3 ათწლეულის შემდეგ პირველად, თურქეთსა და სომხეთს შორის სასაზღვრო პუნქტი ჰუმანიტარული მიზნით გაიხსნა
სომხეთსა და თურქეთს არსებული სასაზღვრო პუნქტი, რომელიც 3 ათწლეულის მანძილზე ჩაკეტილი იყო, თურქეთის სამხრეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად გაიხსნა. ინფორმაციას თურქული და სომხური მედია, ასევე, დიპლომატები ავრცელებენ.
თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში, სერდარ ქილიჩმა, გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, როგორც კვეთენ ტრაილერები სასაზღვრო პუნქტს თურქეთის მიმართულებით.
“მე ყოველთვის მემახსოვრება უხვად გამოგზავნილი დახმარება სომხეთის ხალხის მიერ, რათა ტანჯვის შემსუბუქებაში დაეხმარონ თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში მყოფ ჩვენს ხალხს”, — დაწერა მან.
Thank you dear @VahanKostanyan thank you dear @RubenRubinyan for your kind efforts to make this happen. I will always remember the generous aid sent by the people of Armenia to help alleviate the sufferings of our people in the eartquake striken region in Türkiye. https://t.co/4Q6PHOhsVj pic.twitter.com/NNU7r0FLow
— Serdar KILIÇ (@serdarkilic9) February 11, 2023
სოციალურ მედიაში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვაჰან ჰუნანიანმაც დაწერა, რომ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა ტრაილერებმა გადაკვეთეს სასაზღვრო ხიდი და დაზარალებული ტერიტორიებისკენ გაემართნენ.
მანამდე, სომხეთმა მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში მაშველებიც გაგზავნა.
სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 90-იან წლებში გაწყდა და საზღვარიც ჩაიკეტა.
— Vahan Hunanyan 🇦🇲 (@v_hunanyan) February 11, 2023
ორ ქვეყანას შორის მწვავედ დგას 1.5 მილიონი სომხის საკითხი, რომლებიც, სომხეთის თანახმად, 1915 წელს დახოცეს ოსმალეთის იმპერიაში – თანამედროვე თურქეთის წინამორბედ სახელმწიფოში. სომხეთი აღნიშნულს გენოციდს უწოდებს.
გენოციდს სომხეთის გარდა, სხვადასხვა ფორმით აღიარებს დაახლოებით 30 სახელმწიფო, ისევე როგორც რომის პაპი ფრანცისკე და ევროპარლამენტი. თავის მხრივ, თურქეთი ამბობს, რომ ბევრი სომეხი დაიღუპა ოსმალეთის ძალებთან შეტაკებებისას პირველი მსოფლიო ომისას, თუმცა არ ეთანხმება ზემოხსენებულ რიცხვს და დასძენს, რომ პროცესი სისტემური არ იყო.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე აისახა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტიც ყარაბაღის გარშემო.
ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობის ფარგლებში, გასულ წელს ორი ქვეყნის ლიდერები ევროპულ სამიტზე არაოფიციალურად შეხვდნენ ერთმანეთს. აღნიშნულს წინ უძღოდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
თურქეთისა და სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ღამით მოხდა. დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 28 000-ს აჭარბებს.
თურქეთის ხელისუფლების თანახმად, ქვეყანაში 24 617 დაღუპულია აღრიცხული. სირიიდან 3 553 დაღუპულის შესახებ იუწყებიან. ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და საკვების, წყლისა თუ სხვა რესურსების ნაკლებობას განიცდის.