ახალი ამბები

ბოლონიის დეკლარაცია – უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე და საქართველო

ბოლონიის დეკლარაცია – უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე და საქართველო

ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა 1999 წლის 19 ივნისს იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქში ხელი მოაწერა ბოლონიის დეკლარაციას. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით შესაბამისმა სახელმწიფოებმა გამოხატეს საერთო მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებაში. იგი ევროპული უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობას და სისტემურ თავსებადობას უზრუნველყოფს. 2005 წელს კი, ბერგენის სამიტზე, საქართველომ ხელი მოაწერა ბოლონიის დეკლარაციას.

როგორც ამბობდნენ, საქართველოსთვის ამ პროცესში ჩართვა ერთგვარი გამოსავალი იყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებეში გამეფებული კორუფციის აღსაკვეთად. ამასთან, განათლების სისტემა სტრატეგიული დაგეგმვის, ინოვაციური სწავლებისა, განახლებული კურიკულუმებისა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ნაკლებობას განიცდიდა.

ქართული უმაღლესი განათლების სისტემა როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით მრავალმხრივ რეფორმას ითვალისწინებს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ვალდებულებების შესრულება ქვეყანას ნაბიჯ-ნაბიჯ უწევს, თუმცა, ჯერ წინ დიდი გზაა. 2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში – “ბოლონიის პროცესი საქართველოში” კი, რომელიც სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა გამოსცა, ეწერა, რომ ეს არის საქართველოში ფორმალურ დონეზე წარმატებით დანერგილი, თუმცა, საბოლოო ჯამში, შინაარსობრივად პრობლემური პროცესი.

2020 წელს, გამოქვეყნდა კიდევ ერთი კვლევა – ბოლონიის პროცესის 15 წელი საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები და რეკომენდაციები

EDU.ARIS.GE– შეგახსენებთ ბოლონიის დეკლარაციის შინაარსს, რომელსაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ბოლონიის პროცესის ყველა სხვა დოკუმენტის შინაარსთან ერთად უნდა შეესაბამებოდეს.

ევროპის განათლების მინისტრების ერთობლივი დეკლარაცია.
ბოლონია, 1999 წლის 19 ივნისი.

ბოლო წლების განსაკუთრებული მიღწევების გამო, ევროპაში მიმდინარე პროცესი უფრო კონკრეტული და მნიშვნელოვანი რეალობა გახდა ევროკავშირისა და მისი მოქალაქეებისათვის. გაფართოების ტენდენციები, ევროპის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, ამ რეალობას უფრო დიდ პერსპექტივებს უსახავს. ამავე დროს, ჩვენ იმის მოწმენი ვართ, რომ პოლიტიკური და აკადემიური სამყაროს დიდი ნაწილი და საზოგადოება სულ უფრო მეტად აცნობიერებს სრულყოფილი და წარმატებული ევროპის აუცილებლობას. კერძოდ, მისი ინტელექტუალური, კულტურული, სოციალური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური განზომილებების გაერთიანებასა და გაძლიერებას.

„ცოდნის ევროპა“ ამჟამად ფართოდაა აღიარებული, როგორც სოციალური და ინდივიდუალური ზრდის უცვლელი ფაქტორი და ევროპის მოქალაქეების კონსოლიდაციისა და სულიერი გამდიდრების აუცილებელი კომპონენტი. მას შეუძლია, მისცეს თავის მოქალაქეებს საჭირო კომპეტენცია ახალი ათასწლეულის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად და იმის შეგრძნება, რომ ისინი იზიარებენ ერთიან ღირებულებებს და ეკუთვნიან საერთო სოციალურ და კულტურულ სივრცეს.

განათლება და საგანმანათლებლო თანამშრომლობა გადამწყვეტი ფაქტორია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერებისათვის, განსაკუთრებით იმ სიტუაციის ფონზე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში შეიქმნა. ამ მოსაზრებებზე დაფუძნებულმა 1998 წლის 25 მაისის სორბონის დეკლარაციამ გამოკვეთა უნივერსიტეტების ცენტრალური როლი ევროპის კულტურულ განზომილებათა განვითარებაში. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეთა მობილობის, დასაქმების გაუმჯობესებისა და კონტინენტის ყოველმხრივი განვითარებისათვის.

დეკლარაციაზე ხელის მოწერით, თუ პრინციპული თანხმობის გამოხატვით რამდენიმე ევროპული ქვეყანა დაეთანხმა დეკლარაციაში დასახული მიზნების განხორციელებას. ამავდროულად, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაწყებული უმაღლესი განათლების რეფორმა ადასტურებს მთავრობათა უმეტესობის მზაობას, იმუშაოს ამ მიმართულებით.

თავის მხრივ, ევროპის უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს გამოწვევა და მთავარი როლი იტვირთეს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნასა და ბოლონიის 1988 წლის უნივერსიტეტების დიდი ქარტიის (Magna Charta Universitatum) ფუნდამენტური პრინციპების აღორძინებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა და ავტონომია უზრუნველყოფს უმაღლესი განათლებისა და კვლევის მუდმივ შესაბამისობას ცვალებად საჭიროებებთან, საზოგადოების მოთხოვნებსა და მეცნიერული ცოდნის განვითარებასთან.

კურსი სწორი მიმართულებითა და გამოკვეთილი მიზნით დაისახა. მაგრამ სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების თავსებადობისა და შესადარებლობის მაღალი დონის მიღწევა მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას. რეალურ წინსვლას კონკრეტული ღონისძიებებით უნდა შეეწყოს ხელი. 18 ივნისის შეხვედრაში ავტორიტეტული ექპერტებისა და მეცნიერების მონაწილეობამ უზრუნველყო სასარგებლო წინადადებების წამოყენება შემდგომი მოქმედებისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ უმაღლესი განათლების ევროპული სისტემის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას. ნებისმიერი ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს იმით, თუ რამდენად მიმზიდველია მისი კულტურა სხვა ქვეყნებისათვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამორჩეული კულტურული და სამეცნიერო ტრადიციების მქონე უმაღლესი განათლების ევროპული სისტემის მიმზიდველობა მთელი მსოფლიოსათვის.

ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას სორბონის დეკლარაციაში ჩამოყალიბებული ზოგადი პრინცი პებისადმი და ჩვენი შეთანხმებული მოქმედებით მოკლე ხანში – ნებისმიერ შემთხვევაში, მესამე ათასწლეულის პირველ დეკადაში მაინც შევძლებთ მივაღწიოთ ქვემოთ მოცემულ უმთავრეს მიზნებს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დასამკვიდრებლად და უმაღლესი განათლების ევროპული სისტემის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად:

  • იოლად გასაგები და შესადარებელი აკადემიური ხარისხების სისტემის შემოღება მათ შორის დიპლომის დანართის დანერგვის გზით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპის მოქალაქეების დასაქმებასა და უმაღლესი განათლების ევროპული სისტემის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას;
  • ძირითადად ორ მთავარ საფეხურზე დაფუძნებული სისტემის შემოღება დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი საფეხურები. განათლების მეორე საფეხურზე დაშვების წინაპირობაა პირველი, სულ მცირე, სამწლიანი საფეხურის, წარმატებით დასრულება. უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დასრულებისას მინიჭებული აკადემიური ხარისხი, როგორც კვალიფიკაციის შესაბამისი დონე, მისაღები უნდა იყოს ევროპული შრომის ბაზრისათვის. მეორე საფეხური, როგორც ეს მიღებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მინიჭებით უნდა დასრულდეს;
  • კრედიტების სისტემის (კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის – ECTS), როგორც სტუდენტების მობილობის ხელშემწყობი საშუალების შემოღება. კრედიტების მოპოვება შესაძლებელი უნდა იყოს უმაღლესი განათლების ფარგლებს გარეთაც, მაგალითად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ჩათვლით, იმ პირობით, თუ მათ შესაბამისი უნივერსიტეტები აღიარებენ.

მობილობის ხელშეწყობა ისეთი წინააღმდეგობების დაძლევით რომელიც ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას. კერძოდ:

– სტუდენტებისათვის სწავლისა და წვრთნის შესაძლებლობისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობა;

– მასწავლებლების, მეცნიერებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ ევროპულ სივრცეში კვლევებზე, პედაგოგიურ მოღვაწეობასა და წრთვნაზე დახარჯული პერიოდის აღიარება და ცნობა, მათთვის კანონით დადგენილი უფლებების დაცვით.

ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ევროპული თანამშრომლობის ხელშეწყობა შესადარებელი კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიების შემუშავების კუთხით.

უმაღლეს განათლებაში აუცილებელი ევროპული განზომილებების დანერგვა განსაკუთრებით, კურიკულუმების (საგანმანათლებლო პროგრამების) განვითარება, სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, მობილობის სქემებისა და სწავლების, წვრთნისა და კვლევების ინტეგრირებული პროგრამების შექმნა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ – ინსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, კულტურების, ენების, ეროვნული განათლების სისტემების მრავალფეროვნებისა და უნივერსიტეტთა ავტონომიის სრული პატივისცემით მივაღწევთ დასახულ მიზანს – განვახორციელებთ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კონსოლიდაციას. ამისათვის ჩვენ გავაგრძელებთ როგორც მთავრობებთან, ისე უმაღლესი განათლების სფეროში მომუშავე ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. ჩვენ ველით, რომ უნივერსიტეტები კვლავაც დროულად და დადებითად გამოგვეხმაურებიან და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ განზრახვის წარმატებით განხორციელებაში.

გვჯერა, რომ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ჩამოყალიბება მოითხოვს მუდმივ მხარდაჭერას, სისტემატურად წარმოქმნილი საჭიროებების კონტროლსა და ადაპტაციას, ჩვენ გადავწყვიტეთ კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს ორ წლის შემდეგ, რათა შევაფასოთ მიღწეული წარმატებები და დავსახოთ შემდგომი ნაბიჯები.

ხელს აწერენ ავსტრიის ბელგიის ბულგარეთის ჩეხეთის დანიის ესტონეთის ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, მალტის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები.

ასევე იხილეთ:

ცვლილებები, მიღწევები, ჩავარდნები – რა მოუტანა 2022-მა საქართველოს განათლების სისტემას, მთელი წელი ერთ სტატიაში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.