ინგლისში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა შესაძლოა ფარდა ახადოს იმას, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე წყალი
ინგლისის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა შესაძლოა დედამიწაზე წყლის გაჩენის საიდუმლოს ახადოს ფარდა. როგორც The Guardian წერს, ციური სხეული, რომელიც 4.6 მილიარდი წლისაა, ბრიტანეთში გასულ წელს ჩამოვარდა და ერთ-ერთი ყველაზე მყარი მტკიცებულებაა, რომ წყალი დედამიწაზე მზის სისტემაში მოძრავი ასტეროიდების მეშვეობით მოხვდა.
აღნიშნული თეორიის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ დედამიწა ჩამოყალიბებისას სიცოცხლისთვის არახელსაყრელი იყო, რადგანაც მაღალი ტემპერატურის გამო წყალი თხევადი სახით ვერ იარსებებდა, თუმცა შესაძლებელია წყალი პლანეტაზე მოგვიანებით, მზის სისტემის იმ ნაწილიდან ჩამოსულიყო მეტეორების და კომეტების მეშვეობით, რომელსაც მეცნიერები მზის სისტემის ადრეული ფორმირების პერიოდში „ყინულის ხაზს“, ახლა კი „მეტეორების სარტყელს“ უწოდებენ.
მეტეორიტი, რომელიც გასული წლის თებერვალში ინგლისში ჩამოვარდა, უძველესია და მზის სისტემის ფორმირების პერიოდით თარიღდება. მეცნიერებმა მისი პოვნა ჩამოვარდნიდან მალევე შეძლეს და დაუყოვნებლივ შესწავლა დაიწყეს. სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, მეტეორიტი წყალბადის იზოტოპების იმგვარ პროპორციას შეიცავდა, რაც ახლოსაა დედამიწაზე არსებული წყლის შემცველობასთან.
„ამგვარი მეტეორიტები თითქმის ზუსტად ემთხვევა წყლის შემცველობას დედამიწის ოკეანეებში და შესაძლოა სწორედ ამგვარი ასტეროიდები ყოფილიყო დედამიწაზე წყლის მთავარი წყარო“, – აცხადებს კვლევის ავტორი The Guardian-თან.
მკვლევართა თქმით, მეტეორიტის შემადგენლობაში ასევე იყო ამინომჟავები, რომლებიც ფუნდამენტურია ორგანული სიცოცხლისთვის. შესაბამისად, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამგვარმა ციურმა სხეულებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დედამიწის ფორმირების ადრეულ სტადიაზე წყლისა და სიცოცხლის გაჩენაში.