ახალი ამბები

რაზე ისაუბრა ოპოზიციამ ნატოს დელეგაციასთან

რაზე ისაუბრა ოპოზიციამ ნატოს დელეგაციასთან

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა, საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს. ერთ-ერთი შეხვედრა მან დღეს, 24 მაისს, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა თქმით, კოლომინას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირის  12 რეკომენდაციასა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ისაუბრეს.

“ჩვენ გავუზიარეთ [ნატოს წარმომადგენლებს] ჩვენი შეშფოთება პუტინის გადაწყვეტილებაზე და რეაქციაზე, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა ოკუპანტი სახელმწიფოს ამ მოქმედებებზე”, — დასძენს “ლელოს” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციამ დააფიქსირა “ურყევი მხარდაჭერა” და რწმენა, რომ “ქართველი ხალხის სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ადრე თუ გვიან განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ხელს უშლის დღევანდელი ხელისუფლება და რუსეთი”.

“მიგვაჩნია, რომ ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს [ხელისუფლება] საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ცდილობს რა, შეცვალოს ხალხის ნებით განმტკიცებული და კონსტიტუციაში დეკლარირებული საგარეო კურსი…” — დასძენს ის.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის სიტყვებით, “ჩვენი მეგობრებისთვის, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის წევრებისთვის, ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში”.

“ის, რომ საქართველო რუს ოლიგარქს აქვს მიტაცებული; ის, რომ საქართველოს მთავრობაში რუსეთის მაფიის ქართული ფილიალი მოქმედებს, რომელსაც ტყვეობაში ჰყავს პუტინის ტყვე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელია, საქართველოს მყარად დამყენებელი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე…

ამ ოლიგარქს ჯიბეში აქვს ჩადებული საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, ებრძვის თავისუფალ მედიას და ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებით არ იყოს შესაძლებელი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა”.

“ჩვენ მეგობრებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი ერთია, ქართველი ხალხის ამოცანა და მიზანია ის, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი”, — თქვა ბარამიძემ.

შეხვედრაზე იმყოფოდა პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელი ბექა ლილუაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ “საუბარი და ინტერესი” იყო როგორც თავდაცვისუნარიანობის, ისე დემოკრატიული რეფორმების ნაწილზე.

“განსაკუთრებით გავამახვილეთ ყურადღება 12 რეკომენდაციის ნაწილზე და “ქართული ოცნების” შეცვლილ რიტორიკაზე, რომელმაც გააჩინა სერიოზული საფრთხე, მათ შორის, 78-ზე მიუხლის დარღვევის ნაწილში, თუმცა არავის ჰქონდეს ხელისუფლებიდან იმედი, ტყუილად ნურც გაიფიქრებს, რომ ჩვენს პარტნიორებს შეიძლება არ ესმოდეთ ქართველი ხალხის ხმა”, — უთხრა მან მედიას.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვებით, “საქართველოსთვის, ისე როგორც არასდროს, ნატოს და ევროკავშირის კარი არის ღია”.

“ამ შანსის გამოყენებას უნდა ერთი რამ. ერთი თავი უნდა მოძვრეს – ესაა ბიძინა ივანიშვილის თავი. როგორც კი ივანიშვილი არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მერწმუნეთ, ჩვენ ნატოშიც და ევროკავშირშიც შევალთ…

არაფერს დიდს საქართველო ვილნიუსის სამიტზე არ უნდა ელოდოს. რატომ? იმიტომ, რომ არაფერს ამისთვის არ აკეთებს ხელისუფლება”, — აღნიშნავს ვაშაძე.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე თავისი გამოსვლით, “გაანადგურა წლების და ათწლეულების მანძილზე საქართველოს მიერ აშენებული იმიჯი”.

ოპოზიციის გარდა, ხავიერ კოლომინა საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

“შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობის, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდაზე გაამახვილა და ამ პროცესში ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსის წარმომადგენელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული წარმატებები და განხორციელებული აქტივობები გააცნო”, — წერია თავდაცვის სამინისტროს რელიზში.

უწყების ცნობით, “ქართული მხარის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნატოს მომავალ სამიტზე, ქალაქ ვილნიუსში ალიანსი საქართველოს გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას დაადასტურებს და პრაქტიკული თანამშრომლობის სპექტრს გააფართოებს”.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.