პრეზიდენტს მოვუწოდებთ, იმოქმედოს ჩვენი, საქართველოს, თავისი და გვარამიას სასარგებლოდ — ბუღაძე
მწერალმა ლაშა ბუღაძემ პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.
აქცია ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანის მოედანზე, 18 საათზე დაიწყო. უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის პოლიტიკური პატიმრობიდან.
„პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ლაპარაკი და სწორ დროს თქმულ სწორ სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოველგვარი კონსპიროლოგიისა და შეთქმულებების თეორიების გარეშე ნამდვილად, პირადად მე მინდა, მადლობა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილს იმ სწორი სიტყვებისათვის, რომელსაც ის ამბობს. და ამ სიტყვებით ის ნამდვილად განსხვავდება ივანიშვილის ამ სტატისტებისგან — ღარიბაშვილისა და ა.შ. მათი გვარების ჩამოთვლა მეზარება კიდეც, თქვენც კარგად იცით“, — მიმართა აქციაზე შეკრებილებს ბუღაძემ.
მწერლის თქმით, პოლიტიკოსები ისტორიაში შედიან არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით.
„საქმე არის პოლიტიკა, ქმედება არის პოლიტიკა. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს, მაგრამ შესაძლოა, გავიხსენოთ იმ ერთი აქტით, რომელიც მან უნდა განახორციელოს — ნიკა გვარამიას შეწყალებით. რა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა? როდესაც ჩვენ დავსვამთ ამ შეკითხვას, 5 თუ 10 წლის მერე, როდესაც ისტორიის სახელმძღვანელო დასვამს ამ შეკითხვას, აი, იმ შეკითხვას უნდა გაეცეს ასეთი პასუხი: სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა ოლიგარქის ტყვე, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის დირექტორი ნიკა გვარამია, ან ვერ გაათავისუფლა, ან უკან დაიხია და დაემორჩილა ოლიგარქის ნებას.
სინამდვილეში, მარტივი არჩევანია: თავისუფლება, ან კონფორმიზმი, დანებება, ან ქმედება. ამ შემთხვევაში ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებთ, იმოქმედოს, იმოქმედოს ჩვენი, საქართველოს, თავისი და ნიკა გვარამიას სასარგებლოდ. თავისუფლება ნიკას!“, — თქვა ლაშა ბუღაძემ.
აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ გვარამიას პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლებაა ისინი პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს პოლიტპატიმარი გვარამია და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვა.
სტატია ახლდება