ახალი ამბები

„სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი X-XII კლასებში შემცირებულია, რაც საატესტატო გამოცდების გაუქმებით არის გამოწვეული“

„სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი X-XII კლასებში შემცირებულია, რაც საატესტატო გამოცდების გაუქმებით არის გამოწვეული“

არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მოამზადებული კვლევის, „სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლები და საგანმანათლებლო პოლიტიკის გავლენა“ (2013-2022) თანახმად, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მოსწავლეთა მიერ სტატუსის შეჩერებისა და სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი შემცირებულია. თუმცა, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 2021-2022 აკადემიურ წელს წინა აკადემიურ წელთან შედარებით:

„სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი შემცირებულია ბოლო წლების დინამიკაში, ძირითადად საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლის შემცირების ხარჯზე, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია საატესტატო გამოცდების გაუქმებით“.

ანგარიშში, რომელიც 2023 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, ასახულია კონკრეტული ციფრებიც წლების მიხედვით:

„საშუალო საფეხურზე სწავლის შეწყვეტის რაოდენობის მკვეთრი შემცირება თვალსაჩინოა 2019-2020 აკადემიური წლიდან. თუ საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი 10087 მოსწავლე იყო 2013-2014 აკადემიურ წელს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4787-ი იყო 2019-2020 აკადემიური წლისთვის. მკვეთრი შემცირება თვალსაჩინოა არა მხოლოდ ზოგადად საშუალო საფეხურისთვის არამედ კონკრეტულად მეათეკლასელებშიც. თვალსაჩინოა, რომ კონკრეტულმა საგანმანათლებლო პოლიტიკამ, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ, რომელიც დაკავშირებული იყო სასკოლო ატესტატის მიღებასთან, შეამცირა სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი საშუალო საფეხურზე“.

კვლევის თანახმად, სწავლის მიტოვების მაჩვენებლის მიხედვით დინამიკა ცხრაწლიან ჭრილში კლებადია. 2013-2014 წელს სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი 14 057 მოსწავლეს შეადგენდა. ამ მაჩვენებლის კლება თვალსაჩინოდ დაიწყო 2019 წლიდან, თუმცა, უკანასკნელ წელს სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა წინა აკადემიურ წელთან შედარებით.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, სწავლის შეწყვეტის გაზრდილი მონაცემების მთავარი მიზეზი 2021-2022 აკადემიურ წელს საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრება იყო: „2021-2022 წლებში, საქართველოში 3 330-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა“.

„2020-2021 და 2021-2022 აკადემიურ წლებს შორის სწავლის შეწყვეტის გამომწვევ მიზეზებში მკვეთრი სხვაობაა: მნიშვნელოვნად მატულობს მიზეზი – საზღვარგარეთ ოჯახის გამგზავრება. აგრეთვე გაზრდილია მშობლების მიერ დაწერილი განცხადების მიზეზით სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი 2021-2022 წელს წინა აკადემიურ წელთან შედარებით“.

რაც შეეხება სხვა საფეხურებს, აქ სწავლის შეწყვეტის განსხვავებული მაჩვენებლები გვაქვს და როგორც ანგარიშში ვკითხულობთ მაჩვენებლები გაზრდილია. 2013-2022 წლების დინამიკაში, გაზრდილია სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი დაწყებით საფეხურზე არა მხოლოდ საფეხურებრივ ჭრილში, არამედ რაოდენობრივი თვალსაზრისითაც:

„ცხრაწლიან ჭრილში გაზრდილია სწავლის შეწყვეტის ხვედრითი წილი დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. განსაკუთრებით მაღალია დაწყებითი საფეხურის ხვედრითი წილის ზრდა და 12,5%-იდან გაზრდილია 34,9%-მდე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება სკოლის დასრულების მაჩვენებელებს, ყველაზე მეტი, 76% თბილისზე მოდის, კახეთის რეგიონში სკოლის დასრულების მაჩვენებელი 42%-ია, გურიის რეგიონში კი სკოლას 47% ამთავრებს.

ანგარიშში წერია, რომ თვალსაჩინოა, სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელიც, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული სკოლის დასრულების დაბალ მაჩვენებელთან, განპირობებულია მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით, მისი ტერიტორიული და გეოგრაფიული განსახლებით, ეთნიკური წარმომავლობით.

„სრული ზოგადი განათლების მიღება და სკოლის დასრულება გამოწვევაა საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის, ტერიტორიული და გეოგრაფიული განსახლების ტიპის, ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე. საშუალო საფეხურის დასრულების მაჩვენებელი შეადგენს 88%-ს მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახების მოსწავლეებისთვის და მხოლოდ 43%-ია დაბალი სოციალურ ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებიდან გამოსული მოსწავლეებისთვის. ეს მაჩვენებელი 74%-ია საქალაქო დასახლებებში და მხოლოდ 50%-სასოფლო განსახლებებში, 69%-ია ეთნიკურ ქართველებში და მხოლოდ 33%-აზერბაიჯანელებში და 44-სხვა ეთნიკურ ჯგუფებში, გარდა ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისა“, – განმარტებულია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ კვლევაში.

ასევე იხილეთ:

ერთი მოსწავლის კვება სახელმწიფოს დღეში 2.50 ლარიდან 4.50 ლარამდე დაუჯდება – ახალი დეტალები სასკოლო კვების პროგრამის შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.