განათლების ხარისხის ცენტრი კერძო სკოლებს სტატუსიანი პედაგოგების დასაქმების რეკომენდაციას აძლევს
კერძო სკოლებმა, სადაც მასწავლებელთა სამუშაოზე აყვანის წესი სკოლის შინაგანაწესით რეგულირდებოდა და შეეძლოთ დაესაქმებინათ პედაგოგი, რომელსაც არ ჰქონდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული სტატუსი, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, უნდა წარმოადგინონ მასწავლებლებთან გაფორმებული განახლებული ხელშეკრულებები, სადაც აღწერილი იქნება პედაგოგთა სტატუსები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულის თაობაზე 11 მაისს გამოქვეყნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმშია ნათქვამი, სადაც რამდენიმე კერძო სკოლის ავტორიზაციის განხილვის პროცესია მოთხრობილი.
აღნიშნული რეკომენდაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სააქციო საზოგადოება გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიას მისცა. როგორც ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში წერია, ამ სკოლაში მასწავლებლები ,,საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ იყვნენ შერჩეული და სკოლაში დასაქმებული 50 პედაგოგიდან მხოლოდ ერთ მათგანს ჰქონდა სქემით (მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ავტ.) გათვალისწინებული, მენტორის, სტატუსი.
სკოლას ასეთი რეკომენდაცია აქამდე არ მიუღია, ხოლო რაც შეეხება იმ დროისთვის ახალი კადრის აყვანის პრინციპს, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოქმის მიხედვით ირკვევა, 2016 წელს, როცა სკოლას 6 წლის ვადით მიენიჭა ავტორიზაცია, სკოლას მასწავლებელთა ალტერნატიული სქემა შეთანხმებული ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სკოლის წარმომადგენლის, მარინა ჯაფარიძის განმარტებით, მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმები საკმაოდ მკაცრი იყო – მასწავლებელი გაკვეთილზე შესვლამდე გადიოდა მოსამზადებელ კურსს და მათი ალტერნატიული სქემის მიხედვით, მასწავლებლის სტატუსი, რომელსაც სკოლა სამუშაოდ იყვანდა, შეესაბამებოდა და უტოლდებოდა მენტორი მასწავლებლის სტატუსს, მათ შორის, მასწავლებელთა ნაწილი კი, დოქტორის ხარისხის მქონეც იყო.
ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიას 2022 წლის 4 მაისიდან ავტორიზაცია კვლავ 6 წლით მიენიჭა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ალტერნატიული სქემის არსებობას აღარ ითვალისწინებს და, შესაბამისად, სკოლის დირექტორს, რომელიც, მოქმედი შინაგანაწესის მიხედვით, ერთპიროვნულად წყვეტდა, ვინ აეყვანა სამუშაოზე, ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, 2022-2023 წლის სასწავლო წლისთვის მხოლოდ სტატუსიანი მასწავლებლების დასაქმება მოუწევს.
ასევე იხილეთ:
რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ