ახალი ამბები

ევსაქები ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ — პარტიის ხედვა კრიზისის დასაძლევად

ევსაქები ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ — პარტიის ხედვა კრიზისის დასაძლევად

“ევროპულმა საქართველომ” 26 ნოემბერს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის 10-პუნქტიანი ხედვა წარადგინა.

პარტიის თანახმად, მცდარია გზავნილი არჩევნების გაუქმების შესახებ და ოპოზიციის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა უნდა იყოს. ამ მიზნის მისაღწევად, “ევროპული საქართველოს” აზრით, ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი.

“თუ ჩვენ გვინდა, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხს გაუჩნდეს ღირებული საფუძველი, საჭიროა შარლ მიშელის შეთანხმებასთან ჩვენი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. რადგან შარლ მიშელის დოკუმენტიდან გავიდა “ქართული ოცნება”, მნიშვნელოვანია პარლამენტის დატოვება იმ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში.

ჩვენი მოთხოვნის საფუძველი იქნება, ვიმუშაოთ იმაზე, რომ მიტაცებული არჩევნები და შეთანხმებების დარღვევა დარჩეს არა მხოლოდ დაგმობის და განცხადებებით რეაგირების დონეზე, არამედ დაიწყოს ქმედითი ღონისძიების გატარება მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში.

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, საერთო ამოცანების განსაზღვრის დროს, მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბონ შარლ მიშელის დოკუმენტის და პარლამენტში მუშაობის გაგრძელება/არგაგრძელების შესახებ”, — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

“ევროპული საქართველოს” ხედვა სრულად:

  1. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან ოპტიმალური გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნების მიღწევა და ამ არჩევნებში რეჟიმის დამარცხება;
  2. მცდარი და საზიანოა გზავნილი, რომ არჩევნები გაუქმდა და მხოლოდ არასაარჩევნო გზით მივაღწევთ ცვლილებებს. ეს ამომრჩეველში უიმედობას იწვევს;
  3. მცდარი, ალოგიკური და საზიანოა გზავნილი, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, კერძოდ, სააკაშვილის გათავისუფლება, არის რეჟიმის დამარცხების წინაპირობა. რეალურად, საქმე პირიქითაა — პოლიტიკური დევნის შეჩერების გზა ივანიშვილის დასუსტებასა და დამარცხებაზე გადის;
  4. მცდარი და საზიანოა რეჟიმის დასრულების ბოლო ვადების დათქმა და ზოგადად, არარეალისტური მოლოდინების შექმნა. საზოგადოების იმედგაცრუება რეჟიმს კვებავს;
  5. მცდარი და საზიანოა, ოპოზიცია მოქმედებდეს მესიანისტური და ეთნორელიგიური პოპულიზმით, მათ შორის, საპატრიარქოს პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით. ამ გზით ივანიშვილის რეჟიმთან შეჯიბრი პრინციპულად მიუღებელია და პრაგმატულად კონტრპროდუქტიული;
  6. ავტორიტარული რეჟიმის იძულებას, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და შემდეგ, ამ არჩევნებში მის დამარცხებას უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ჰყოფნის, ბევრად უფრო დიდი უმრავლესობა სჭირდება, არასაარჩევნო გზით ცვლილებას კი — კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის მზადყოფნა პერმანენტული პროტესტისთვის;
  7. იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნამ ფართო სახალხო მხარდაჭერა მოიპოვოს და ამავდროულად, დასავლეთისთვის ცხადი გახდეს კრიზისის სერიოზულობა, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიული პროცესის სიმულაცია არალეგიტიმურ პარლამენტში;
  8. საპარლამენტო ოპოზიცია, მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად შევიდა. “ქართულმა ოცნებამ” არსებითად ყველა პირობა დაარღვია. ღიად რჩება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი. თუ წლის ბოლომდე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები არ დაამტკიცა, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს; ამ ნაბიჯის გარეშე, პროტესტი თანმიმდევრული ვერ იქნება. ჩვენთვის, არათანმიმდევრულობა ოპოზიციასთან კოორდინირებულ საპროტესტო მოქმედებებს შეუძლებელს ხდის;
  9. იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესში, ისევე როგორც საპროტესტო აქციებში, საზოგადოების სხვადასხვა შრე ჩაერთოს, მათ შორის ისინი, ვინც აქამდე არ მონაწილეობდნენ, ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაფართოვდეს და მოიცვას ის საკითხებიც, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს მოქალაქეებს, უმართავი პანდემიის და სასიცოცხლო პროდუქტებზე კატასტროფულად გაზრდილი ფასების პირობებში;
  10. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია მოქმედებდეს დასავლური ღირებულებებით და დემოკრატიული დღის წესრიგით. ეს გახდება ამ რეჟიმის წინააღმდეგ დასავლეთის წნეხის გაზრდის წინაპირობაც.
Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.