ახალი ამბები

მშობელი პარლამენტში: მივცეთ კერძო სკოლებს საშუალება, რომ 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშები მიიღონ სკოლაში

მშობელი პარლამენტში: მივცეთ კერძო სკოლებს საშუალება, რომ 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშები მიიღონ სკოლაში

11 აპრილს გამართულ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომას, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და კონკრეტულად განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკს განიხილავდნენ, მშობელი, თეატრისა და კინოს უნივერისტეტის ლექტორი და სამი შვილის დედა, ნათია წულუკიძე ესწრებოდა, რომელსაც კომიტეტთან მწვავე კითხვები ჰქონდა.

მოგეხსენებათ, 6 აპრილს, კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა მოულოდნელად განაცხადა, რომ განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს უსრულდება პირველ ოქტომბრამდე. იმავე დღეს ამილახვარმა EDU.ARIS.GE-სთან განმარტა, რომ ყველა კვლევის მიხედვით, ეს ასაკი 1 ოქტომბერი კი არა, 31 დეკემბერია.

სკოლაში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ – ცვლილება წელსვე ამოქმედდება

ნათია წულუკიძე ამბობს, რომ მისი მესამე შვილი წელს სკოლაში ვერ შედის და ამის მიზეზი ამ ეტაპზე კომიტეტის მიერ ოპტიმალური ასაკზე უარის თქმაა. ის ამბობს, რომ საქართველოში მშობელთა ინფორმირების დონე დაბალია და ამიტომაც არის, რომ ისინი შვილების სკოლაში შეყვანა-არშეყვანის საკითხს ვერ წყვეტენ. ამით კი ბავშვებს დიდი ფსიქიკური ზიანი ადგებათ.

„ეს კანონი ჩემთვის ძალიან სამწუხარო და შეურაცხმყოფელია. ჩემს კანზე მაქვს გამოცდილი. მინახავს ჩემი შვილების მეგობრები, რომლებიც ამ კანონმა დატოვა ბაღში. როდესაც ბატონი გიორგი ახსენებს, რომ არის დარგის ექსპერტების და ფსიქოლოგების კვლევები, რამდენად შეეხნენ ეს ფსიქოლოგები ბავშვებს, რომლებსაც ამგვარი ფსიქიკური ზიანი მიაყენეს და მათ არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩინეს? ბავშებს შეიძლება მივაყენოთ გამოუსწორებელი ტრამვა და ზიანი, რადგან უნდა განვუცხადოთ, იცით რა, ჩვენ ღარიბები ვართ და ვერ მოვიპოვებთ ცოტა ხნით თანხას იმისთვის, რომ თქვენ მოგცეთ სწავლის უფლება.

„თუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვირიდებთ პასუხისმგებლობას თავიდან და ვამბობთ, რომ საჯარო სექტორი, რომელიც 2014 წლამდე მზად იყო მათ მისაღებად, 2014 წლის მერე რა მოხდა, არ ვიცით, აღარ არის მზად. ყველა მთავრობა იყო მზად ამ ტიპის ბავშვების მისაღებად. აღმოჩნდა, რომ ამ მთავრობას არ აქვს ეს მზაობა. რატომ, სად წავიდა ის რესურსები, რომელიც 2014 წლამდე არსებობდა. სად გაქრა და რას გულისხმობთ ვერ ვხვდები, როდესაც ბატონი გიორგი ამბობს, რომ პროცედურული და მართვის საკითხებია მოსამზადებელი. გარდა მერხისა და წიგნისა და მასწავლებლისა, მე ვერ ვხვდები, რა სჭირდება კიდევ პირველკლასელ ბავშვს. არ ვიცი, წელს რა პასუხი უნდა გასცეთ ბავშვებს, რომელსაც პირდებით, რომ იმიტომ, რომ სახსრები არ არის მოძიებული, ისინი დარჩებიან გარეთ. მაგალითად, მე ჩემს ერთ შვილთან არ მაქვს პასუხი. თქვენ, ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებთ ამ საკითხზე, როგორ აპირებთ, რომ მთელ თაობას გასცეთ პასუხი“, – მიმართა კომიტეტის წევრებს მშობელმა.

ნათია წულუკიძემ ასევე დააყენა საკითხი, რატომ არ შეიძლება უფლება მიეცეთ კერძო სკოლებს, რომ ოქტომბერში დაბადებული ბავშვები მიიღონ:

„რატომ არ განიხილავთ კერძო სექტორს? თუკი საჯაროს არ აქვს უნარი, რომ მიიღოს და უზრუნველყოს ეს ბავშვები, მივცეთ კერძო სკოლებს საშუალება, რომ 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშები მიიღონ სკოლაში. ხომ შეიძლება, რომ ამ მხრივ ესეც იყოს პრობლემის გადაწყვეტა და ნაკლები ბავშვი დააზარალოთ? ამ შემთხვევაში ხომ სახელმწიფო მთლიანად ირიდებს მათზე ზრუნვის ვალდებულებისგან თავს…

კიდევ და კარგი იქნება თუ დასკვნებს წარმოგვიდგენთ, ფსიქოლოგების დასკვნებს, ძალიან გამიხარდება. თუ არა, და ამბობთ, რომ ეს არის სისტემის პრობლემა და დასკვნას, რომელსაც თქვენ ეყრდნობით, ეს არის 2012 წლის დასკვნა. 2012 წლის შემდეგ გავიდა 10 წელი და ისევ ვამბობთ, რომ სისტემა კიდევ მოუმზადებელია, რაც საოცარი და უცნაურია. ამ დასკვნაში არის ასეთი ფრაზა, რომ თუ ჩვენ სისტემას არ გამოვასწორებთ, მომავალში ეს ხარვეზი, ზიანი, რომელსაც ბავშვებს მივაყენებთ, ორმაგად გვექნება ასანაზღაურებელი. ანუ 10 წლის მანძილზე ჩვენ ვეგუებით იმას, რომ პატარებს ვაყენებთ ზიანს, რომელიც გვექნება ორმაგად და სამმაგად ასანაზღაურებელი? უბრალოდ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება და გნებავთ, რომ ეს არ გააკეთოთ? რატომ არის მიღებული 1 ოქტომბერი, ვერაფრით ვერ ვხვდები“, – განაცხადა სამი შვილის დედამ.

მშობლის ამ განცხადებებს კომიტეტის სხდომაზე პოლემიკა მოყვა.

გიორგი ამილახვარმა მშობელს უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის ჰაერზე მიღებული და კომიტეტი არც პრობლემებს გაურბის და საუბრობს, როცა საქმე განათლებას ეხება.

„სასწავლო პროცესს სჭირდება დაგეგმვა, მერხისა და სხვა რესურსის შეძენას სჭირდება დრო და ერთსა და ორ თვეში არ მოხდება. შემდეგი წლისთვის გადაწყვეტილება და მზაობა ამ საკითხის იქნება გაცილებით მაღალ დონეზე. ჩვენ ტექნიკურად მარტივად გადავჭრიდით ამ პრობლემას, თუ კლასში ბავშვთა რაოდენობას გავზრდიდით, მაგრამ ხარისხის ხარჯზე პრობლემის გადაჭრა არ გვინდა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კიდევ ერთ რეპლიკაში მშობელმა გაიმეორა, რომ არ ესმის, რატომ არ ეძლევა ასეთ შემთხვევაში შანსი კერძო სექტორს:

„თუ არ გვყოფნის სახსრები მერხების შესაძენად და ისევ ფინანსებამდე მივედით, მაშინ რატომ არ ვაძლევთ შესაძლებლობას კერძო სექტორს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ცოცხალ ადამიანებზე ვსაუბრობთ და მათ ზიანი არ უნდა მივაყენოთ“, – თქვა კომიტეტზე მისულმა მშობელმა, რომელსაც პირველი წერილი სასკოლო ასაკის ცვლილების მოთხოვნით 15 დეკემბერს ჰქონდა საკანონმდებლო ორგანოში გაგზავნილი.

მშობლის კითხვას კი, რატომ არ ეძლევათ კერძო სკოლებს უფლება, მიიღონ თუნდაც ოქტომბერში დაბადებული ბავშვები, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ასე უპასუხა:

„მე არ ვთვლი სწორად, რომ ჩვენ აქ რამე დიფერენციაცია უნდა მოვახდინოთ საჯარო და კერძო სკოლების მიმართ. არ მიმაჩნია სწორად იმიტომ, რომ ანუ ეს რას ნიშნავს – ვისაც შეუძლია კერძო სკოლაში წაიყვანოს ბავშვი იმისთვის რაღაცა სხვა ასაკობრივი ზღვარი არსებობდეს და საჯარო სკოლაში ვინც დადის, იმისთვის სხვა? რა არის ამის არგუმენტაცია? მოდით, აქ გავჩერდეთ, ამ საკითხზე ვერ შევთანხმდებით“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტმა მხარი დაუჭირა და პირველი მოსმენით ის განხილულია. როგორც ცნობილია, სასკოლო ასაკის ცვლილების ინიციატივას, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ამავე თემაზე:

სკოლაში შესვლის ასაკი ისევ შეიცვლება და 1-ელი ოქტომბრის მაგივრად 31 დეკემბერი იქნება – გიორგი ამილახვარი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.