წულაიას ორთვიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება
პოლიტიკოს გოგი წულაიას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორთვიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დაუდასტურა.
წუალაიას ბრალი 2 მუხლით ჰქონდა წარდგენილი, საიდანაც ერთში გამართლდა ხოლო, მეორეში დამნაშავედ სცნეს. წულაიას ჯამში 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმდა ვინაიდან მას 4 თვე პატიმრობაში უკვე გატარებული აქვს, სასჯელის მოხდა მხოლოდ 2 თვით უწევს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ნოემბერს წულაია გაამართლა ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლში, ხოლო დამნაშავედ ცნო ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
წულაია 2021 წლის მარტში ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ კი 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის განცხადებით, ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 14 ნოემბერს განაცხადა, რომ უწყება აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს:
“საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ [გოგი წულაიამ] მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით, ა.დ.-ს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, გ.წ.-მ დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.წ.-მ დაზარალებულის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გოგი წულაია ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით გულისხმობს, ასევე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
გოგი წულაიას სექსუალურ ძალადობაში მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ადანაშაულებდა. დვალიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში აღწერდა, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა:
„წლების მეგობრები ვართ, მეტი თუ არაფერი, მამაჩემისხელა კაცია… არც მიფიქრია არაფერი ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე. დალურჯებული მაქვს ხელები, წელი, ყველაფერი.. სადაც მოახერხა მოწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა… სადაც მე გამიბედა ამდენი, დარმწუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა.. არავინ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო. არცერთ მოძალადე კაცს არ დავინდობ“, – აცხადებს ის.
თავად წულაია წარდგენილ ბრალს არ აღაირებდა და თავს “ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად” მოიხსენიებდა.