ვებსტერ საქართველოში პირველი სტუდენტების მიღების ღონისძიება ჩატარდა
„ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი“, – ასე იწყებენ საკუთარ არჩევანზე საუბარს ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის სტუდენტები და მერე უკვე იმ ბენეფიტების გრძელ სიაზე ყვებიან, რომელსაც სწავლის პერიოდში და მისი დასრულების შემდგომ მიიღებენ. ჩამონათვალი ასე გამოიყურება – ამერიკული განათლების საქართველოში მიღების შანსი, გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი, უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები, სწავლება ინგლისურ ენაზე, ამერიკული დიპლომი, და ა.შ.
ამ ყველაფრის შესაძლებლობას კი მათ ვებსტერის უნივერსიტეტი აძლევთ, რომელიც საქართველოში უკვე გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება პირველივე წელს მაღალი იყო. კიდევ უფრო მეტს ელიან მომდევნო წელს.
მოგეხსენებათ, ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს დაარსდა და კამპუსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 50 ლოკაციაზე ფლობს. მათ შორის – ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში დ ა.შ. უნივერსიტეტი აკრედიტებულია უმაღლესი რანგის მქონე კომისიების მიერ, მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით.
საქართველოს კამპუსი, რომელიც „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე მდებარეობს, ავტორიზებულია 1000 სტუდენტის მისაღებად და ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში, საქართველოს მოქალაქეების გარდა, სწავლობენ უცხოელი სტუდენტებიც. ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით და გაატარონ ერთი ან რამდენიმე სემესტრი ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში, მსოფლიოს მასშტაბით.
სტუდენტების მიღების ღონისძიებისთვის, ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს, ვებსტერის უნივერსიტეტის დეგელაცია ეწვია. აშშ-ს ელჩი საქართველოში, უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, ვებსტერის უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს.
„მოხარული ვარ, რომ ვესწრები ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნას თბილისში, საქართველოში. ეს არის განათლების სფეროში აშშ-საქართველოს პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი და კიდევ ერთი ხიდი ჩვენს ქვეყნებს შორის. ვებსტერის უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას მიიღონ ამერიკული განათლება მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების მიმართულებით – ესაა სამი მართლაც მნიშვნელოვანი სფერო დღევანდელ მსოფლიოში. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ბოლო 30 წლის განმავლობაში, იქნება ეს საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები, ინგლისური ენის გაკვეთილები, საბაზისო განათლების სასწავლო პროგრამების მოდერნიზება, მასწავლებლების გადამზადება, თუ სკოლების აღდგენა. ასე რომ, ესაა სფერო, სადაც საქართველოსთან ძალიან ღრმა პარტნიორობა გვაქვს და ნამდვილად მოხარული ვართ, რომ ვხედავთ ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნას, როგორც უახლეს წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენს პარტნიორობაში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
სტუდენტებსა და შეკრებილ სტუმრებს მიესალმა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ჯულიან შუსტერიც, რომელიც თბილისს სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვია:
„ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და შემიძლია მივესალმო ვებსტერის უნივერსიტეტის პირველი ნაკადის სტუდენტებს, რომლებიც იწყებენ საგანმანათლებლო მოგზაურობას აქ, თბილისში. ამაყები ვართ, რომ ვოპერირებთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად და ამაყები ვართ საქართველოს მხარდაჭერით. ჩვენ ვართ აქ, რათა დავეხმაროთ ახალგაზრდებს ისეთივე საუკეთესო განათლების მიღებაში, როგორის შეთავაზებაც ამერიკაში შეგვიძლია“, – აღნიშნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.
ღონისძიებას, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც უნივერსიტეტის პირველი სტუდენტები გახდნენ. მეგი აქუბარდია, რომელიც ბიზნესის ფაკულეტის პირველკურსელია, ამბობს, რომ საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის გახსნის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო და ვინაიდან მის შესახებ ბევრი სმენოდა, არჩევანი მაშინვე მასზე შეაჩერა.
„ჩემი გადაწყვეტილების უპირველესი მიზეზი იყო ის, რომ საქართველოშივე შემიძლია მივიღო ამერიკული განათლება. სწავლობ ინგლისურ ენაზე, იგივე მეთოდიკით, როგორც ამერიკაში და იღებ ამერიკულ დიპლომს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რთულია, უდაოდ, თუმცა, ჩემი აზრით, სჯობს ახლა შევეჭიდო იმ სირთულეს, რასაც ინგლისურ ენაზე ბიზნესის სწავლა ჰქვია, ვიდრე მერე, როცა საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამით გავემგზავრები. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, უკვე შევხვდი რამდენიმე ლექტორს და იგრძნობა, რომ სტუდენტზე არიან ორიენტირებულები. ძალიან კარგია ამერიკული სერთიფიკატი, მაგრამ მხოლოდ ეს არაფერს ნიშნავს. მთავარი პრაქტიკული ცოდნაა და ვფიქრობ, ამ მხრივ უნივერსიტეტი ძალიან დამეხმარება ჩამომიყალიბოს ხასიათი და მომცეს ცოდნა, რომელიც შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიან გამხდის“, – ამბობს მეგი.
ვებსტერის უნივერსიტეტის გახსნის გეგმებს კიდეც ერთი პირველკურსელი, ლიზი გელაშვილი, სკეპტიკურად შეხვდა. მას არ სჯეროდა, რომ საქართველოში მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის უნივერსიტეტი ამოქმედდებოდა. თუმცა, ინფორმაციის რეალურობაში მალევე დარწმუნდა და ახლა იგი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტია -„როცა მივხვდი, რომ ეს შანსი მართლა მეძლეოდა, აქ ჩაბარება გადავწყვიტე“, – გვიყვება იგი.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც მისი საბოლოო გადაწყვეტილება განაპირობა, განათლების უცხოეთში მიღების გამარტივებული შესაძლებლობაა. ამბობს, რომ ბევრი ახალგაზრდის მსგავსად, ამაზე, ისიც ოცნებობს. უზარმაზარი კონკურენციის პირობებში, მეგის აზრით სხვა უნივერსიტეტში ამის მიღწევა გართულდებოდა. ვებსტერის უნივერსიტეტში კი ეს გაცილებით მარტივი და რეალურია.
„უკვე მეორე წლიდან გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უცხოეთში წავიდეთ და ჩვენთვის საინტერესო მიმართულებით ვისწავლოთ. ვფიქრობ, პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად მიმაჩნია გასცდე შენი კომფორტის ზონას და განათლება ქვეყნის გარეთაც მიიღო. ეს გეხმარება გამოცდილების მიღებაში, ხასიათის გამოწრთობასა და ადამიანების გაცნობაში. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რასაც სტუდენტობის წლებისგან ველი, სწორედ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაა. მიუხედავად იმისა, რომ ვგეგმავ აქტიურად ვისარგებლო უცხოეთში სწავლის შესაძლებლობებით, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, რადგან ვფიქრობ, შემიძლია ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ რაიმე გავაკეთო“, – დასძენს ლიზი.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული კამპუსის სტუდენტები, დაახლოებით, რვაჯერ უფრო იაფად ისწავლიან, ვიდრე მათი თანატოლები, იგივე უნივერსიტეტში, ევროპასა თუ ამერიკაში. ვებსტერის უნივერსიტეტის პარტნიორი მიხეილ ბატიაშვილი EDU.ARIS.GE-ს იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელიც მათ უნივერსიტეტის გახსნამდე გაიარეს და იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც იგი ქართველ და არამხოლოდ ქართველ ახალაგზრდებს სთავაზობს.
„ორი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა, რომ საქართველოში მართლაც უნიკალური პროექტი განხორციელებულიყო – გახსნილიყო ამერიკული უნიერსიტეტი, რომელსაც ჩვენს რეგიონში პრეცედენტი არ გააჩნია.მთავარი ბენეფიტი, რა თქმა უნდა, ცოდნაა. სტუდენტებს იგივე პროფესორები ასწავლიან და იგივე ინფრასტრუქტურაა, რაც ევროპასა და ამერიკაში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. დიპლომი კი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაში, ან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში წარმატების მისაღევად ნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„პირველი წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ უნივერსიტეტი აპირებს გააგრძელოს სტუდენტების მიღება, გაზარდოს ახალი თაობა, რომელიც საუკეთესო ამერიკულ განათლებას მიიღებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. დაინტერესება ძალიან დიდია არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდანაც. აბიტურიენტებმა უკვე დაიწყეს მზადება მომავალი წლისთვისაც. ყოველდღიურად იმართება შეხვედრები მათთან, რათა მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივაწდოთ და ბევრს დავეხმაროთ მოხვდეს ამერიკულ უნივერსიტეტში“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ განათლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.