ახალი ამბები

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს მეტყველების გაუმჯობესებაში საკლასო ოთახსა და სახლში – პრაქტიკული სავარჯიშოები

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს მეტყველების გაუმჯობესებაში საკლასო ოთახსა და სახლში – პრაქტიკული სავარჯიშოები

ენა აზრის გამოხატვის საშუალებაა, მეტყველება კი უნარია, რომლითაც ენა იწყებს მოქმედებას. თუ მოსწავლეს მეტყველების პრობლემები აქვს, საკუთარი აზრის გადმოცემაც უჭირს და მოსმენილის სწორად გააზრებაც. სპეციალისტები ამბობენ, რომ მეტყველების გაუმჯობესება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუმცა არსებობს ისეთი ხარისხის მეტყველების პრობლემებიც, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე სჭირდება ყურადღების მიქცევა. ენისა და მეტყველების სპეციალისტები მშობლებსა და პედაგოგებს სთავაზობენ უნივერსალურ სავარჯიშოებს, რომლებიც მეტყველების განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის გამოიყენება.

EDU.ARIS.GE ენისა და მეტყველების თერაპევტს, სოფიო ქურასბედიანს ესაუბრა. ის გვიხსნის, რომ ბავშვის მეტყველების გაუმჯობესებისთვის მხოლოდ სპეციალისტისთვის მიმართვა არ კმარა და აუცილებელია, პროცესში ყველა ის ადამიანი ჩაერთოს, ვისთანაც ამ პრობლემის მქონე ბავშვი, მოსწავლე თუ მოზარდი დიდ დროს ატარებს.

„როცა სპეციალისტს მიმართავს მშობელი, რა სირთულის მეტყველების პრობლემაც არ უნდა იყოს, ვეუბნებით, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკისაა მისი შვილი, არის 2 წლის 10-ის თუ 16-ის, სპეციალისტის პარალელურად, აქტიურად უნდა იმუშაოს ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მასთან დიდ დროს ატარებს. იქნებიან ეს მასწავლებლები, ბაბუა-ბებია თუ ოჯახის სხვა წევრები, რადგან ასე შედეგზე უფრო სწრაფად გავდივართ და ყველა ვეხმარებით, რომ საუკეთესო შედეგი დადგეს“, – განგვიცხადა ენისა და მეტყველების თერაპევტმა.

დავინტერესდით, ძირითად რა მიზეზებით მიმართავენ მშობლები, შვილის მეტყველების გაუმჯობესების მიზნით, თუ კლინიკური დიაგნოზის მიზეზით.

„მომართვიანობა ორივე შემთხვევაში მაღალია, თუმცა, რასაკვირველია, უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვს კლინიკური სირთულეები აქვს. ასეთ შემთხვევაში გარკვეული წლებია საჭირო, რომ შედეგზე გავიდეთ, ეს უკვე დიაგნოზზეა დამოკიდებული“, – აგვიხსნა სპეციალისტმა.

რა შემთხვევაშია აუცილებელი, რომ მშობელმა დაუყოვნებლის მიმართოს ენისა და მეტყველების თერაპევტს

„სპეციალისტს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თუ ბავშვი საერთოდ ვერ მეტყველებს, აქვს ლოგონევროზი, საუბრის დროს ტოვებს გარკვეულ სიტყვებს, უჭირს სწორი მეტყველება, რამდენჯერმე იმეორებს სიტყვას ან პირიქით. აქვე ვეტყვი იმ მშობლებს, რომელთაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, მისაღები ვითარებაა, როცა გარშემომყოფებს ესმით თქენი შვილის მეტყველების რაღაც პროცენტი მაინც: 18 თვის ბავშვის შემთხვევაში-25%; 2 წლის ბავშვის შემთხვევაში-50-70%; 3 წლის ბავშვის შემთხვევაში-80% და 4 წლის ბავშვის შემთხვევაში 90-100% პროცენტი“, – განმარტავს სოფიო ქურასბედიანი.

EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის სოფიომ იმ აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომელსაც თავად იყენებს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი მორგებულია აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ კატეგორიას და მათ შესაძლებლობებს. ასევე დაგვიკონკრეტა, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან კიდევ უფრო მეტი აქტივობა გამოიყენება. თერაპიის ხანგრძლივობის წინასწარ განსაზღვრა კი რთულია, ეს დრო, შესაძლოა, გაგრძელდეს მინიმუმ 1-3 წელი ან მეტი.

აქტივობები, რომელთა გამოყენება გაკვეთილებზე პედაგოგებსაც შეუძლიათ

სოფიო ქურასბედიანის თქმით, მეტყველების გაუმჯობესებისთვისმის მიერ შემოთავაზებული აქტივობები ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი და ოჯახის წევრებთან ერთად, მასწავლებლებსაც შეუძლიათ, გაკვეთილებს მოარგონ განურჩევლად იმისა თუ რომელ საგანს ასწავლიან.

„ვფიქრობ, ყველა მასწავლებელი ვალდებულია, იზრუნოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, რაც პედაგოგებმაც ძალიან კარგად იციან. ამიტომ, არა კონკრეტული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ სრულიად ყველა ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით, კვირაში 5-10 წუთი მაინც გამოყონ იმ აქტივობებისთვის, რომლებიც მეტყველებას აუმჯობესებს. მე, როგორც სპეციალისტს, თავისუფლად შემიძლია იმის თქმა, რომ მეტყველების გაუმჯობესება და დახვეწა ყოველთვის საჭიროა, იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლეს მკვეთრად გამოხატული არ აქვს მეტყველების სირთულე, ჩარევა მაინც აუცილებელია“, – დასძენს სოფიო ქურასბედიანი და აქტივობებს გვიზიარებს.

„ვსაუბრობთ გამართულად!“

შეთავაზეთ ბავშვს აგყვეთ თამაშში, სადაც აუცილებელია, ყველა სიტყვა თუ ფრაზა, რომელსაც თქვენ შესთავაზებთ თავადაც გამოთქმით და გარკვევით წარმოთქვას. (რამდენადაც ეს მისთვისაა შესაძლებელი). თამაშის დროს თქვენი მეტყველებაც უნდა იყოს მკაფიო, სწორი არტიკულაციით, წინადადებები მარტივად ჟღერდეს და შეეცადოთ შექმნათ ისეთი გულღია ატმოსფერო, რომ ბავშვს დისკომფორტი არ ჰქონდეს.

„ვაგვარებთ პრობლემებს”

წარმოუდინეთ ბავშვს კონკრეტული შემთხვევა, ე.წ ქეისი და სთხოვეთ, პრობლემის იდენტიფიკაცია, შემდგომ კი გადაჭრას ის ზეპირსიტყვიერად. გვითრას როგორ გადაჭრიდა ამ პრობლემას, თამაშის წინაპირობა კი განუსაზღვრეთ ისე, რომ არ გაიმეოროს ერთი და იგივე სიტყვები, ყველა ფრაზა გარკვევით ისმოდეს და ხმის ინტონაციას მიჰყვებოდეს.

რატომ „კი“ და არა „არა“

ამ აქტივობისთვის თქვენ ფურცლისა და მარკერის გამოყენება დაგჭირდებათ. ფურცელზე ჩამოწერეთ კონკრეტული სიტუაციები და სთხოვეთ ბავშვს, ისაუბროს კი და არას პრინციპით მაგალითად „უნდა გადავიდე თუ არა ზებრაზე, როცა გზა თავისუფალია”. შეეცადეთ, ბავშვმა ახსნას რატომ ამბობს კის და რატომ არას. უნდა გახსოვდეთ, რომ აზროვნების პროცესი ბავშვს მეტყველების განვითარებაში ეხმარება.

„რას ხედავ სურათზე?“

აჩვენეთ ბავშვს სურათი და სთხოვეთ შეეცადოს, პასუხი გასცეს თქვენს შეკითხვებს. მაგალითად: რა არის გამოსახული სურათზე? რომელი ფერებია დომინანტი? რა განწყობებს გიქმნის? კითხები უნდა იყოს ლაკონიურად ჩამოყალიბებული და თუ ბავშვს დასჭირდა, კიდევ უფრო მეტად დავუკონკრეტოთ.

„ერთად ვუსმენთ მუსიკას“

მოუსმინეთ ბავშვთან ან ბავშვებთან ერთად მათ საყვარელ მუსიკას და გაცვალეთ ემოციები კითხვა-პასუხის რეჟიმში. ეს აქტივობა არა მხოლიდ მეტყველების განვითარებისთვისაა, არამედ ბავშვი სწავლობს, როგორ დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

„ვსწავლობთ კეთებით“

მიეცით ბავშვს სხვადასხვა რესურსები, იქნება ეს სააკანცელარიო მასალა, სახატავი ფანქრები, ფურცლები, თუ უბრალო ნაჭრის სამოსი. სთხოვეთ მას, აირჩიოს რომელიც სურს და შეცადოს, სული შთაბეროს, შექმნას მისგან რაღაც ღირებული. დავალების წინაპირობაა, რომ კეთების პროცესში ის ესაუბროს საკუთარ თავს, პრეზენტაციის დროს კი ჩვენ. ეს აქტივობა არა მხოლოდ აუმჯობესებს ბავშვის მეტყველებას, არამედ ავითარებს მის უნარ-ჩვევებს.

ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოფიო ქურასბედიანი ამბობს, რომ მეტყველების განვითარება აქტიური კომუნიკაციის გარეშე ვერ მოხდება, სწორედ ამიტომ, მშობლებსა და პედაგოგებს ურჩევს, აღწერილი აქტივობები გამოიყენონ.

ასევე იხილეთ:

„ცუდი ამინდი არ უნდა იყოს დაბრკოლება“ – რა ალტერნატივა გვაქვს სკოლაში, თუ აცივდა და ექსკურსიაზე ვერ მივდივართ

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.