ახალი ამბები

იტალიას ულტრამემარჯვენე მთავრობა და პირველი ქალი პრემიერი ეყოლება – წინასწარი შედეგები

იტალიას ულტრამემარჯვენე მთავრობა და პირველი ქალი პრემიერი ეყოლება – წინასწარი შედეგები

ულტრამემარჯვენე ლიდერმა ჯორჯია მელონიმ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და უდიდესი ალბათობით ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

მედიის ვარაუდით, მელონი შექმნის იტალიის ყველაზე მემარჯვენე მთავრობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. წინასწარი შედეგების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მელონის პარტია „იტალიის ძმები“ მიიღებს ხმების 26%-მდე, მისი უახლოესი კონკურენტი მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტიიდან“ ენრიკო ლეტას ხელმძღვანელობით კი — 20%-მდე.

მემარცხენე ალიანსი მნიშვნელოვნად ჩამორჩა მემარჯვენეებს, ხმების 26%-ით. ჯუზეპე კონტის „ხუთვარსკვლავიანი მოძრაობამ“ დამაჯერებელი მესამე ადგილი მოიპოვა, მაგრამ ენრიკო ლეტასთან გაერთიანება მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთო პოლიტიკა აქვთ იმიგრაციისა და მინიმალური ხელფასის ამაღლების შესახებ.

მელონის მემარჯვენე ალიანსი, რომელიც, ასევე, მოიცავს მატეო სალვინის ულტრამემარჯვენე ლიგას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულ Forza Italia-ს, როგორც ჩანს, გააკონტროლებს როგორც სენატს, ასევე, დეპუტატთა პალატას, ხმების დაახლოებით 44%-ით.

ჯორჯია მელონიმ ამ წლის დასაწყისში ესპანეთის ულტრამემარჯვენე Vox-ის პარტიის წინაშე გამოსვლისას გამოაცხადა თავისი პრიორიტეტები:

„დიახ — ბუნებრივ ოჯახს, არა — ლგბტ ლობს, დიახ — სექსუალურ იდენტობას, არა — გენდერულ იდეოლოგიას. არა ისლამისტურ ძალადობას, დიახ — დაცულ საზღვრებს, არა — მასობრივ მიგრაციას. არა — დიდ საერთაშორისო ფინანსებს. არა — ბრიუსელის ბიუროკრატებს!“ — განაცხადა მელონიმ.

BBC-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯია მელონი ბევრს მუშაობდა თავისი იმიჯის შერბილებაზე, ხაზს უსვამდა უკრაინის მხარდაჭერას და ამცირებდა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას, იგი ხელმძღვანელობს პარტიას, რომელიც სათავეს იღებს დიქტატორ ბენიტო მუსოლინის მომხრე ფაშისტებისგან წარმოშობილი ომის შემდგომი მოძრაობიდან. მელონის რიტორიკა ევროკავშირის შესახებ მას უნგრეთის ნაციონალისტ ლიდერ ვიქტორ ორბანთან ახლოს აყენებს.

მელონი მუსოლინის იდეებთან თანხვედრას უარყოფს. ის ამბობს, რომ მისი მთავრობა ყველას ხელისუფლება იქნება და არ უღალატებს ხალხის ნდობას.

მიუხედავად იმისა, რომ „იტალიის ძმები“ არ არის შემჩნეული პრორუსულ პოლიტიკაში, მის ორივე მოკავშირეს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ რუსეთთან. 85 წლის ბერლუსკონიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი აიძულეს უკრაინაში შეჭრილიყო, მაშინ როცა სალვინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლეთის სანქციებს მოსკოვის მიმართ. სალვინი იმედოვნებს, რომ დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა შეაჩეროს მიგრანტების ნავები ლიბიიდან.

იტალიის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა რეკორდულად დაეცა 63,91%-მდე, რაც 9 პუნქტით ნაკლებია 2018 წელთან შედარებით. აქტივობა განსაკუთრებით დაბალი იყო სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის სიცილიაში.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იტალიის მმართველ კოალიციაში განხეთქილების და ტექნოკრატი პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის შემდეგ დაინიშნა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.