რა „გამოიტანეს“ პედაგოგებმა განათლების სამინისტროდან პირველი შეხვედრის შემდეგ
„წინა განათლების მინისტრისგან განსხვავებით, რომელიც პედაგოგებს თვალითაც არ გვინახავს, ეს ალალად შეგვხვდა და მოგვისმინა“, – ასეთი სიტყვებიც გაისმა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოსული ერთ-ერთი პედაგოგის მხრიდან, რომელმაც საკუთარი მოთხოვნები და პრეტენზიები გიორგი ამილახვართან მწვავედ დააყენა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და სამინისტროში შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან მასწავლებლების 2 საათიანი შეხვედრა დასრულებულია. EDU.ARIS.GE შეხვედრიდან გამოსულ პედაგოგებს ესაუბრა და შეეცადა გაერკვია, მივიდნენ თუ არა მხარეები კონკრეტულ შეთანხმებამდე.
როგორც EDU.ARIS.GE-სთვის ხდება ცნობილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დღეს პედაგოგების პირველ ნაწილს შეხვდა, შეხვედრებს რეგიონებში გააგრძელებს. კონკრეტული პოზიცია კი, სამინისტროს მხრიდან სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაჟღერდება. თავად მინისტრმა პედაგოგებს განუმარტა, რომ გადაწყვეტილებების თაობაზე კონკრეტული ვადების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებდა.
ყველაზე დიდი ხმაური კი, როგორც სამინისტროდან გამოსული მასწავლებლები გვიხსნიან, დარბაზში პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც განათლების მინისტრს პორტფოლიოს წარდგენის ვადის გადაწევის საკითხი დააყენა, რასაც მასწავლებლების ძირითადი ნაწილი არ ეთანხმება.
„როცა მასწავლებელთა უმრავლესობა პორტფოლიოს გაუქმებას ან არჩევანის თავისუფლებას ითხოვდა, წამოდგა პროფკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მინისტრს თხოვნით მიმართა, ჩვენი წევრების სახელით გთხოვთ, პორტფოლიოს წარდგენის გადავადებასო. ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რასაც მინისტრი არ ელოდა“, – გვიყვება შეხვედრიდან გამოსული მასწავლებელი.
178-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თინათინ პაპუაშვილი გვიხსნის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე „განსახილველი იყო ძალიან ბევრი საკითხი, თუმცა, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე განგვეხილა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის სქემა და ის, რომ პედაგოგებს მიეცეთ შესაძლებლობა, სტატუსის მინიჭებისთვის არჩევანი გააკეთონ პორტფოლიოსა და გამოცდას შორის“.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, დააფიქსირა თუ არა მინისტრმა მკაფიო პოზიცია პორტფოლიოსთან დაკავშირებით, პედაგოგმა გვითხრა, რომ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა – „პორტფოლიოს წარდგენის საკითხი გადასახედია“:
„დაგვეთანხმა, რომ პორტფოლიოს საკითხი არის გადასახედი და ამ ეტაპზე რჩება ხაზზე, პასუხი ჯერ არ გაუცია. ჩვენ პორტფოლიოს წარდგენის ვადების გადახედვის საკითხი კატეგორიულად არ განვიხილეთ და არც ყოფილა მათგან ასეთი შემოთავაზება. დაპირება, ვფიქრობ, მივიღეთ. კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ გვითხრა, რომ ისევ გეგმავს პედაგოგებთან შეხვედრას“.
ჩვენს დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ გაუჟღერებია მინისტრს, რა ვადაში მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან სტატუსის მინიჭებისთვის პორტფოლიოს წარდგენის პროცესი უკვე დაწყებულია (ვადა 29 აპრილამდე) და პედაგოგების ნაწილი თავს იკავებს პორტფოლიოზე მუშაობისგან, რადგან ფიქრობს, რომ გაუქმდება, მასწავლებელმა ასეთი პასუხი გაგვცა:
„სანამ ამოიწურება პორტფოლიოს წარდგენის ვადა, იქამდე იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან. ეს იყო ის, რაც გვითხრა მინისტრმა, სხვა პოზიცია არ გაჟღერებულა“.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეხვედრაზე დასწრება მსურველი პედაგოგების ნაწილმა ვერ შეძლო, რადგან შეხვედრა სამუშაო დღეს იყო ჩანიშნული. ამ საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროდან გამოსული პედაგოგებიც საუბრობდნენ და იმედს იტოვებდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა არასამუშაო დღეს გაიმართება.
„ბევრმა ჩვენმა კოლეგამ, რომელსაც შეხვედრაზე დასწრება სურდა, ვერ შეძლო მოსვლა, რადგან გაკვეთილი ჰქონდა და ვერ გადაცვალა საათები. იმედია, მომდევნო შეხვედრაზე მაინც იქნება გათვალისწინებული ეს ფაქტორი და ყველას შეეძლება დასწრება“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან ერთ-ერთმა პედაგოგმა“.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომაც, სადაც ვკითხულობთ, რომ მინისტრმა მასწავლებლებთან შეხვედრები დაიწყო და პირველ სამუშაო შეხვედრაში 150-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა.
„აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების განვითარების ჯგუფი აქტიურად მუშაობს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. სკოლის პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ცნობისთვის, პედაგოგებს, რომელთაც სტატუსის გაუმჯობესება სურთ (წამყვანი, მენტორი), წერილობითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, სპეციალური კომისიის წინაშე, ასეთივე წარმატებით უნდა წარადგინონ მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი, სტატუსის შესაბამისი დონის დოკუმენტიც – პორტფოლიო. გამოცდის შედეგისა და პორტფოლიოს დადებითად შეფასების საფუძველზე კი, მასწავლებელი შეიცვლის საფეხურს და გახდება წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი შესაბამისი ანაზღაურებით.
ამავე თემაზე:
„პატივცემულო მინისტრო!“ – მასწავლებლის წერილი-შეთავაზება განათლების მინისტრს
„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს