არ გვეშინია, არავის არაფერს დავუთმობთ, ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” ცნობის შემდეგ გაავრცელა.
მისი თქმით, უკრაინელები საკუთარ მიწაზე არიან და არავის არაფერს დაუთმობენ.
“ჩვენ არავის და არაფრის არ გვეშინია. ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ჩვენს უკან არის სიმართლე. ჩვენს უკან არის უკრაინა.მიზანი ერთია – მშვიდობა უკრაინაში. დიდება უკრაინას!” – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების მიუხედავად, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იგივე დარჩება.
მისი თქმით, რუსეთის ბოლო ქმედებებს უკრაინა თავის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.
“უკრაინა ცალსახად აფასებს რუსეთის ფედერაციის ბოლო ქმედებებს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.
„დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის ცალმხრივ გამოსვლას მინსკის შეთანხმებებიდან და ნორმანდიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების იგნორირებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა დაავალა.
ამას ითვალისწინებს პუტინის მიერ გამოცემული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ ბრძანებები.
პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ფედერალური ორგანოების აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობით, დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკებთან” გამართონ მოლაპარაკებები თანამშრომლობაზე და დახმარებაზე და წარმოადგინონ შეთავაზება ხელმოსაწეტრად. ამ შეთანხმებების ხელმოწერამდე კი, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “ხელმძღვანელების” მიმართვის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ შეიარაღებული ძალებით უზრუნველყონ “მშვიდობის მხარდაჭერა” დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე.
ამ დროისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების ნაწილს კიევი აკონტროლებს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვის თქმით, რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს დღესდღეობით ფაქტობრივად დადგენილ საზღვრებში აღიარებს.
მანამდე რუსეთის შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი დონეცკისა და ლუგანსკის “ოკუპაციამდელ” საზღვრებში – მარიუპოლიდან ისტორიულ საზღვრებამდე აღიარების წინადადებით გამოვიდა.