ახალი ამბები

ექსკურსიის პედაგოგიური მხარე – სამი ნაბიჯი, რომელიც ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვის საწინდარია

ექსკურსიის პედაგოგიური მხარე – სამი ნაბიჯი, რომელიც ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვის საწინდარია

ნათია ჭუმბურიძე, დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.

ექსკურსია – ჯგუფური გამგზავრებაა, რაიმეს დასათვალიერებლად, სასწავლო-საგანმანათლებლო ან გართობის მიზნით. ყოველგვარი ექსკურსია სწავლების ელემენტებს შეიცავს, ამიტომ ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც პედაგოგიური პროცესი.

როგორც ყოველგვარ პედაგოგიურ პროცესში, ექსკურსიაშიც მონაწილეობს ორი მხარე: ის ვინც ცოდნას გადასცემს (ასწავლის) – ექსკურსიამძღოლი – და ის, ვინც ცოდნას იღებს (სწავლობს) – ექსკურსანტი/მოსწავლე.

საექსკურსიო მეთოდიკის თანახმად, ექსკურსიამძღოლი გადასცემს ექსკურსიის მონაწილეებს განსაზღვრულ ცოდნას, რომლის მიღებითაც ექსკურსანტები არიან დაინტერესებული. ამ ორი მხარის ურთიერთქმედება წარმოადგენს სწორედ პედაგოგიურ პროცესს.

პედაგოგიური პროცესი ექსკურსიაში ცოდნის გადაცემით არ ამოიწურება – ის აღმზრდელობით ელემენტსაც შეიცავს. ნებისმიერ ექსკურსიაში ვიპოვით ასეთ ელემენტს. პედაგოგიკის მოთხოვნების გათვალისწინება ექსკურსიაში, განსაკუთრებით – სასკოლოში, ხელს უწყობს ექსკურსიის ხარისხის ამაღლებას, მის სრულყოფას.

პედაგოგიური პროცესის ეფექტურობა დამოკიდებულია ორივე მხარის აქტიურ ჩართულობაზე. კარგად, გააზრებულად ჩატარებულ ექსკურსიას შეუძლია ბიძგი მისცეს აზროვნების გააქტიურებას, გარე სამყაროს უკეთ გაცნობას. (ბოჭორიშვილი,მ. http://mastsavlebeli.ge/?p=2278).

ცნობილია, რომ სასკოლო ექსკურსია მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში. ის, რასაც წიგნებში ვკითხულობთ, ხშირად სხვადასხვაგვარად აღიქმება. უშუალოდ მონახულება და ადგილზე გაცნობა კი კულტურული ძეგლისა თუ ღირსშესანიშნაობის შესახებ არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის მკვიდრ წარმოდგენად გარდაქმნასა და ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვას უწყობს ხელს.

„ექსკურსია სამი ნაბიჯი“ ექსკურსიის დაგეგმვის ეფექტური მეთოდია და მას სასწავლო პროექტად აქცევს:

თავდაპირველად, გააცანით მოსწავლეებს ექსკურსიის მარშრუტი. აუხსენით, რატომ არის მნიშვნელოვანი არჩეული ძეგლი, რით არის ცნობილი, რა გამოარჩევს მას… საინტერესო იქნება ლეგენდებისა და თქმულებების მოძიება-გაცნობა.

შემდეგი ნაბიჯი მოიცავს ძეგლის მონახულებას. ადგილზე მსჯელობას, თეორიულად უკვე განხილულ საკითხებზე. შესაძლოა, მოსწავლეებს წინასწარ მივცეთ დავალება, რას დააკვირდნენ, რაზე გაამახვილონ ყურადღება, რა აღმოაჩინონ…

ბოლო ნაბიჯია, ექსკურსიის შემდეგ რეფლექსია. წერილობითი თუ ზეპირი ფორმით მსჯელობა ნანახის შესახებ. მათი ემოციებისა და განწყობების გაზიარება. ამისათვის კარგია დავალების ბარათების შევსება:

დაასრულე წინადადება:

ჩვენ მოვინახულეთ…
განსაკუთრებით საინტერესო იყო…
დავფიქრდი…
მომეწონა…
უცნაური იყო…
არ მომეწონა…
ვერ წარმოვიდგენდი თუ…
აღმოვაჩინე რომ…
მაინტერესებს…

მნიშვნელოვანია წარმოდგენილი გეგმის თქვენი კლასის საჭიროებებზე მორგება.

წელს, ჩემი მოსწავლეები, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში უნდა წამეყვანა.
ექსკურსიამდე, გავიხსენეთ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, ვნახეთ ელექტრონული რესურსები, სადაც წარმოდგენილი იყო სახლ-მუზეუმის ფოტოები. წავიკითხეთ, იაკობის მოთხრობები, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით გავინაწილეთ და შევქმენით კომიქსები. ნაშრომების პრეზენტაცია გავმართეთ კლასში.

ასევე, ვიმსჯელეთ თითოეული მოთხრობის მთავარ აზრზე.

შემდეგი ნაბიჯი იყო ექსკურსია. მოსწავლეებმა მოინახულეს ვარიანში, იაკობის სახლი. ნახეს მისი ნივთები, ოთახი, სადაც სკოლა ფუნქციონირებდა… დრო და დრო ისმოდა ჩურჩული:

– „როგორც ფოტოში იყო ზუსტად ისეთია…“
– „აი, ის მერხები, მასწავლებელმა რომ გვაჩვენა…“

ექსკურსიის შემდეგ, სკოლაში დავწერეთ, დავხატეთ და ვისაუბრეთ ნანახის შესახებ.
მოსწავლეებმა წერილობით უპასუხეს კითხვებს:

1. სად ვიყავი?
2. რა ვნახეთ/მოვინახულეთ?
3. რა მომეწონა ყველაზე მეტად?

აღნიშნული მეთოდით მოწყობილი ექსკურსია მოსწავლეებისათვის უფრო შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი იყო. აუმაღლდათ სასწავლო განწყობა და მოტივაცია… თეორიულად ნასწავლის, საკუთარი თვალით ნახვა ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვას შეუწყობს ხელს.

ასევე იხილეთ:

ასჯერ გაზომეთ და ერთხელ წადით, ოღონდ არა ღამისთევით – რას ნახავენ მოსწავლეები იმერეთიდან 150 კილომეტრში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.