ესაა ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობა – საგარეო ცხინვალის „არჩევნებზე“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გმობს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს.
„აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს შეფასებით, „მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას“.
„საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ამასთან, არანაირი სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს“, – წერია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე:
„შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“.
სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ უკანონო ნაბიჯზე“.
კვირას, 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერაა ოკუპირებული, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც 2017 წლიდან იკავებს ამ პოსტს.
დე ფაქტო არჩევნებში დარეგისტრირებულია მისი 4 კონკურენტი:
- ალექსანდრე პლიევი, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- ალან გაგლოევი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი
- გარი მულდაროვი
- დიმიტრი, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი
დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ ედუარდ კოკოითის, დავით სანაკოევსა და კიდევ 10 ადამიანს.
ამ თემაზე გირჩევთ:
ბიბილოვი კონკურენტებს იცილებს – ცხინვალში არჩევნებამდე ახალ რეგულაციებს იღებენ