უკრაინა და ევროპა ამ ომს მოიგებს, გერმანიასთან ერთად ან მის გარეშე – პოლონეთის პრემიერი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინისთვის ლეოპარდ 2-ის ტანკების გადაცემაზე უარს იტყვის, ის მოძებნის პარტნიორებს, რათა უკრაინას აღნიშნული ტანკები მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP ავრცელებს.
მან გამოცემასთან “მიუღებელი” უწოდა გერმანიის პოზიციას რამშტაინის სამიტზე, სადაც გერმანიის პოზიციის გამო უკრაინისთვის ლეოპარდ 2-ის ტანკების გადაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
მორავიეცკის თქმით, პოლონეთი მზადაა გვერდი აუაროს უკრაინის წინააღმდეგობას და შექმნას “უფრო მცირე კოალიცია” ისეთ ქვეყნებთან ერთად, რომელთაც უკრაინისთვის ლეოპარდ 2-ების გადაცემა სურთ.
“ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების სამხილების ნახვა შესაძლებელია ტელევიზიით და Youtube-ზე. მეტი რა სჭირდება გერმანიას, რომ თვალი გაახილოს და გერმანიის სახელმწიფოს პოტენციალის შესაბამისად დაიწყოს მოქმედება?!… სულ მცირე, ბერლინმა არ უნდა შეასუსტოს ან ხელი შეუშალოს სხვა ქვენების ქმედებებს.
მათ იმედი ჰქონდათ, რომ რუსულ დათვს მოათვინიერებდნენ გულუხვი კონტრაქტებით”, – თქვა მორავიეცკიმ და აღნიშნა, რომ გერმანიას ეს არ გამოუვიდა და ამის აღიარება ამ დრომდე უჭირს.
“ვცდილობდი კარგად ამეწონ-დამეწონა ჩემი სიტყვები, თუმცა ახლა ვიტყვი პირდაპირ. უკრაინა და ევროპა ამ ომს მოიგებს გერმანიასთან ერთად ან მის გარეშე”, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ახლა ბერლინზეა დამოკიდებული შეუერთდება თუ არა რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შეჩერების მისიას, თუ პასიურად უყურებს ამ პროცესებს და ისტორიის არასწორ მხარეს იქნება.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებს, რომ სამომავლო გადაწყვეტილებას გერმანია მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-თან კოორდინაციის შედეგად მიიღებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ დაუსვეს შეკითხვა.
ამასთან, შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ერთად როგორც ევროპელები – ევროპული სამშვიდობო პროექტის დასაცავად”.
20 იანვარს 50-მდე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას, მათ შორის ისეთ ჯავშანტექნიკასა და საბრძოლო მასალას გადასცემდნენ, რაც რუსეთის სამხედრო ძალების უკან დახევისთვის არის საჭირო. თუმცა, გერმანიამ რამშტაინის ავიაბაზაზე ნატოსა და სხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლეოპარდ 2-ის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებისთვის “მწვანე შუქის ასანთებად” მოკავშირეებს შორის თანხმობა უნდა შედგეს.
რა არის ლეოპარდ 2 და რატომ სჭირდება უკრაინას
ლეოპარდ 2 გერმანული წარმოების მთავარი საბრძოლო ტანკია. ის საკუთარი შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.
The Guardian-ის თანახმად გერმანიის გარდა ლეოპარდ 2-ის ტანკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო არსენალში ირიცხება. ისინი ამ ქვეყნებს ექსპორტის ლიცენზიით მიეწოდა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე, გერმანიას შეუძლია ვეტო დაადოს მის რეექსპორტს. მაგალითად, არ მისცეს ნება პოლონეთს, რომელსაც უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გადაცემა სურს, ამის უფლება.
გამოცემის მიხედვით, კიევში, ხარკოვსა და ხერსონში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიუხედავად, უკრაინას საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი აფერხებს. გამოცემის თანახმად, უკრაინის ტანკები ძირითადად საბჭოთა ან პოსტ-საბჭოთა პერიოდისაა.
უკრაინა და მისი მოკავშირეები კი მიიჩნევენ, რომ ომის დასრულებას დააჩქარებდა რუსეთის დამარცხება უკრაინის კონტრშეტევით ბრძოლებში.
ლეოპარდ 2 ფართოდ ხელმისაწვდომია, რის გამოც ის უკრაინისთვის ხელსაყრელია. მაგალითად, აღნიშნული ტანკები ჰყავს პოლონეთსაც, რომლის პრემიერ-მინისტრმაც რამშტაინის სამიტამდე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გერმანიის გადაწყვეტილების მიუხედავად განიხილავდნენ.
მიწოდების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა ნატოს ქვეყნების მხრიდან ომში ჩართვის ესკალაცია იქნება, რაც გაზრდის ომის მასშტაბების გავრცელების საფრთხეს. თუმცა, უკრაინა აცხადებს, რომ ტანკებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დასაცავად გამოიყენებს.