ახალი ამბები

ენმ-მ პრეზიდენტთან ერთად 12 პუნქტზე მუშაობის სურვილი გამოთქვა

ენმ-მ პრეზიდენტთან ერთად 12 პუნქტზე მუშაობის სურვილი გამოთქვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოთქვამს მზადყოფნას, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტთან ითანამშრომლოს. ამ საკითხზე 31 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისაუბრა დეპუტატმა ენმ-დან, ლევან ბეჟაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოველწლიური მოხსენების წარდგენის შემდეგ, ბეჟაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა “კარგი, ობიექტური” შეფასებები გაახმიანა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“მივიღებთ იმ კრიტიკასაც, რომელიც ოპოზიციასთან მიმართებაში გააჟღერა ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუმცა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ვინაიდან დღეს ხელისუფლებაზეა მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებისა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვის კუთხით,” — დასძინა დეპუტატმა.

ბეჟაშვილის სიტყვებით, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ისტორიული შანსის წინაშეა და ფაქტი, რომ ამ პროცესში საზოგადოებამ თავისი პასუხისმგებლობა გააცნობიერა, გასული წლის ზაფხულში და მიმდინარე წლის მარტში გამართულ დემონსტრაციებზეც გამოჩნდა.

“შესაბამისად, აქაც უნდა გააკეთოთ არჩევანი ქალბატონო პრეზიდენტო: ხალხის გვერდზე დადგებით თუ მთავრობის გვერდზე. ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც არამხოლოდ პოლიტიკური მიმომხილველი იქნება და კარგ განცხადებებს გააკეთებს უცხოურ მედიასთან თუ საერთაშორისო ფორუმებზე, პოლიტკორექტულობის ფარგლებში.

არამედ, [საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი], რომელიც იქნება რეალური პოლიტიკური აქტორი, კონსტიტუციის დამცველი და აღსრულების გარანტი, რაც გულისხმობს პოლიტიკური პროცესების ობიექტურ არბიტრირებას, ევროინტეგრაციის გარანტიის უზრუნველყოფას, პოლიტიკური სასამართლო სისტემის დამაბალანსებლის და შემაკავებლის როლის შესრულებას”, — დასძინა დეპუტატმა.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია დეპოლარიზაციას მოითხოვს, ეს უკანასკნელი კი, ბეჟაშვილის აზრით, წარმოუდგენელია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” დამფუძებლის, ნიკა გვარამიას საკითხის “ობიექტური, სამართლიანი” გადაწყვეტის გარეშე.

მანვე ახსენა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.

” საქართველოს სჭირდება გამარჯვება. ამ გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, გვერდზე გადაიდოს პოლიტიკური სიმპათიები, კომპლექსები და ეს არ არის ზეწოლა ქალბატონო პრეზიდენტო და არც მოთხოვნა.

ეს არის ხალხის ობიექტური მოლოდინი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირებიდან ვინმეს მაინც აღმოაჩნდება უნარი, დადგეს ყველაფერზე მაღლა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ევროპული იდეის გარშემო.

რაც შეეხება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, თქვენს როლსა და ინიციატივას, მათ შორის, კონსტიტუციური ბერკეტების გამოყენებას: აქაც დაგეთანხმებით და გამოვთქვამთ მზადყოფნას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილში თქვენთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შესაქმნელად. არა ისე, როგორც წარმოუდგენია ცალსახად ხელისუფლებას, არამედ როგორც წარმოუდგენია საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს და ჩვენ, ყველას ერთად.

საქართველოს სჭირდება გამარჯვება, ევროპული არჩევანი და ამ საქმეში, ამ გამარჯვებაში, თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ველით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს”, — უთხრა ბეჟაშვილმა ზურაბიშვილს.

რა თქვა ზურაბიშვილმა

ზურაბიშვილმა ყოველწლიური მოხსენებისას თქვა, რომ “ქართული ოცნება” იყო ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში დააბრუნა, ისევე როგორც, გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, თუმცა შემდეგ გადაუხვია ხალხის ნებას.

მისი თქმით, ქვეყანაში ძლიერდება ერთპარტიული მმართველობა და ხელისუფლება თავისი “გაუგებარი გადაწყვეტილებებით” უპირისპირდება როგორც საქართველოს საგარეო მიზანს, ისე ხალხის მანდატს.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა “ოცნების” დეპუტატებს შეახსენა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.

პრეზიდენტისვე სიტყვებით, ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება მაშინ, როცა ქართულ პოლიტიკას მმართველი პარტიის მაშინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტოვებს.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა “ოცნების” დეპუტატებს უთხრა, რომ როგორც უნდა ეცადონ — დაემუქრონ იმპიჩმენტით, უჩივლონ საკონსტიტუციო სასამართლოში თუ აუკრძალონ საერთაშორისო ვიზიტები — მაინც ვერ შეცვლიან პრეზიდენტის მიზანს, რომელიც “საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულებაა”.

პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბევრი გაუგებარი განცხადება მოისმინეს.

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.