ახალი ამბები

კობახიძე ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას EU-ში უვიზო მიმოსვლას უკავშირებს

კობახიძე ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას EU-ში უვიზო მიმოსვლას უკავშირებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბოლო წლებში მოსახლეობის გადინებას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას უკავშირებს.

ამის შესახებ განცხადება კობახიძემ დღეს, 20 თებერვალს, ფეისბუკზე დაწერა.

მისი თქმით, როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს.

„მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით – 3.4 მილიონიდან 2.8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით – 2.3 მილიონიდან 1.9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.

ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-2021 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-2012 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა)“, — აცხადებს კობახიძე.

კობახიძის მტკიცებით, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-2021 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

ამასთან, კობახიძე აშშ-ის სავიზო პოლიტიკაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათი პოლიტიკა ქართველების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს.

„აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა. რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის, ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ის მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა“, — აცხადებს კობახიძე.

როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, „თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს“.

მისი თქმით, ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, „არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული“.

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.