კსუ-მ და მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრმა მემორანდუმი გააფორმეს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მოაწერეს, სიტყვით გამოსვლისას კი მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან პუნქტებზე ისაუბრეს.
დოკუმენტის მიხედვით, განათლების ცენტრში შემავალი სკოლების კურსდამთავრებული აბიტურიენტები CIU-ში 40%-იანი შიდა დაფინანსებით ისწავლიან.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს განათლების ცენტრი საქართველოს მასშტაბით 45 სკოლას აერთიანებს, ეს კი საუნივერსიტეტო და სასკოლო სექტორის მსგავსი მასშტაბური თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.
მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა აღნიშნული სკოლების მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებისა და სასკოლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელება, ხოლო სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგკურსი სასკოლო განათლების მენეჯმენტში.
ღონისძიებაზე განხორციელებული პროექტები წარმოადგინეს CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით გვეტაძემ, CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარინე უგულავამ, განათლების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, ნატალია კოპალეიშვილმა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა CIU-ს რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი, დასასრულს კი ტრენინგკურსში მონაწილე დირექტორები და მასწავლებლები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.