ახალი ამბები

მორიგი ახალი თარიღი სამინისტროსგან – როდის მიიღებენ წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს?

მორიგი ახალი თარიღი სამინისტროსგან – როდის მიიღებენ წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს?

რა შეიცვალა მიმდინარე წლის 22 იანვრიდან 16 თებერვლამდე წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპების გადაცემის საკითხზე, შესაძლოა, საინტერესო არც ყოფილიყო რომ არა კიდევ ერთი ახალი თარიღი წარჩინებულთა ავადსახსენებელი ლეპტოპების დარიგების პროცესის დასრულებისა, რომელიც ჯერ არცკი დაწყებულა. საჩუქრის ადრესატები კი უკვე მოსწავლეებადაც ვეღარ მოიხსენიებიან, უმეტესობამ სკოლა უკვე დაასრულა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, სამინისტრო განმარტავდა, რომ წარჩინებულთათვის „კომპიუტერების გადაცემა უნდა დასრულდეს 31-აგვისტომდე“, დღეს კი უკვე სექტემბრის თვეზე საუბრობენ:

16 თებერვალს, სამინისტროში კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, ხელშეკრულება „შპს ალტასთან“ უკვე გაფორმებულია. გადაცემის თარიღად კი ამჯერად სექტემბრის დასაწყისს ასახელებენ. ახლა ისინი მომწოდებელი კომპანიისგან ლეპტოპების გადაცემას ივლისის ბოლომდე ელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს სამინისტრო მოსწავლეებისთვის კომპიუტერების დარიგებას. ამბობენ, რომ ლეპტოპს გადასცემენ ყველას, ვინც წინა წლებში ვერ მიიღო, თუმცა შესაბამისი ნიშნები ჰყავდა.

„მომწოდებელმა კომპანიამ ივლისის ბოლომდე უნდა მოგვაწოდოს კომპიუტერები და როგორცკი მოგვაწვდიან დავიწყებთ გადაცემას და დარიგებას. ჩვენ ახლა ლეპტოპების გადმოცემას ველოდებით და სექტემბრის დასაწყისისთვის უნდა ჰქონდეთ ისინი მოსწავლეებს“, – უთხრეს დღეს EDU.ARIS.GE-ს სამინისტროს ცხელ ხაზზე.

2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილ ლეპტოპებს სახელმწიფოსგან მესამე წელია უშედეგოდ ელოდებიან. მშობლების ნაწილი უკვე ფიქრობს, რომ ბავშვები დაპირებულ კომპიუტერებს საერთოდ ვეღარ მიიღებენ, თუმცა განათლების სამინისტრო ამას უარყოფს. კომპიუტერების გადაცემის თარიღმა არაერთხელ გადაიწია და თავდაპირველად, განათლების სამინისტრო ამის მიზეზად პანდემიის გამო ტექნიკის ჩამოტანის სირთულეს ასახელებდა. გასული წლის ნოემბერში განათლების მინისტრის მაშინდელმა პირველმა მოადგილემ  EDU.ARIS.GE -ს განუცხადა, რომ სამინისტრომ ყველა პრობლემა მოაგვარა და მოსწავლეები ლეპტოპებს მაქსიმუმ 2022 წლის დასაწყისში მიიღებდნენ, მაგრამ 2022 წლის იანვარში განათლების სამინისტრომ გვითხრა, რომ ლეპტოპების გადაცემა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დასრულდებოდა. ახლა კი თარიღმა სექტემბრის თვეზე გადაიწია.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს, რომელთა მე-7, მე-8 და მე-9 საფეხურის ნიშანია 10, ლეპტოპები გადაეცემათ. „მიზანი კი მათი მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლებაა“ – რამდენად მაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია,ზემოთ მოყოლილი ქრონოლოგიის ფონზე, ძნელი მისახვედრი არ არის.

EDU.ARIS.GE იქამდე გააგრძელებს ამ საკითხზე განახლებული ინფორმაციის მოპოვებას, ვიდრე ჩვენს რედაქციაში მოსწავლეების, მათი მშობლებისა თუ სკოლების მხრიდან ამ თემაზე შემოსული წერილები არ შეწყდება.

ასევე იხილეთ:

„არ ვფიქრობ, რომ როდესაც პანდემია ჩაივლის, ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობებით დისტანციური სწავლების რეჟიმს“ – კახა ერაძე ონლაინ სწავლების შედეგებსა და მშობლების პასუხისმგებლობაზე

მოამზადა თეკლა ტაბატაძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.