ახალი ამბები

ირინე ჟვანია: ტესტური დავალება, რომელიც შეამოწმებს პედაგოგის კვლევასთან დაკავშირებულ კომპეტენციას, არ გასცდება სტანდარტის მოთხოვნებს

ირინე ჟვანია: ტესტური დავალება, რომელიც შეამოწმებს პედაგოგის კვლევასთან დაკავშირებულ კომპეტენციას, არ გასცდება სტანდარტის მოთხოვნებს

წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ტარდება 12 500-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. ტესტის ნიმუშიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ღია დავალება, რომელსაც გამოცდის მონაწილეები შეასრულებენ კვლევას უკავშირდება და 8 ქულიანია. მასწავლებელთა ნაწილმა ჩათვალა, რომ გამოცდაზე კვლევის დაწერა მოუწევდათ.

საკითხის დაზუსტების მიზნით, EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს, ირინე ჟვანიას მიმართა, რომელიც წამყვანისა და მენტორის გამოცდას ამზადებს და როგორც 1-ელ ივლისს მიღებულ პასუხში ვკითხულობთ, ეს კონკრეტული დავალება განათლების მინისტრის ბრძანების შესაბამისია.

“კვლევასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა და კვლევითი უნარების ფლობა გათვალისწინებულია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში (წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV). შესაბამისად, ტესტური დავალება, რომელიც შეამოწმებს კვლევასთან დაკავშირებულ კომპეტენციას, არ გასცდება სტანდარტის მოთხოვნებს. გარდა ამისა, ტესტური დავალების პასუხის მოცულობა იქნება გამოცდისათვის გამოყოფილი სამუშაო დროის შესაბამისი”, – განმარტავს ირინე ჟვანია.

ფუნქციური წერა – 5 პირობა გამოცდაზე გამსვლელ მასწავლებლებს დავალების წარმატებით შესრულებისთვის

EDU.ARIS.GE ესაუბრა ზემოაღნიშნული გამოცდის პრეტესტზე გასულ პედაგოგსაც, რომელსაც ვკითხეთ, როგორ იყო მოწოდებული კვლევასთან დაკავშირებული დავალება მის მიერ შესრულებულ ტესტში და როგორც ის განმარტავს, ამ გამოცდის მონაწილეებს მაგალითად მოცემული კვლევის ანალიზი ექნებათ გასაკეთებელი და კვლევის დაწერა არ მოუწევთ: “სხვისი დაწერილი კვლევის ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა წარმოვაჩინოთ არგუმენტირებულად. მიცემულია მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვლევა და შენ უნდა იპოვო მასში ორი დადებითი მხარე და ორი შეცდომა. ასევე, მასწავლებელს, ამ შეცდომების გამოსასწორებელი რეკომენდაცია უნდა მისცე”.

კვლევის შესახებ ტესტში მოყვანილი დავალების მაგალითი გამოცდების ცენტრისგან:

ერთ-ერთი საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებელს, რომელიც სკოლაში
ხარისხის მართვის ჯგუფის წევრად აირჩიეს, დაავალა სასკოლო გარემოს შეფასება. მან ამ
მიზნით დაგეგმა და ჩაატარა კვლევა, შეადგინა კითხვარი, რომლის გამოყენებითაც იკვლევდა
მოსწავლეების დამოკიდებულებას მასწავლებლების მიმართ.

კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები მასწავლებელთა უმრავლესობას პოზიტიურად
აფასებენ, მოსწონთ მათი დამოკიდებულება როგორც მოსწავლეების, ასევე ერთმანეთისა და
მშობლებისადმი. ამასთან, მიაჩნიათ, რომ მათი ჩატარებული გაკვეთილები საინტერესოა.

თუმცა, იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ნეგატიურად აფასებდნენ რამდენიმე მასწავლებლის
როგორც კლასის მართვის სტილს, ასევე მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს.
მასწავლებელმა კვლევა დაასრულა და საბოლოო შედეგები დაამუშავა, შეადგინა
გრაფიკები, სადაც ნათლად ჩანდა თითოეული მასწავლებლის სუსტი და ძლიერი მხარეები.
ასევე, მან ცხრილის სახით წარმოადგინა, თუ როგორ აფასებდა თითოეული მოსწავლე
კონკრეტულ მასწავლებელს. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე მკვლევარმა
მასწავლებელმა თითოეული კოლეგისათვის შეიმუშავა რეკომენდაცია.

მასწავლებელმა კვლევის პრეზენტაცია წარადგინა დირექტორის მიერ მოწვეულ
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სკოლის ყველა პედაგოგი ესწრებოდა.

გააანალიზეთ სიტუაცია შემდეგი მითითებების მიხედვით:

  • აღმოაჩინეთ მკვლევარი მასწავლებლის მიერ დაშვებული ორი შეცდომა;
  • განმარტეთ, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს თითოეულ მათგანს.
  • შეიმუშავეთ მკვლევარი მასწავლებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციები,
    რომლებშიც მითითებული იქნება თითოეული ხარვეზის აღმოფხვრის გზა.

მოქმედი მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას, რომლის საფუძველზეც შეუძლიათ სტატუსი აიმაღლონ და სხვა სავალდებულო აქტივობების შესრულების შემდეგ ანაზღაურება გაეზარდოთ, 2022 წლის ზაფხულის გამოცდებზე პირველად აბარებენ. გამოცდა არ არის სავალდებულო და მას სტატუსის ამაღლების მსურველები აბარებენ.

ამავე თემაზე:

გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის

ვალდებულებები რაც უნდა შეასრულოს წამყვანმდა და მენტორმა მასწავლებელმა და ფლობდნენ ასევე შესაბამის კომპეტენციებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის საგამოცდო ლიტერატურა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.