სერგეი მესხი – „პირველი ქართული შკოლა“

ეროვნულ ბიბლიოთეკაში შექმნილი ციფრული ბიბლიოთეკის კოლექცია, მათ შორის აერთიანებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრების შრომებსა და მათზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს.

EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ მწერლის, პუბლიცისტის და ჟურნალისტის სერგეი მესხის (1845-1883) წერილს – „პირველი ქართული შკოლა“, სადაც ის პირველი ქართული სკოლის გახსნაზე წერს. საუბრობს მაშინდელი ახალგაზრდობის განათლებისა და ცხოვრების წესის, მათდამი საზოგადოების არასწორი დამოკიდებულებების შესახებ და რაოდენ გასაკვირი და ამავე დროს სამწუხაროც არ უნდა იყოს, წერილის არაერთი პასაჟი დღევანდელობას სრულიად ესადაგება.

ჩვენი განათლებული ახალგაზდობის განკიცხვა და გინება მოდათ შემოვიდა ჩვენში. ყველა და ყველგან ამ ახალგაზდობას ჰკიცხავს; ყველა უბედურებას იმას აბრალებენ. ჩვენი უმეცრება, სიღარიბე, ზნეობითი სისუსტე, სიზარმაცე, ცრუმორწმუნოება, ერთის სიტყვით ყველა ნაკლულევანება. რაც ჩვენს მაღალ და მდაბიო ხალხსა აქვს, ყველა ესრედწოდებულის განათლებულ ახალგაზდობის ბრალი არისო!

არასოდეს არ ვყოფილვართ ჩვენ ჩვენი ახალგაზრდობის მოსარჩლე; სხვებზე უფრო ხშირად ჩვენ გაგვიკიცხავს ამ ახალგაზდების გულ-გრილობა საზოგადო საქმეებისადმი, იმათგან სდევნა კერძო თავ-მოყვარეობისა და სარგებლობისა, დავიწყება მამულის-შვილობისა და სხვ. და სხვ. მართალია, მომეტებული ნაწილი ამ ახალგაზდობისა არ გამოდგა ისეთი, როგორც ქვეყანა მოელოდა, როგორიც უნდა გამოსულიყვნენ.

მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავის გასამართლებელი გარემოებაც აქვს ამ ჩვენ ახალგაზდობას. რას ეტყვის ჩვენი საზოგადოება იმას პასუხად, რომ მოუბრუნდეს და ჰკითხოს: რა მოგიცია, რასა მთხოვო?

მართლა, რა მიუცია თავის მომავალ შვილებისათვის ჩვენს საზოგადოებას? (მე ვამბობ აქ თავად-აზნაურობაზედ, რადგან გლეხებიდგან ჩვენს ქვეყანაში თითქმის სრულიად არ მოიპოება განათლებული ახალგაზდები.)

როგორი აღზრდა, როგორი განათლება მიგვიცია ჩვენი შვილებისათვის? და სწავლის შესრულების შემდეგ რა ცხოვრების მორევში ჩაგვიყენებია, როგორი საზოგადოებით ყოფილა გარ-შემორტყმული? ვინ ამხნევებდა, რა მაგალითები მიუძღოდა იმას წინ, როდესაც პირველად შესდგა ცხოვრებაში ფეხი?

ამ კითხვების პასუხს უჩემოთაც ყველა ადვილად იტყვი.

უჩემოთაც ყველამ კარგათ იცის, რომ თავიდამვე ჩვენი ახალგაზდობის აღზრდა და განათლების საქმე უკუღმართად მიდის, ისე მიდის, თითქო ყველას განგებ უნდა, რომ ნორჩს ყმაწვილში თავიდამვე მოკლან და გააქარვონ. ყოველივე კეთილშობილური გრძნობა, სამშობლოს სიყვარული, საზოგადო სარგებლობისათვის კერძო ინტერესების დავიწყება, გმირობა დამოუკიდებლობის სიყვარული, თავის ხალხის თავის ენისა და ლიტერატურის თანაგრძნობა და სხვ.

უჩემოთაც ყველამ კარგათ იცის, რომ მომეტებული ნაწილი ჩვენი ახალგაზდებისა, გიმნაზიაში კურსის შესრულების შემდეგ, თითქმის დედმამის უნებურად წასულან უპაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესასრულებლად. ყველამ იცის, თუ რა გაჭირებას და ვაი-ვაგლახს ივლიან იქ ლუკმა პურის უქონლობისაგან, ისეთი ყმაწვილები, რომელთა მშობლებსაც ქაღალდში წასაგებად და სხვა ამგვარ ხარჯისათვის თვეში ათი და ოცი თუმანი არასოდეს არ გამოელევაო.

უჩემოთაც ყველამ იცის—თუ უმაღლესი სწავლის შესრულების შემდეგ, როცა თავის ქვეყანაში ბრუნდება ჩვენი ახალგაზდა, რა მოწინავე საზოგადოება ხვდება იმას აქ, როგორ, უყურებს ეს საზოგადოება, რას მოსთხოვენ ხოლმე, როგორ ჩასჩურჩულებენ ყოველის მხრიდამ: „გამდიდრდი! გამდიდრდი! რათაც უნდა დაგიჯდეს, გამდიდრდი!“ და სხვ.

და ვინ არ იტყვის, რომ ყველა ეს გარემოება „შესაწყნარებელი გარემოებაა“ ჩვენი ახალგაზდობისათვის. როდესაც მთელი საზოგადოება ამისთანაა, როდესაც ნორჩს ყმაწვილს თავიდამვე ამისთანა აღზრდასა და სწავლას აძლევენ და სწავლის შემდეგაც ამისთანა ხალხი ახვევია გარშემო, რა გასამტყუენებელია, მართალი რომ ვსთქვათ, ის ახალგაზდა, რომელიც ერთ-ორ გაკვრით შეთვისებულ პრინციპს დაივიწყებს და დაადგება იმავე გზას, რა გზასაც ყველა „სხვები“ ადგანან?!

ვიმეორებ, მე სრულიად არ ვამართლებ ჩვენს ახალგაზდობას. რასაკვირველია, იმას მომეტებულის გაკეთება შეეძლო ჩვენს ქვეყანაში, ვინემც გააკეთა. იმას (ახალგაზრდობას) შეეძლო უფრო მომეტებული კვალი დაემჩნია ჩვენს საზოგადო ცხოვრებაში, ვინემც დაამჩნია მე არ ვამართლებ იმას, ვამბობ მხოლოთ, რომ საზოგადოებას, რომელსაც მის ფერს არა მიუნიჭებია რა, არცა აქვს მაინც და მაინც უფლება, რომ ბევრი რამ მოსთხოვოს.

ამ საგანზე ლაპარაკი ჩვენ ახალი ქართული შკოლის გახსნის გამოისობით დავიწყეთ, რადგან დიდი კავშირია ამ ორ საგანს შუა.

ადრე, ჩვენი შვილების სწავლა და აღზრდა უთაურად, უხეიროდ მიდიოდა. ახლა იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე ათი ყმაწვილი მაინც, ზემოხსენებული შკოლის წყალობით, სწორეთ ისეთს პირველ-დაწყებით სწავლას მიიღებს, როგორსაც ნამდვილი პედაგოგია მოითხოვს.

ყველაზე პირველად ის მაინც იქნება, რომ ქართველი ყმაწვილები თავის გასაგებ ენაზე დაიწყებენ სწავლას. სხვა არა იყოს რა, ეცოდინებათ მაინც, თუ რას ეუბნება იმათ მასწავლებელი, რაზედ ელაპარაკება და რა საგანს უხსნის. დიდი ბედნიერებაა.

მეორე ეს, რომ ამ შკოლის ყმაწვილებს ყველაფერი, რაც კი საჭიროა სწავლისათვის, მზად და უნაკლულოდ ექნებათ. ექნებათ სადგომი, საჭმელ-სასმელი, წიგნები და სხვ. და თუ მოიგონებთ, თუ რამდენი ნიჭიერი ყმაწვილი ფუჭდება და აკლდება სწავლას ამ აუცილებელ საგნების უქონლობისაგან, დამეთანხმებით, რომ ეს დიდი ბედნიერებაა.

მაგრამ ყველაზე უფრო ჩვენ იმიტომ გვიხარიან ამ შკოლის გახსნა, რომ იმედი გვაქვს, იმაში ისადგურებს ნამდვილი ქართული სული, ქართული ხასიათი. იქ არ დაავიწყდებათ ყმაწვილებს, რომ ისინი საქართველოს შვილნი არიან, რომ ისინი შემდეგში თავის ქვეყანას უნდა ემსახურონ, რომ საქართველოს ხალხისათვის იზრდებიან ისინი. რა კეთილ ნაყოფს, მოიტანს ამგვარი ხასიათის შკოლა — ეს ცხადია.

ამბობენ, შკოლის დამაარსებლებთ იმედი აქვთ, რომ ეს შკოლა თანდათან გაზარდონ, გაადიდონ, თანდათან უმატონ იმას კლასები. ასე რომ, რამდენიმე წლის შემდეგ გიმნაზიად გარდააკეთონ. თუ ეს იმედი შესრულდა, რაღა თქმა უნდა, ქართველი საზოგადოება ძლიერ და ძლიერ მოხარული უნდა იქმნეს.

ამჟამად შკოლა ისეთი კაცების ხელშია, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, კარგ გზაზე დადგება ის და თავის საწადელს კიდეც შეასრულებს. მაგრამ ამისთვის საზოგადოების თანაგრძნობაც არის საჭირო.

ეს თანაგრძნობაც არ მოაკლდება იმას. არ მოაკლდება იმიტომ, რომ ეს არის პირველი ქართული შკოლა და სხვა არა იყოს რა, ჩვენი თავმოყვარეობა მოითხოვს იმის კეთილწარმატებას.

ს. მ.

ასევე იხილეთ:

სიმონ ჯანაშია: ამ სქემით შესრულდა მიზანი, რომ მასწავლებლის დაბალი ხელფასი „მისი ბრალია“ და არა სახელმწიფოსი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.