აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შედის – რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა მოთამაშეებმა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი.
პროექტი აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, გარდა 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვისა, შეიქმნება დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა სია. განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრეც და აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს და ასევე სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს.
„თინეიჯერების 58% დაავადებულია ლუდომანიით“
გარდა ამისა, როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს პარლამენტიდან 22 დეკემბერს აცნობეს, ცვლილებათა პაკეტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ახალი პუნქტების გაჩენას ითვალისწინებს, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული. ასევე ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში. მკაცრდება აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი იზრდება.
მუხლობრივი განხილვის შემდეგ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტს მხარი, მეორე მოსმენით დაუჭირა.