ახალი ამბები

ილიაუნის დოქტორანტის პირველავტორობით მაღალრეიტინგულ ჟურნალში “ASTROPHYSICAL JOURNAL” სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა

ილიაუნის დოქტორანტის პირველავტორობით მაღალრეიტინგულ ჟურნალში “ASTROPHYSICAL JOURNAL” სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ლემან ჰაუპტის საერთაშორის სკოლის დოქტორანტმა სალომე მჭედლიძემ კოსმოლოგიასა და გრავიტაციის ჯგუფის პროფესორების აქსელ ბრანდენბურგისა და თინათინ კახნიაშვილის ხელმძღვანელობით კოლეგებთან ერთად მაღალრეიტინგულ ჟურნალში “Astrophysical Journal” გამოაქვეყნა სტატია “Evoluton of Primordial Magnetic Fields during Large Scale Structure Formation”, Mtchedlidze, S; Dominguez-Fernandez, P; Du, X; Brandenburg, A; Kahniashvili, T, et al. doi: 10.3847/1538-4357/ac5960 929, 127 (2022).

სტატია ეხება დიდმასშტაბიანი მაგნიტური ველების კვლევას კოსმოლოგიური სიმულაციების მეშვეობით. დიდმასშტაბიანი მაგნიტური ველები მოიაზრებს იმ მაგნიტურ ველებს, რომელთაც აკვირდებიან გალაქტიკებისა და გალაქტიკური კლასტერების მასშტაბებზე, ე.ი. გაცილებით დიდ მასშტაბებზე, ვიდრე ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის, (ასევე მაგნეტიზებული) მზის, მასშტაბია.

ამ მაგნიტური ველების წარმოშობის საკითხი დღემდე გადაუჭრელია. ბოლოდროინდელმა დაკვირვებებმა აჩვენა ისიც, რომ მაგნიტური ველები შეიძლება არსებობდეს კოსმოსურ სიცარიელეშიც, ე.ი., მატერიის არარსებობის პირობებში. ასეთმა დაკვირვებებმა განამტკიცა მანამდე არსებული ჰიპოთეზა მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ, კერძოდ, რომ მაგნიტური ველები შეიძლება წარმოშობილიყო ადრეულ სამყაროში* მიმდინარე პროცესების შედეგად, მსგავსად კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონისა (CMB). ადრეულ სამყაროში დაგენერირებულ მაგნიტურ ველებს პირველად მაგნიტურ ველებსაც ეძახიან (primordial magnetic fields). სწორედ ისინი შეისწავლეს ავტორებმა ზემოაღნიშნულ შრომაში.

პირველადი მაგნიტური ველების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან მათი მეშვეობით შეგვიძლია სამყაროს ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე „შევიხედოთ“. მაგალითად, პირველად მაგნიტურ ველებს ხშირად განიხილავენ როგორც გრავიტაციული ტალღების წყაროს, ან/და სამყაროს რეიონიზაციის (ხელახლა იონიზაციის) ეპოქის დამაჩქარებელ ფაქტორს. დაკვირვებადი დიდმასშტაბიანი მაგნიტური ველების წარმოშობის ისტორიის აღსადგენად საჭიროა მაგნიტური ველების ევოლუციის შესწავლა. აღნიშნულ სტატიაში ეს საკითხი შესწავლილია რიცხვითი მოდელირების საშუალებით და ნაჩვენებია, რომ სამყაროს დიდ მასშტაბებზე შენარჩუნებული იქნება ინფორმაცია პირველადი მაგნიტური ველების განაწილების შესახებ და მომავალ დაკვირვებათა მეშვეობით (მაგ. Square Kilometre Array; SKA) შესაძლებელი იქნება მათი გენერაციის მექანიზმების დაზუსტება. გენერაციის მექანიზმების დადგენა კი, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, გავიგოთ, რა წვლილი შეიტანა მაგნიტურმა ველებმა დღევანდელი დიდმასშტაბიანი სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.