„ვისაც უწიგნოდ სურს ისწავლოს რამე, ის საცერში აგროვებს წყალს – 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა
23 აპრილს, მსოფლიო აღნიშნავს წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.
23 აპრილის წიგნის საერთაშორისო დღედ დაწესების ისტორია კი ასეთია: კატალუნიაში 23 აპრილი ორი დიდი ესპანელის, მიგელ დე სერვანტესის და ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების დღეს უკავშირდებოდა, რასაც დაემატა შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღიც და 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა.
ამ დღის საქართველოში აღნიშვნის ტრადიცია წლებია დამკვიდრდა და სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE გიზიარებთ საინტერესო გამონათქვამებს წიგნის შესახებ:
*ბარემ კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ყველა წიგნი წასაკითხია და ამავე დროს, არც ერთი – აუცილებლად. ნუ იკითხავთ – რა უნდა წაიკითხოთ ამა და ამ ასაკში. უბრალოდ იკითხეთ ის, რაც გსურთ. წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი – ბედნიერება – ალექსანდრე ლორთქიფანიძე;
*ცივი მეგობარია წიგნი, მაგრამ ერთგული – ვიქტორ ჰიუგო;
*საუკეთესო წიგნის შესახებ მკითხველი ფიქრობს, რომ მისი დაწერა მასაც შეეძლო – ბლეს პასკალი;
*იკითხეთ კარგი წიგნები, ეს წარსული დროის საუკეთესო ადამიანებთან საუბარია, თან ისეთი საუბარი, როდესაც ისინი თავიანთ საუკეთესო აზრებს გვიმხელენ – რენე დეკარტი;
*არასოდეს მისცეთ ბავშვს წიგნი, რომელსაც თავად არ წაიკითხავდით – ბერნარდ შოუ;
*სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს – ციცერონი;
*ჩვენ გვჭირდება წიგნები, რომლებიც საშინელი უბედურების მსგავსად ღრმა კვალს ტოვებს ჩვენში, ისევე, როგორც იმ ადამიანის სიკვდილი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარდა, როგორც ყველასგან განდევნილად ყოფნა ტყეში, როგორც თვითმკვლელობა. წიგნი უნდა იყოს ნაჯახი ჩვენს სულში გაყინული ზღვისთვის – ფრანც კაფკა;
*წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო – ნილ გეიმანი;
*დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის – გოდერძი ჩოხელი;
*სარგებლობა ბევრ წიგნს კი არ მოაქვს, არამედ კარგ წიგნს – სენეკა;
*ვისაც უწიგნოდ სურს ისწავლოს რამე, ის საცერში აგროვებს წყალსა – გერმანული ანდაზა;
*კარგი წიგნი ავტორზე ჭკვიანი უნდა იყოს.ხშირად ის მოგვითხრობს ისეთი რაღაცების შესახებ,რაზეც ავტორი არც კი დაფიქრებულა – უმბერტო ეკო;
*როდესაც ვკითხულობ, მე მაინტერესებს არა წიგნი, არა ავტორი, არამედ ის, რამაც ეს წიგნი შექმნა. ყოველი წიგნი უმალ ათასი სხვადასხვა ფაქტორის ქმნილებაა, ვიდრე ავტორის – პოლ ვალერი;
*წიგნი ის მეგობარია,რომელიც არასდროს გიღალატებს – ებრაული სიბრძნე;
*ყოველდღიურ ცხოვრებაში წიგნი გულისგამაწვრილებელი წვიმისაგან თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა მეტროს მონოტონურ ჩაქჩაქში, სამუშაო მაგიდის უჯრაში დამალული რომანია – დანიელ პენაკი;
*წიგნის კითხვა იმას ნიშნავს, რომ საკუთარის ნაცვლად სხვისი თავით იაზროვნო – შოპენჰაუერი;
*კარგი წიგნის უეჭველი ნიშანი ის არის, რომ იგი მკითხველს ხანშიშესვლასთან ერთად უფრო და უფრო მოსწონს – გეორგ ლიხტენბერგი;
*ადამიანის განათლება მტკიცდება და სრულქმნილი ხდება წიგნების კითხვით – ჩერნიშევსკი.
ასევე იხილეთ:
ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია