თემურ ჭყონია: „კიდევ ჩავატარებდი არჩევნებს და დავუმტკიცებდი, რომ არ გამიყალბებია“
ცნობილმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირას“ მიცემულ ინტერვიუში ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების საკითხზე თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სპეციალისტი საარჩევნო პროცესებში, საჭიროების შემთხვევაში თავადაც დაეთანხმებოდა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
„როდესაც საკამათო სიტუაციაა, ხდება გადათამაშება. აიღე და დაამტკიცე, რომ არ გააყალბე. ჩემი სუბიექტურია აზრია: მე მაგალითად, კიდევ ჩავატარებდი არჩევნებს და დავუმტკიცებდი, რომ არ გამიყალბებია“, — განაცხადა ჭყონიამ.
პოლიტიკაში ჩართულობა — „იშვიათად, ფინანსურად“
კითხვაზე, რამდენადაა ის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ჭყონიამ უპასუხა, რომ ფინანსურად იშვიათად მონაწილეობს, თუმცა მორალური ჩართულობა მისთვის პრინციპულია:
„შეიძლება ისეთი რამე მთხოვონ, რომ უმნიშვნელოა. მორალურად ჩართულობაზე, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი. როგორ შეიძლება ტყუილი ვთქვა“, — თქვა ბიზნესმენმა და დაამატა, რომ თავად კოალიციური მმართველობის იდეას ემხრობა.
თემურ ჭყონია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ბიზნესფიგურად რჩება. მისი მოსაზრებები, განსაკუთრებით პოლიტიკური პროცესების მიმართ, ხშირად იწვევს ფართო საზოგადოებრივ განხილვებს.