რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის, ნატოში გაწევრიანება არჩიეს.
თუმცა ერთი პრობლემაა – ალიანსის ერთ-ერთი უდიდესი არმიის მქონე ქვეყანა, თურქეთი, რომელიც თავის დროზე ნატოს საბჭოთა საფრთხის გამო შეუერთდა, ახლა თავად ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის კავშირში გაწევრიანებას.
ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა განაპირობებს თურქეთის პოზიციას და რას უნდა ველოდოთ შექმნილი ვითარებიდან.
ერდოღანის მკაცრი რიტორიკა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 16 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღებას.
მისივე განცხადებით, არც შვედი და ფინელი დიპლომატები უნდა შეწუხდნენ თურქეთში ვიზიტით და მცდელობით, რომ ანკარა გადაარწმუნონ.
„ბოდიში, მაგრამ უმჯობესია, რომ საკუთარი თავი არ დაიღალონ თურქეთში ვიზიტით“, – განაცხადა ერდოღანმა შვედი და ფინელი საგარეო საქმეთა მინისტრების ანკარაში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთს არ შეუძლია ენდოს ამ ორ ქვეყანას, რადგან ისინი “ტერორისტებს მფარველობენ” და მეტიც, ტერორისტები პარლამენტშიც კი ჰყავთ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც ორი ქვეყნის წარმომადგენლების თურქეთში ვიზიტს შეეხებოდა, ეწერა, რომ ანკარაში საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდოდნენ, თუმცა მოგვიანებით, სამინისტრომ ტექსტი „შეასწორა“ და განაცხადა, რომ ვიზიტში მაღალი რანგის დიპლომატები მიიღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც თავის კოლეგებს შეხდებოდნენ.
ნატოში ახალი წევრების მიღებისთვის საჭიროა კონსენსუსი ალიანსის ყველა წევრს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი წევრის მიღება ვერ მოხერხდება.
შესაბამისად, თუ თურქეთი საკუთარ პოზიციას არ შეიცვლის, ფინეთი და შვედეთი ალიანსის ოფიციალური წევრები ვერ გახდებიან.
ტერორიზმის ბრალდება
თურქეთის ოფიციალური პირების თანახმად, შვედეთი და ფინეთი იმ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევა, მათ შორის ქურთისტანის (ქურთეთის) მუშათა პარტიასა (PKK) და ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული ორგანიზაციები თუ ცალკეული პირები.
ერდოღანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ამ ორ ქვეყანას ალიანსში მიიღებენ, ნატო გახდება „ადგილი, სადაც ტერორისტული ორგანიზაციები მოიყრიან თავს“.
შვედეთსა და ფინეთში ათასობით ქურთი ცხოვრობს, ასევე ამ ქვეყნებში თავშესაფარი მიიღეს იმ თურქებმა, რომლებსაც სამშობლოში გიულენის მხარდაჭერა ედებოდათ ბრალად.
ქურთისტანის (ქურთეთის) მუშათა პარტია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად უკვე ათწლეულებია მიიჩნევა, რომელიც ქურთი ხალხის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.
ანკარას თანახმად, PKK-სთან დაკავშირებულია სხვა არაერთი ქურთული ორგანიზაციაც, რასაც, ზოგ შემთხვევაში არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ნაწილი, რომელთა თანახმადაც, ხელისუფლება ამ ბრალდებას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განეიტრალების მიზნით იყენებს.
PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად ევროპის არაერთ ქვეყანაშიც აღიარებენ. რაც შეეხება ფეთჰულაჰ გიულენს, რომელიც აშშ-ში მცხოვრები თურქი პოლიტიკური და სულიერი ლიდერია, მის წინააღმდეგ ბრძოლა თურქეთში 2016 წელს, ჩაშლილი გადატრიალების შემდეგ დაიწყო.
თურქეთის ხელისუფლების თანახმად, გიულენის მომხრეებმა სცადეს ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების გზით შეეცვალათ.
16 მაისს თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელმა „TRT haber-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთს 33 პირის ექსტრადიციაზე განუცხადა უარი, რომელთა გადაცემასაც თურქეთი ითხოვდა.
თურქეთის თანახმად, ეს პირები ქურთულ და გიულენისტურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულნი.
სამხედრო ემბარგო
ერდოღანის განცხადებით, კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომაც არ დაუჭერს მისი ქვეყანა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, არის მათ მიერ თურქეთისთვის წარსულში დაწესებული სამხედრო ემბარგო.
შვედეთმა და ფინეთმა, სხვა ევროპული, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად, თურქეთს 2019 წელს, სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო, სამხედრო ემბარგო დაუწესეს.
საფრანგეთი, აშშ, კანადა, ჩეხეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, ესპანეთი, გერმანია, შვედეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები მაშინ იმედოვნებდნენ, რომ თურქეთი სირიის ჩრდილოეთში წამოწყებულ სამხედრო ოპერაციას შეწყვეტდა.
მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაწესებულმა ემბარგომ ვერ დააზიანა თურქული შეიარაღება, ან იარაღის წარმოება და რომ დასავლელი მომწოდებლები არადასავლელი მომწოდებლებით ჩანაცვლდებოდნენ.
თურქული ძალები ჩრდილოეთ სირიაში – 2019
თურქეთის სირიაში შეჭრა დაგმო ევროკავშირმაც, რომლის თანახმადაც, ანკარას მოქმედებები ძირს უთხრიდა რეგიონში სტაბილურობას და იწვევდა კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.
ოპერაციას თურქეთში „მშვიდობის წყარო“ უწოდეს. ოპერაციის ოფიციალური მიზანი PKK-ს ტერორისტული ჯგუფების განეიტრალება იყო, რა დროსაც თურქეთმა აშშ-ის მოკავშირე ქურთების პოზიციებს შეუტია.
საბოლოოდ, მოვლენები ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების, შემდეგ კი რუსეთის შუამავლობით, ქურთებსა და თურქეთს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.
ოპერაციის შედეგად, თურქეთმა სირიაში ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე კონტროლის ზონის შექმნა შეძლო.
რას უნდა ველოდოთ
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, შოთა კაკაბაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ თურქეთი შექმნილ ვითარებაში ცდილობს ივაჭროს და ფინეთიდან და შვედეთიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
„ფინეთსა და შვედეთს განსაკუთრებული მიდგომა აქვთ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
ეს მათთვის განსაკუთრებულად მგრძნობიარე საკითხია, ამიტომ, ბუნებრივია, თურქეთი ცდილობს სარგებელი მონახოს ამ პროცესში, სარგებლის მიღების მიზნით გამოივაჭროს, რაც, შესაძლოა, იყოს მაგალითად იმ პირების ექსტრადიცია, რომლებიც ფინეთსა და შვედეთში ემიგრაციაში იმყოფებიან, თუმცა თურქეთში დამნაშავეებად მიიჩნევიან, ასევე, ის, რომ დახმარება შეუწყდეთ ამ ორგანიზაციებს“, – აცხადებს შოთა კაკაბაძე.
მისივე განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს შესთავაზოს ისეთი რამ, რის სანაცვლოდაც ანკარა საკუთარ პოზიციებს დათმობს.
„ამას დაემატება ისიც, რომ თურქეთი ერთადერთია, რომელიც წინააღმდეგია ამ ქვეყნების მიღების, ამიტომ, სავარაუდოდ ისეთი ზეწოლა იქნება, რომ თურქეთს მოუწევს საკუთარი პოზიციების დათმობა. ბუნებრივია რაღაცის სანაცვლოდ, მაგრამ არ მგონია, რომ შვედეთმა და ფინეთმა ის პრინციპები დათმონ, რომლებზეც ეს ქვეყნები და მათი საგარეო პოლიტიკა დგას ამდენი წელია“, – აცხადებს კაკაბაძე.
თურქეთის მკვლევარი სანდრო ბაკურაძე მიიჩნევს, რომ ანკარის პოზიცია ასევე შიდა აუდიტორიაზე გათვლილი ქცევაა, რათა ხელისუფლებამ ამომრჩეველს აჩვენოს, რომ თურქეთი კვლავ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობებში.
მისივე თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, იმ დროს როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლებას სჭირდება ერთგვარი დახმარება, რომელიც მას მხოლოდ დასავლეთის მხრიდან შეუძლია მიიღოს, რაც შეიძლება იყოს დასავლური სესხები/გრანტები თურქეთის ეკონომიკაში, არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარება და სირიელი ქურთების წინააღმდეგ ახალი, მცირემასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წამოწყება.
ბაკურაძე აცხადებს, რომ ერდოღანს გაუჭირდება საკუთარი ინტერესების მიღწევა, თუმცა ნებისმიერ შედეგს ადგილობრივი აუდიტორიისთვის წარმატებად წარმოაჩენს.
ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის სტატია: