კასპში პოლიციელსა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – პროკურატურა
კასპის სოფელ მეტეხში პოლიციელსა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა 16 ივლისს, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას მოხდა, რა დროსაც პოლიციელის მეუღლის ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მანქანა შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა.
მათივე ინფორმაციით, მომხდარს შეესწრო თავად პოლიციელიც, რომელიც ასევე აღნიშნულ გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად.
„ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მ.მ.-ს მეგობრები – ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მივიდნენ. ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს.
ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციელის დედამ სსიპ 112-ში დარეკვა სცადა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას მობილური ტელეფონი წაართვა.
გარდა ამისა, ჯ.ც. დაზარალებულისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და სხვა ბრალდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე სამივე პირი დაკავებულია. პროკურატურამ მათ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით.