ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგების ნახვა სკოლის ადმინისტრაციას შეეძლება ვებგვერდზე online.naec.ge ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით. ასევე, საკუთარი შედეგისა და ნაშრომის სკანირებული ასლის ნახვის შესაძლებლობა აქვს ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეს, რომელმაც სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი.
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 22 მარტს განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 23 მარტის 10:00 საათიდან 24 მარტის 18:00 საათამდე.
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.
შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში გადამსვლელი ქულები განისაზღვრება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების გათვალისწინებით.
მესამე ტურის ტესტები და სწორი პასუხები
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა რეიტინგული სია, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.