ახალი ამბები

რატომ განსხვავდება და ვინ ადგენს სკოლაში გახანგრძლივებული სწავლებისთვის გადასახადის ოდენობას? – „ამ შემთხვევაში, 60-ის მაგივრად, გადაიხდის 100 ლარს“

რატომ განსხვავდება და ვინ ადგენს სკოლაში გახანგრძლივებული სწავლებისთვის გადასახადის ოდენობას? – „ამ შემთხვევაში, 60-ის მაგივრად, გადაიხდის 100 ლარს“

საჯარო სკოლებში, გახანგრძლივებული სწავლებისთვის გადასახადი სხვადასხვაა. EDU.ARIS.GE-სთვის მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ეს გადასახადი სხვადასხვა სკოლაში „კატასტროფულად განსხვავებულია“.

EDU.ARIS.GE-მ თბილისის ათეულობით საჯარო სკოლასთან საუბარში გაარკვია, რომ უმრავლეს მათგანში გახანგრძლივებული სწავლება სულაც არ ფუნქციონირებს. სკოლის დირექტორთა თქმით, ხშირ შემთხვევაში, ამის მიზეზი შესაბამისი ფართის არარსებობაა, სადაც მოსწავლეები მოისვენებენ და ისწავლიან კიდეც. ზოგ სკოლაში კი ამის მოთხოვნა არც არსებობს.

EDU.ARIS.GE მოგიყვებათ, როგორია წესი და ვინ ადგენს გადასახადს გახანგრძლივებული სწავლებისთვის, სადაც მოსწავლეები გაკვეთილებამდე ან გაკვეთილების შემდეგ რჩებიან და გაკვეთილებს ამზადებენ.

ჩვენ ისიც გავარკვიეთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა გადასახადი და ეს დამოკიდებულია როგორც გახანგრძლივებულ ჯგუფში გატარებულ საათებზე, ასევე სხვა საგნის, მაგალითად, უცხო ენის პედაგოგის მომსახურებაზე და იმაზე, რა უღირს მასწავლებელს საკუთარი მომსახურება.

ჩვენთან საუბარში სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ გახანგრძლივებული სწავლების წრისთვის ისინი ვაკანსიას აცხადებენ პედაგოგზე იმ შემთხვევაში, თუ მშობელთა მხრიდან ამის მოთხოვნა ფიქსირდება. აქაც არის დათქმები და ზოგიერთი სკოლის მოთხოვნაა, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი არ იყოს იმავე სკოლის პედაგოგი. რაც შეეხება საფეხურებს, გახანგრძლივებულში ძირითადად დაწყებითი, I- IV კლასის მოსწავლეები რჩებიან, მაღალ კლასელებზე კი მშობლების მიერ მსგავსი მოთხოვნა იშვიათია და ჯგუფიც ვერ დგება.

თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში გახანგრძლივებული ჯგუფები უკვე ფუნქციონირებს დილის 9-ის ნახევრიდან 6-ის ნახევრამდე – სკოლის ორი ცვლის მოსწავლეებისთვის. სკოლის დირექტორი, ეკატერინე ენდელაძე გვიყვება, რომ მეორე ცვლაში მყოფი მოსწავლის მშობელს ურჩევნია, დილით, როდესაც თავად გადის სახლიდან, ბავშვი დატოვოს სკოლაში და დარწმუნებული იყოს, რომ ის იმეცადინებს.

„დაწყებითი კლასის მასწავლებლის გარდა, გვყავს ინგლისური ენის პედაგოგიც, რომელიც ასევე მუშაობს გახანგრძლივებულ ჯგუფებთან. ფასები დროისა და მომსახურების მიხედვით იცვლება და 60 ლარიდან 100 ლარამდეა. მაგალითად, თუ ბავშვს დაწყებითების პედაგოგის გარდა, ინგლისური ენის მასწავლებელიც სჭირდება, 60-ის მაგივრად, გადაიხდის 100 ლარს. ამ შემთხვევაში, ყველა საგანში ამზადებს ბავშვი გაკვეთილს. ასევე, თუ დედას სჭირდება მხოლოდ 1 ან 2 საათით ბავშვის დატოვება გახანგრძლივებულ ჯგუფში, ამასაც ვითვალისწინებთ და, რა თქმა უნდა, 60 ლარზე ნაკლებს იხდის“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

გახანგრძლივებული სწავლება უკვე დაწყებულია თბილისის 145-ე საჯარო სკოლაში. მშობლებს სკოლაში მოსწავლის დატოვება დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე შეუძლიათ. აღნიშნული წრე აქაც ორი ცვლის მოსწავლეებს ემსახურება. მეორე ცვლის ბავშები დილით მიდიან, პირველი ცვლის – დღის მეორე ნახევარში და როგორც სკოლის დირექტორი, მაია ოსიყმიშვილი გვიყვება, დაწყებითი კლასების სერტიფიკატის მქონე მასწავლებელი ასწავლის, რადგან აღნიშნულ წრეზე აქაც მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებზეა მოთხოვნა. გადასახადი ყველასთვის ერთი და იგივეა განსაზღვრული – 50 ლარი თვეში.

თბილისის 75-ე საჯარო სკოლაში გახანგრძლივებული სწავლების წრე ჯერ არ ფუნქციონირებს. დირექტორი, მაკზონა კვეკვესკირი ამბობს, რომ გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელზე ვაკანსია ახლახან გამოაცხადა, რადგან მისი სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა მოითხოვეს.

„მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და სულ 10-12 განაცხადია შემოსული მშობლებისგან. მასწავლებელს ევალება, მოსწავლეს გაკვეთილების მომზადებაში დაეხმაროს. გახანგრძლივებული სწავლება დაიწყება მაშინ, როდესაც პირველი კლასი დაასრულებს გაკვეთილებს, პირველის ნახევრიდან და დასრულდება 6-ის ნახევარზე“, – ამბობს მაკზონა კვეკვესკირი.

რაც შეეხება თანხას, დირექტორმა ზუსტად ჯერ არ იცის, თუმცა დაახლოებითი თანხა თითო ბავშვზე თვეში 60 ლარი იქნება გადასახდელი. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველ და ოჯახიდან ორ ბავშვზე ფასდაკლება იმოქმედებს, კლასების მიხედვით ფასები არ განსხვავდება, რადგან ერთი წრე იქმნება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის და ყველა იხდის ერთსა და იმავე თანხას. რაც შეეხება პედაგოგზე გამოცხადებულ ვაკანსიას, „მთავარია, ჰქონდეს პედაგოგიური განათლება და ბავშებთან მუშაობის გამოცდილება“.

სკოლის დირექტორები ერთხმად გვიდასტურებენ, რომ ბრძანება ფასის, დროისა და სხვა დეტალების შესახებ სკოლის მიერ ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგად გამოიცემა დირექტორის მიერ, რომ სკოლაში შეიქმნას აღნიშნული წრე.

ერთ-ერთი დირექტორი განგვიმარტავს, რომ 70%-ს პედაგოგი იღებს, 30% კი სკოლას რჩება და ითვლება როგორც ეკომონიური საქმიანობა. თანხას მშობელი სკოლის ანგარიშზე, თვის ბოლოს რიცხავს. შემოტანილი თანხიდან კი ბუღალტერი გახანგრძლივებულის მასწავლებლის ხელფასს გამოითვლის.

გავარკვიეთ ისიც, რომ სკოლა ფასების დაწესებაში თავისუფალია, თუმცა, მათივე განმარტებით, დადგენილი ტარიფი მშობლების ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს. აღნიშნული გადასახადები არცერთ შემთხვევაში კვებას არ ითვალისწინებს და მოსწავლეებს შეუძლიათ, თვითონ მოიტანონ ლანჩი.

შეზღუდვა, რამდენი ბავშვი იქნება ერთ გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფში, არ არსებობს, თუმცა თავად სკოლები ფიქრობენ, რომ ეს რაოდენობა არ უნდა ასცდეს 20 მოსწავლეს, რათა კლასში ბავშვებმა თავისუფლად მოახერხონ დატევა და მეცადინეობაც. რამდენიმე სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში ამ წრისთვის 20 ბავშვი არც გროვდება. მათივე ინფორმაციით, ზოგ სკოლას, სადაც უფრო მეტი მოსწავლე სწავლობს, გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფისთვის ორი პედაგოგიც ჰყავს დასაქმებული.

კითხვაზე, სკოლებს, გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფებთან დაკავშირებით გააჩნიათ თუ არა რაიმე სახის ვალდებულება განათლების სამინისტროსთან, ერთი და იგივე პასუხი აქვთ. მათი განმარტებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, რომ სკოლამ შეიძლება შესთავაზოს მოსწავლეს გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი სააღმზრდელო მომსახურება როგორც ფასიანი, ასევე უფასო. გახანგრძლივებულის წრე კი ერთ-ერთია და მას ეროვნული სასწავლო გეგმა არეგულირებს, სკოლის ბაზაზე კი – სასკოლო-სასწავლო გეგმა. შესაბამისად, მათ სამინისტროსთან რაიმე სახის ვალდებულება შეტყობინების თვალსაზრისით, არ გააჩნიათ.

„მაგალითად, იჯარით გავეცი დარბაზი და კალათბურთის მასწავლებელი შემოვიდა, რომელიც ამბობს, ჩემთან სწავლა ღირს 50 ლარი. ასევეა გახანგრძლივებული მასწავლებლის შემთხვევაში, თუმცა ეს ფასი არ უნდა იყოს მშობლის მიერ დაუძლეველი და რეალობიდან გამომდინარე უნდა დაწესდეს. უფლება გვაქვს, გახანგრძლივებული სწავლების წრისთვისაც გავცეთ იჯარით სკოლის ფართი და მასწავლებელიც მან დააკმაყოფილოს. ჩვენს სკოლაში ერთადერთი ეს წრე გვაქვს, რადგან წრეების გაკონტროლება რთული ამბავია. ხანდახან ვიღაც არ იხდის, ვერ იხდის ან ითხოვს, რომ მომავალ თვეში გადაიხდის, ან ორი დღით მოიყვანა ბავშვი და მერე ამბობს, რომ გაიყვანს წრიდან… ბევრი სკოლა მუშაობს საწრეო დაფინანსებით, მაგრამ ჩემთვის ამის კონტროლი რთულია. ყველა სხვა წრისთვის იჯარით მაქვს გაცემული ფართი. მეიჯარე სკოლასთან რა ვალდებულებასაც აიღებს, ის თანხა უნდა შემოიტანოს სკოლაში. გახანგრძლივებულის წრის გაცემაც მინდა იჯარით, თუმცა გააჩნია, რამდენი ბავშვი მოგროვდება. თუ შესაბამისი რაოდენობის ბავშვი არ მოგროვდა, ვერ გადაიხდის იჯარის თანხას“, – გვითხრა ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა.

ასევე იხილეთ:

რატომ არ აქვს რეალურად მშობელს უფლება, სკოლისგან პედაგოგის შეცვლა მოითხოვოს? – „საჯარო სკოლები მსგავს შემთხვევებზე არ რეაგირებენ“

„ბავშვს რომ შია შეუძლებელია, იაზროვნოს“ – რა მიზეზებს ასახელებენ სკოლებში, სადაც ბუფეტები ჯერ კიდევ არ ამუშავებულა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.