გორდონ ბრაუნი ფიქრობს, რომ პუტინი ნიურნბერგის მსგავსი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მისი ქმედებების გამო საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.
BBC-ის თანახმად, ბრაუნი 140 აკადემიკოსს, იურისტსა და პოლიტიკოსს შორისაა, რომლებიც ხელს აწერენ პეტიციას ნიურნბერგის პროცესის მოდელზე დაფუძნებული იურიდიული სისტემის შექმნის მოთხოვნით.
ნიურნბერგის პროცესი ეწოდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ომის დამნაშავე გერმანელი სამხედროების გასამართლებას საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში.
ტრიბუნალი სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით 1945 წლის 8 აგვისტოს შეიქმნა, პროცესები კი 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო(ICC) უკვე აწარმოებს გამოძიებას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, სავარაუდო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, მაგრამ ისმის მოსაზრებები, რომ ICC-ის უფლებამოსილებები შეზღუდულია.
გაზეთ Daily Mail-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გორდონ ბრაუნი წერს, რომ ტრიბუნალის შექმნა საერთაშორისო სამართალში აღმოფხვრის ხარვეზს, რომელიც პუტინს საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
მთავარი ფოტო: გორდონ ბრაუნისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 2006 წელს. © BBC/Getty Images