ახალი ამბები

„უნდა მისცეთ უფლება, გადაწყვიტონ რა სურთ თავად“ – მეი მასკი წარმატებული შვილების აღზრდაზე

მეი მასკი ყოფილი სუპერმოდელი, წარმატებული დიეტოლოგი და მსოფლიოში ერთ-ერთი გაყიდვადი ბიოგრაფიული წიგნის ავტორია, თუმცა მისი მთავარი სტატუსი ილონ მასკის დედობაა. ტესლასა და სფეის იქსის შემქმნელის, ილონ მასკის დედას კიდევ 2 ცნობილი შვილი ჰყავს და მუდმივად ისმენს კითხვებს იმის შესახებ თუ როგორ შეძლო 3 წარმატებული შვილის აღზრდა. მეის საკუთარი ბლოგი აქვს და ხშირად აქვეყნებს წერილებს, რომელშიც მკითხველს გამოცდილებებს უზიარებს. გთავაზობთ მეი მასკის წერილს იმ მშობლებისთვის, რომლებსაც წარმატებული ბავშვების აღზრდა სურთ:

ჩემი უფროსი შვილი, ილონი, გარემოს გადასარჩენად ელექტრო მანქანებს ამზადებს და რაკეტებს უშვებს. ჩემმა შუათანა შვილმა, კიმბალმა, რესტორნების ბიზნესი დაიწყო და ახლა უკვე ბავშვებს ასწავლის ხილისა და ბოსტნეულის ბაღების აშენებას სკოლებში. ტოსკა ჩემი უმცროსი შვილი, აწარმოებს ფილმებს საკუთარი კომპანიის მეშვეობით.

ხშირად მეკითხებიან, როგორ გავზარდე ასეთი წარმატებული ბავშვები. მე მათ ვეუბნები, ეს გავაკეთე იმით, რომ ვასწავლიდი შრომისმოყვარეობას და ვაძლევდი უფლებას მიჰყოლოდნენ თავიანთ ინტერესს.

31 წლის ვიყავი, როცა სამი შვილით მარტოხელა დედა გავხდი. არასოდეს მიგრძვნია დამნაშავედ თავი სრულ განაკვეთზე მუშაობის გამო, რადგან არჩევანი არ მქონდა. ჩემს შვილებზე ზრუნვა იყო მთავარი პრიორიტეტი. ბევრს ვშრომობდი, რომ თავზე ჭერი გვქონოდა, გვქონოდა საჭმელი და მეორადი ტანსაცმელი.

შვილები ისე გავზარდე, როგორც მშობლები გვზრდიდნენ მე და ჩემს დას. ვასწავლიდი შრომისმოყვარეობისა და კარგი საქმეების კეთების მნიშვნელობას, ჩვილი ბავშვებივით არ ვეპყრობოდი და არც ვსაყვედურობდი. არასდროს მითქვამს, რა უნდა ისწავლონ. მე არ ვამოწმებდი მათ საშინაო დავალებებს – ეს მათი პასუხისმგებლობა იყო.

კოლეჯში რომ წავიდნენ, საკმაოდ ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ: ლეიბი იატაკზე, დანგრეული სახლი, მაგრამ ისინი კარგად გრძნობდნენ თავს. თუ თქვენი შვილები არ არიან მიჩვეული ფუფუნებას, ისინი ნებისმიერ პირობებს მიიღებენ. თქვენ არ გჭირდებათ მათი გაფუჭება. როგორც კი დარწმუნდებით, რომ თქვენი შვილები უსაფრთხო სიტუაციებში არიან, მიეცით საშუალება, მიხედონ საკუთარ თავს.

მშობელი ადვილად განიცდის სტრესს შვილების გამო. მე ხშირად ვხედავდი ამას ჩემს პრაქტიკაში, როგორც დიეტოლოგი. მამას და დედას სტრესი ჭამს, უამრავი ფორმა უნდა შეავსონ, რომ მათი შვილები კარგ სკოლაში ან უნივერსიტეტში მოხვდნენ.

თუ გაინტერესებთ ჩემი რჩევა, ნება მიეცით თქვენს შვილებს თავად შეავსონ საკუთარი დოკუმენტები, რათა დამოუკიდებლად მოხვდნენ უნივერსიტეტებში ან ჰქონდეთ სამსახური. ისინი პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ თავიანთ მომავალზე. თუ ამჯობინებენ ბიზნესის დაწყებას და ფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეაა, მხარი დაუჭირეთ მათ.

თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ შვილებს კარგი მანერები, მაგრამ უნდა მისცეთ უფლება, გადაწყვიტონ რა სურთ თავად.

ასევე იხილეთ:

5 ქართული მითი ბავშვის აღზრდის შესახებ და რეალობა

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.