატიკულად აგება, ვინაიდან, ამ ნაწილში, ქართული და უცხო ენა ერთმანეთისაგან განსხვავდება. ხშირად, აბიტურიენტები ქართული წინადადების სტრუქტურას იყენებენ და წინადადებას ასე აგებენ, შედეგად კი ვიღებთ გრამატიკულად გაუმართავ წინადადებებს. ამას გარდა, აბიტურიენტებს უჭირთ ისეთი გრამატიკულ-ლექსიკური წესების დაცვა, რომელიც ქართულ ენაში არ გვაქვს. მაგალითად, ინგლისურ ენაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია ყოველი ახალ წინადადებას დიდი ასოთი დაწყება. ასევე, აბიტურიენტებს უჭირთ თხზულებაში მსჯელობის ლოგიკურობის დაცვა, მისი არგუმენტებითა და ფაქტებით გამყარება.

– აგვიხსენით, რა უნდა ვიცოდეთ ვიდრე თხზულების წერას დავიწყებთ?

– უნდა ვიცოდეთ, რომ ნაშრომი ძირითადად ორი კრიტერიუმის მიხედვით სწორდება. ესენია შინაარსობრივი და სტრუქტურული კრიტერიუმები. შინაარსობრივ ნაწილში ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად სწორად პასუხობს მოცემულ საკითხს აპლიკანტი და აქვს თუ არა თხზულება ლოგიკურად აგებული. ხოლო, სტრუქტურულ ნაწილში იგულისხმება გრამატიკულ-ლექსიკური, მართლწერისა და პუნქტუაციის წესების დაცვა. ქულათა რაოდენობა ორივე კრიტერიუმზე თანაბრად ნაწილდება და ამიტომ, გაითვალისწინეთ, გადამწყვეტი ის კი არაა რას და რამდენს დაწერთ, არამედ ის, თუ როგორ დაწერთ.

– შეცდომების გამეორების პრევენციისთვის რა მეთოდებს იყენებთ?

– იმისათვის, რომ ხშირად დაშვებული შეცდომები აღარ დავუშვათ, საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი პრაქტიკული დავალების შესრულება. შეიძლება, თეორიულად ძალიან კარგად ვიცოდეთ, თუ რას გულისხმობს ესა თუ ის გრამატიკული წესი, თუმცა, მნიშვნელოვანია, მათი პრაქტიკაში გამოყენება შევძლოთ. ამის გათვალისწინებით, ჩემი სტრატეგიები შემდეგში მდგომარეობს:

სიტყვების არა ზეპირად, არამედ წერით სწავლა. მაგალითად, ახალი სიტყვების სწავლისას ერთი და იმავე სიტყვას რამდენჯერმე თუ დაწერთ ფურცელზე, დამერწმუნეთ, დაგამახსოვრდებათ როგორც სიტყვის მნიშვნელობა, ასევე წერა. მართალია, საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა, უდავოდ ეფექტური.

წინადადებების აგება. იმისათვის, რომ დავინახოთ განსხვავება ქართულ და უცხოენოვან წინადადებას შორის, შეგიძლიათ, აიღოთ რამდენიმე მარტივი ქართული წინადადება და უცხო ენაზე თარგმნოთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ სწორად ააგეთ წინადადება, მიმართეთ რეპეტიტორს ან მასწავლებელს;

ჩანაწერები. თუ თქვენთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენს არგუმენტირებული თხზულების წერა, შეგიძლიათ, დაიწყოთ მარტივი ჩანაწერებით. აწარმოეთ დღიური, სადაც აღწერთ თქვენს კონკრეტულ დღეს. ან, თუ ფილმები, წიგნები თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, დაწერეთ მათი შინაარსი ან თქვენი მოსაზრება კონკრეტულ ფილმსა და წიგნზე;

სისტემატურად წერა. შეგიძლიათ გადახედოთ გასული წლის ტესტებს, თხზულების სათაურებს და მათზე წეროთ. ეს, პირველ რიგში, თავდაჯერებულობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ და გამოცდამდე რამდენიმე თვით ადრე, უკვე დარწმუნებული იქნებით, რომ არგუმენტებითა და ფაქტებით გამყარებული თხზულების წერა შეგიძლიათ. თუკი თავდაჯერებულები იქნებით და ნაკლებად ინერვიულებთ, დამერწმუნეთ, ნაკლებ შეცდომასაც დაუშვებთ.

– როგორ უნდა მიხვდეს აბიტურიენტი, კარგად დაწერა თუ არა თხზულება, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ნაშრომი?

– თუ აბიტურიენტი იყენებს მდიდარ ლექსიკასა და რთულ გრამატიკულ კონსტრუქციებს, ლოგიკურად გადადის ერთი წინადადებიდან მეორეზე, იცავს აბზაცებს, მკაფიოდ აქვს გამოხატული მისი მოსაზრება და მაგალითებით ამყარებს თავის პოზიციას, მაშინ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი თხზულება მაღალ ქულაზე შეფასდება.

– მარიამ, გვითხარით იმ საშიში შეცდომების შესახებ, რომელიც თხზულების წერის დროს არ უნდა დავუშვათ…

  1. საკუთარი სახელების ან გვარების გამოყენება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თხზულებაში თქვენი, ან სხვა პიროვნების სახელი ან გვარი. ეს ავტომატურად, შემოწმების გარეშე ანულებს თქვენს ნაშრომს. თუმცა, შეგიძლიათ, ისეთი ცნობილი პიროვნების სახელი და გვარი დაწეროთ, რომელიც თემასთან უშუალო კავშირშია და მისი სიტყვები მოგყავთ მაგალითად;
  2. სიტყვების რაოდენობის უგულებელყოფა. თხზულებაში სიტყვების რაოდენობა დაახლოებით, 120-170-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, არ დაწეროთ 120 სიტყვაზე ნაკლები, ვინაიდან ამაში მინიმუმ ერთ ქულას დაკარგავთ. თუ თხზულებაში 170 სიტყვაზე მეტია, იგი ჩვეულებრივ გასწორდება.
  3. შაბლონების გამოყენება. თხზულების წერისას არ გამოიყენოთ ე.წ შაბლონები. შაბლონი, როგორც წესი, ძალიან ზოგადია და მასში გამსწორებელს თქვენი აზრისა და პოზიციის დანახვა გაუჭირდება. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნაშრომები ნულდება ხოლმე.
  4. თხზულების სტრუქტურის უგულებელყოფა. მნიშვნელოვანია, დავიცვათ თხზულების სტრუქტურა, რადგან ეს დაგვეხმარება, ლოგიკურად ავაგოთ მსჯელობა. თხზულებას აუცილებლად გაუკეთეთ შესავალი და დასკვნა. ასევე, მნიშვნელოვანია დაიცვათ აბზაცები.
  5. კონტრარგუმენტის მოყვანა. მართალია, ეს შეცდომაში არ ითვლება, თუმცა, შესაძლოა, სხვა მნიშვნელოვანი შეცდომები გამოიწვიოს. იქიდან გამომდინარე, რომ საწინააღმდეგო არგუმენტის მოყვანა არ მოგეთხოვებათ, სჯობს, მხოლოდ ერთ პოზიციას მიჰყვეთ, ასე უფრო ეფექტურად შეძლებთ თქვენი მოსაზრების დაფიქსირებას.~

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.