ახალი ამბები

მასწავლებელი მასწავლებლის ბენეფიტებისა და ანაზღაურების მიღმა – რატომ არ ფიქრობს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლების პედაგოგებზე

მასწავლებელი მასწავლებლის ბენეფიტებისა და ანაზღაურების მიღმა – რატომ არ ფიქრობს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლების პედაგოგებზე

„ვიღაცას შევყურებთ ხელებში, ჩვენი სპეციალობა არ ფასდება. სულ ვფიქრობთ ხოლმე, იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება…“, – ეს სიტყვები მუსიკის პედაგოგს, მიზანდარის სახელობის 1-ლი ხელოვნების სკოლის სასწავლო ნაწილს ეკუთვნის. თინათინ ცაგარეიშვილმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ სახელოვნებო სკოლები, ძირითადად, თვითდაფინანსებით მუშაობენ და სახელფასო ფონდიც მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. პედაგოგებს კი, რომლებიც ძირითადად, „მშობლებს შეჰყურებენ ხელებში“, საჯარო სკოლების მასწავლებლებისგან განსხვავებით, არც მთავრობის მიერ დაანონსებული 10%-იანი სახელფასო ზრდა ეხებათ და არც სხვა ტიპის ბენეფიტები.

მასწავლებელთა არათანაბარი პირობების შესახებ, საქართველოს პარლამენტში, მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენისთვის მისულ ფინანსთა მინისტრს რამდენიმე დღის წინაც შეახსენეს, თუმცა, ლაშა ხუციშვილმა სახელოვნებო სკოლების მასწავლებლებიც იმ საჯარო სამსახურში დასაქმებულთა შორის მოიაზრა, ვისაც 2022 წლიდან ხელფასები 10%-ით მოემატებათ. რეალობა კი, როგორც ჩვენი რესპონდენტები EDU.ARIS.GE-თან საუბრობენ, განსხვავებული და მძიმეა.

პარლამენტის დეპუტატი ლევან იოსელიანი აქცენტს აკეთებდა სახელოვნებო სკოლების მასწავლებელთა სტატუსზე, რომლის არარსებობაც, პირდაპირ აისახება ანაზღაურებაზე. მისი თქმით, სახელოვნებო სკოლების მასწავლებლები, რომელთა სტატუსი 2006 წლიდან განათლების სისტემის მასწავლებლის სტატუსთან აღარ არის გათანაბრებული, ხშირ შემთხვევაში, თვეში 60-დან 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობენ.

„სახელოვნებო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების ანაზღაურება არის იმდენად დაბალი, რომ ამის გაჟღერებაც კი მეუხერხულება. ხშირ შემთხვევაში, ეს არის 60 ლარიდან 150 ლარამდე თვეში. საქმე იმაშია, რომ მუსიკის მასწავლებლებს, რომლებსაც დიპლომში უწერიათ, რომ არიან მასწავლებლები, 2006 წლის შემდეგ, აღარ არიან გათანაბრებული, ზოგადად, მასწავლებლის სტატუსთან და ისინი არ იღებენ იმ ანაზღაურებას, რასაც იღებს სკოლაში ნებისმიერი მასწავლებელი”, – განაცხადა იოსელიანმა.

დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოს მიმართა წინადადებით, რომ ვიდრე რეფორმა განხორციელდება, რომელზე მუშაობაც დაწყებულია, მუსიკის მასწავლებლების სახელფასო ზრდისთვის ბიუჯეტში თანხა გამოინახოს.

„ისიც ვიცი, რომ შესაბამის კომიტეტს დაწყებული აქვს მუშაობა რეფორმაზე, მაგრამ ეს მოითხოვს საკმაოდ ხანგრძლივ დროს, ჩემი აზრით და ამ ადამიანებისთვის, როგორც დროებითი ღონისძიება, არის გამოსანახი თანხა, რომ მათ ხელფასი მივცეთ საერთოდ – 150 ლარს ხელფასს ვერ დავარქმევთ ნამდვილად… თუ ასე გაგრძელდა ეს ტენდენცია, ჩვენ მუსიკის მასწავლებელი ქვეყანაში საერთოდ აღარ დაგვრჩება… ძალიან გთხოვთ, რომ ბიუჯეტში რამე ფორმით გავითვალისწინოთ, ეს არ არის ძალიან დიდი ჯგუფი და არ იქნება ძალიან დიდი თანხა, რომ სანამ კონკრეტული რეფორმა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს, ამ ხალხს მივცეთ ღირსეულად არსებობის საშუალება“, – აღნიშნა იოსელიანმა.

თბილისის შემთხვევაში, დედაქალაქის მერია, რომლის დაქვემდებარებაშიც 33 ხელოვნების სკოლა და ერთი კოლეჯია, EDU.ARIS.GE– სთვის 25 ნოემბერს მიწოდებულ ინფორმაციაში არ უარყოფს, რომ სახელოვნებო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების ანაზღაურების კუთხით რეფორმაზე მუშაობა დაწყებულია, მაგრამ ცვლილებების განხორციელებაში დამნაშავე პანდემიაა და პროცესი გარკვეული დროით გადაიდო. კახა კალაძის უწყებაში აღნიშნავენ იმასაც, რომ პრობლემურ საკითხად რჩება ამ ტიპის სკოლების მასწავლებლების სტატუსი და კვალიფიკაცია, რასაც თბილისის მთავრობა სახელმწიფო დონეზე რეგულირების გარეშე ვერ მოაგვარებს.

„2018 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა რეფორმაზე, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს სახელოვნებო განათლების პედაგოგთა ანაზღაურების საკითხი. დაიგეგმა გარკვეული ცვლილებები, თუმცა, პანდემიის პერიოდში გარკვეული დროით გადაიდო გეგმის განხორციელება, ვინაიდან სატესტო რეჟიმზე გადასვლა იმ პირობებში, როდესაც სასწავლო პროცესის სტაბილურობას ვერ ვაკონტროლებთ, დიდ რისკებს შეიცავს. ასევე, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ანაზღაურება დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და პირდაპირ არის დაკავშირებული ისეთ პრობლემებთან, რომელთაც მუნიციპალიტეტი ვერ მოაგვარებს სახელმწიფო დონეზე რეგულირების გარეშე. ასეთია მაგალითად, პედაგოგების სტატუსი, სოციალური დაცვა, პედაგოგების კვალიფიკაცია, სხვადასხვა დარგის პედაგოგთა რაოდენობის მკვეთრი კლება და ა.შ. ამ თემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაიწყო მუშაობა საკმაოდ ფართო ჯგუფთან ერთად და ჩვენც ინტერესით ველოდებით მიღებულ გადაწყვეტილებებს”, – გვპასუხობენ თბილისის მერიაში.

იმის გათვალისწინებით, რომ მუსიკის პედაგოგების ხელფასი ძირითადად სახელოვნებო სკოლების თვითდაფინანსებაზეა დამოკიდებული, EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა თბილისში არსებულ ამ ტიპის სკოლებში, რომლებიც მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, რეგიონებში არსებულ სკოლებს ბევრად აღმატება და რაში ხედავენ იქ დასაქმებულები გამოსავალს, რას ელიან სახელმწიფოსგან. დავინტერესდით იმითაც, როგორ აისახება მუსიკის პედაგოგების ხელფასზე ის დახმარებები, რომელსაც მერიის განმარტებით, ასეთ სკოლებს უწევს.

მიზანდარის სახელობის 1-ლი ხელოვნების სკოლის დირექტორი გელა ფარჩუკიძე EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, რომ დღეს, სახელმწიფოს სახელოვნებო სკოლებზე პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს.

„არის ძალიან დაბალი ხელფასები, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დაუფასებელია დღეს ამ სკოლების პედაგოგების მუშაობა. სახელმწიფომ მოიხსნა პასუხისმგებლობა და სკოლები გადავიდნენ თვითდაფინანსებაზე. შეგვიფარა მერიამ, რომელიც გვიხდის კომუნალურ გადასახადებს, მერია ასევე, ნიჭიერ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს აფინანსებს“, – ამბობს გელა ფარჩუკიძე.

პედაგოგების საჭიროებებსა და არსებულ პრობლემებზე უფრო ვრცლად გვესაუბრა ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგი და სასწავლო ნაწილი თინათინ ცაგარეიშვილი, რომლის თქმითაც, შექმნილ რთულ ვითარებაში გამოსავალი იქნება, თუ ბავშვების ოდენობის მიხედვით მიღებულ ანაზღაურებასთან ერთად, მასწავლებლები სახელმწიფოსგან მოჭრილ ხელფასსაც მიიღებენ.

„პარლამენტის სხდომაზე, რომ ისაუბრეს სახელოვნებო სკოლების მასწავლებლებზე, პედაგოგების ჩათი გვაქვს და იქ განვიხილავდით შემდეგ ამ ამბავს. ყველას გვქონდა განცდა, რომ რაღაც გვეშველება. ჩვენთან სწავლის გადასახადი 50 ლარია და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიზერულ ხელფასებზე მუშაობენ პედაგოგები. გვყავს 450 მოსწავლე, 31 მასწავლებელი. მყავს პედაგოგები, რომლებსაც 60 ლარი აქვთ ხელფასი, ან 80, 115 ლარი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ, მაგრამ როგორ ამოვასუნთქებთ, საიდან ეს ფინანსები? მაშინ სწავლის გადასახადი უნდა გავზარდოთ.

„ამის გარდა, ზაფხულში, როდესაც არ არის დაფინანსება მშობლების მიერ – ივლისი-აგვისტო – ბანკის ვალებს ვიღებთ. და, ფაქტორივად, ორთვიანი შვებულების ნაცვლად, სამთვიანი გამოდის, რადგან ხელფასს ვერ ვიღებთ ოქტომბრის 15 რიცხვამდე – მშობლებმა თანხა ხომ უნდა გადაგვიხადონ. ზოგჯერ მერია საახალწლოდ გვაძლევს პრემია-დანამატებს…. პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გაგვიჩნდა კითხვები – ნუთუ, დაგვაფასებენ?! ნუთუ, შემობრუნდებიან ჩვენს მხარეს?! გამოსავალი იქნება, თუ სახელმწიფო ბავშვების რაოდენობის მიხედვით მიღებულ ანაზღაურებას, მოჭრილ ხელფასს დაამატებს. რაც შეეხება 10%-იან ზრდას, ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან ჩვენ დაფინანსებას მშობლებისგან ვიღებთ. ვერ არკვევენ, ვერ ხვდებიან ვერც ფინანსთა მინისტრი, ვერც კულტურა, ყველას ჰგონია, რომ როგორც სკოლის პედაგოგებს… რადგან ჩვენ არ გვაქვს სტატუსი მასწავლებლის, არც ხელოვნები ვართ, არც საჯარო სკოლას არ ვეკუთვნით, ჰაერში ვართ გამოკიდებულები. ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ არანაირი საბიუჯეტო ზრდა არ გვეხება“, – გვეუბნება თინათინ ცაგარეიშვილი.

როგორც გავარკვიეთ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სახელოვნებო სკოლების თანამშრომელთა რაოდენობა 1 250-ს, ხოლო მოსწავლე/სტუდენტების 8 100-ს შეადგენს. მათგან 4 030-მდე მოსწავლე სახელოვნებო განათლებას მერიის დაფინანსებით იღებს.

იმ ფონზე, რომ ხელოვნების სკოლები მასწავლებლების ანაზღაურებას თვითდაფინანსებიდან გასცემს, ანასტასია ვირსალაძის ხელოვნების გიმნაზიის დირექტორი ხათუნა კერესელიძე ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ადმინისტრაციის ხარჯებს დაფარავს და ეს ხარჯები პედაგოგების სახელფასო ფონდს მოაკლდება.

„ჩვენი ყველა პედაგოგი არის უმაღლესდამთავრებული… ყოველთვის მივიჩნევდით, რომ ვართ მასწავლებლები, მაგრამ რატომღაც სტატუსზე დაიწყო საუბარი. ჩვენი სტატუსი არ არის გათანაბრებული განათლების სისტემის მასწავლებლებთან. ეს ყველაფერი, ალბათ, გასწორდება… რაზეც ისაუბრეს პარლამენტში, მოვკარი ყური და მესიამოვნა. სახელოვნებო განათლება ნამდვილად საჭიროა ბავშვებისთვის და ჩვენც პედაგოგებს ყურადღება მაინც სადღაც გვჭირდება… ხელფასი მიზერული იმ შემთხვევაშია, თუ მოსწავლე არ ჰყავს პედაგოგს. დღევანდელ მდგომარეობას რომ გადავხედოთ, თუ რა ფასებია, ცოტა გაუფასურებულია ჩვენი სახელოვნებო განათლება… ჩვენთან სწავლობს 370 ბავშვი და 60 პედაგოგი გვყავს. არის მოსწავლე – პედაგოგს ხელფასი ეძლევა მოსწავლიდან გამომდინარე. როგორ უნდათ, რომ 10%-იანი ზრდა შეგვეხოს, ვერაფრით ვხვდები. მე ჯერჯერობით ამის შესახებ არაფერი ვიცი… კარგი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს დაეფინანსებინა ადმინისტრაცია და ეს თანხა მოაკლდებოდა პედაგოგების სახელფასო ფონდს. ან შეიძლება საშემოსავლოს დაკლება და ესეც მასწავლებლების ხელფასზე დადებითად აისახებოდა, ან დატვირთვის მიხედვით დანამატები სახელმწიფოსგან. ჩვენი პედაგოგები უფრო დაჩაგრულები არიან“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან ხათუნა კერესელიძე.

მის მსგავსად, სახელმწიფო დონაციაში ხედავს გამოსავალს ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, დავით თორაძის სახელობის 22-ე ხელოვნების სკოლის დირექტორი მაია ბერიძეც და თვითდაფინანსებას სახელოვნებო სკოლებისთვის „მკვლელს“ უწოდებს. ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ამ ტიპის სკოლებს დედაქალაქის მერია გარკვეულ დახმარებას უწევს, ეს სტაბილურობის განცდას ვერ ქმნის.

„ხელოვნების სკოლაში გადამხდელი მოსწავლეების რაოდენობაზეა დამოკიდებული პედაგოგების ხელფასი. ჩვენს სკოლაში სწავლის ღირებულება 40 ლარია. შემოსავლების ფონზე, მწირია სახელფასო ფონდი. საშუალო ხელფასი არის 140 ლარი. სულ დასაქმებულია 14 მასწავლები და სწავლობს 77 ბავშვი. ოჯახებს, სიდუხჭირიდან გამომდინარე, ურჩევნიათ, რომ ეს 40 ლარი გადაიხადონ სხვა რამეში, ვიდრე სახელოვნებო განათლება მიაღებინონ ბავშვს. თუ იქნება ისე, რომ სახელოვნებო სკოლები სახელმწიფს დონაციაზე ავა, მაშინ რასაკვირველია, უფრო მეტი მოსწავლე მოვა. თვითდაფინანსება არის „მკვლელი“. არის მერიის დახმარებები ნიჭიერებზე სოციალურად დაუცველებზე, მაგრამ აი, თუნდაც სოციალურად დაუცველების შემთხვევაში იცი როგორ ხდება? 70 000 ქულაზე ნაკლები უნდა ჰქონდეს ოჯახს, რომ ბავშვის სწავლა მერიამ დააფინანსოს. არის შემთხვევები, რომ ერთ თვეს აქვთ ეს სტატუსი, მეორე თვეში უხსნიან და ასეთი ბავშვები მექანიკურად ტოვებენ სკოლებს. სტაბილურობა, რომ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე არ ვიყოთ დამოკიდებული, არ გვაქვს“, – აცხადებს მაია ბერიძე.

რაც შეეხება დედაქალაქის მერიის დახმარებებს ასეთი სკოლებისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯედიდან ფინანსდება მაღალი აკადემიური მოსწრების 660 მოსწავლე (წლიური ბიუჯეტი – 1084000 ლარი), არამოთხოვნად სპეციალობებზე 745 მოსწავლე (წლიური ბიუჯეტი – 298 000), სოციალურად დაუცველი 2 633 მოსწავლე (წლიური ბიუჯეტი – 980 000 ლარი), თანამშრომელთა ერთი თვის ანაზღაურება (მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა დაფინანსება, არამოთხოვნადი სპეციალობების დაფინანსება, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დაფინანსება, საკუთარი სახსრები) – საშუალოდ 450 000 ლარს შეადგენს და თითოეული პედაგოგის ანაზღაურება დამოკიდებულია მისი მოსწავლეების რაოდენობაზე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი სრულად ფარავს სახელოვნებო სკოლების კომუნალურ გადასახადებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს.

სახელოვნებო სკოლების წარმომადგენლებისა და ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ, EDU.ARIS.GE– საკითხის დაზუსტების მიზნით – ნამდვილად გაეზრდებათ თუ არა სახელოვნებო სკოლების თანამშრომლებს ხელფასები 10%-ით 2022 წლიდან და რა ფორმით, ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.

„ამ მიმართულებით, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მოიცავს აღნიშნული ხელფასების ზრდა მათ შორის ამ კატეგორიის პედაგოგებს, თუმცა, თვითონ საბაზისო ხელფასი არის იმდენად დაბალი, რომ ეს ზრდა თუნდაც პროცენტული, თუნდაც რაოდენობრივი, არ მიგვიყვანს იმ მაჩვენებლამდე, რაც შეიძლება იყოს საჭირო ასეთი პირების საჭიროების დაკმაყოფილებისთვის. ამ ნაწილში, შემიძლია გითხრათ, რომ დამატებით გავივლი ამ საკითხს შემდეგი ბიუჯეტის წარმოდგენამდე. იცით, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილში არის აღნიშნული დაფინანსების ნაწილი და ვნახავთ, რა რესურსი იარსებებს ამ მიმართულებით ხელფასების ზრდის. თუმცა, გიდასტურებთ, რომ ხელფასების ზრდას მათ შორის ამ კატეგორიის პედაგოგებისაც დღეს წარმოდგენილი [ბიუჯეტის] ვარიანტი მოიცავს”, – თქვა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში 16 ნოემბერს დეპუტატ იოსელიანის კითხვის პასუხად.

ასევე იხილეთ:

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესმა 9 წლით გადაიწია – როდის დაიწყება და როგორია ავტორიზაციის გეგმა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.