ახალი ამბები

პრიგოჟინის „ამბოხი” – გამარჯვებულები და დამარცხებულები

ევგენი პრიგოჟიის „სამართლიანობის მარში“, რომელიც კრემლმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად გამოაცხადა, 24 საათიც კი არ გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, პრიგოჟინის „ამბოხს“ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მედიატორობით მოეღო ბოლო და „ვაგნერის“ დამფუძნებელმა მიიღო „პუტინის სიტყვის“ გარანტია, რომ ბელარუსში უსაფრთხოდ გადაიხვეწებოდა.

რამდენად იქნება ასე, საკითხავია, რადგან რუსული მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინის წინააღმდეგ, დაპირების მიუხედავად, არ შეწყვეტილა.

ამბოხის მცდელობა სავარაუდოდ დასრულდა, თუმცა ღიად დარჩა კითხვები: რა შედეგებს მოუტანს 30 წელიწადში პირველი სამხედრო გადატრიალების მცდელობა რუსეთს, როგორ შეცვლის ეს სახელისუფლებო ვერტიკალსა და საზოგადოების განწყობას რუსეთში, იქონიებს თუ არა გავლენას ომზე?

ციხიდან ბახმუტამდე – როგორ მივიდა საქმე „სამართლიანობის მარშამდე“

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე პრიგოჟინი დღევანდელი ცნობადობითა და გავლენით ვერ დაიკვეხნიდა. საბჭოთა დროს ნასამართლევი რესტორატორი და „ტროლების ქარხნის“ დამფუძნებელი, საკმაო ქონების მიუხედავად, მხოლოდ ერთ-ერთი იყო მრავალ ოლიგარქს შორის, თუმცა ერთი რამ მაინც გამოარჩევდა –  „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი“, რომელიც მოსკოვის ინტერესებისთვის სხვადასხვა აფრიკულ ქვეყანაში იბრძოდა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის თავდაპირველი „ბლიცკრიგის“ [გერმ. Blitzkrieg, ელვისებური ომი – უცაბედი და მოულოდნელი სამხედრო დარტყმა] ჩაშლისა და პოზიციური ომის დაწყების შემდეგ გამოვიდა სცენაზე პრიგოჟინის „ვაგნერი“ და 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ომში.

მალევე, პრიგოჟინმა ღიად დაიწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკას, განსაკუთრებით კი მინისტრის, სერგეი შოიგუსი და გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის. მაისში კრიტიკა შოიგუსა და გერასიმოვის გინებაშიც გადაიზარდა.

პრიგოჟინის „ამბოხი” – გამარჯვებულები და დამარცხებულები

პრიგოჟინი, ომში დაღუპული „ვაგნერელების“ ფონზე, აგინებს შოიგუს და ჩივის ტყვია-წამლის 70%-იან უკმარისობაზე. 

შოიგუ-გერასიმოვის დეუტის კრიტიკა-გინების გარდა, იგი ღიად საუბრობდა ომთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, ირიბად, სავარაუდოდ, პუტინიც გააკრიტიკა. მთლიანობაში, პრიგოჟინი თავს ისეთი გამოთქმების უფლებას აძლევდა, რომელთა გამოც რუსეთში თითქმის ნებისმიერ ადამიანს მრავალი წლით აპატიმრებენ.

მორიგი ეტაპი პრიგოჟინისა და „სამხედრო ხელმძღვანელობის“ დაპირისპირებაში 13 ივნისს დაიწყო, როცა კრემლმა მოითხოვა, ყველა „კერძო სამხედრო კომპანიას“ კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთან გაეფორმებინა. პრიგოჟინი ამას სასტიკად შეეწინააღმდეგა და „ვაგნერმა“ კონტრაქტები არ გააფორმა. კრემლის მხრიდან არც ამას მოჰყვა საზოგადოებისთვის ცნობილი რეაგირება.

პრიგოჟინის ბოლო მნიშვნელოვანი ინტერვიუ 23 ივნისს, დილით გამოქვეყნდა. იგი შოიგუ-გერასიმოვით არ შემოიფარგლა და ამჯერად, გააკრიტიკა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების მიზეზები, სავარაუდოდ, პუტინიც და უარყო კრემლის ოფიციალური ვერსია, თითქოს უკრაინა და ნატო რუსეთზე აპირებდნენ თავდასხმას.

23 ივნისის საღამოს კი პრიგოჟინის პრესსამსახურის ტელეგრამ-არხში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო „ვაგნერელების“ დაბომბილი ბანაკი. რუსული დამოუკიდებელი გამოცემის, „მედუზას“ შეფასებით, ვიდეო, დიდი ალბათობით ფეიკია, ვინაიდან:

  • ოპერატორები არათუ არ გარბიან, არამედ უახლოვდებიან აფეთქების ადგილს, თუმცა არ აქვთ გარანტია, რომ დამატებითი დარტყმები არ განხორციელდება;
  • ვიდეოს მონაწილენი პირდაპირ ასკვნიან, რომ დარტყმა განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ;
  • ვიდეოში არ არის ნაჩვენები დარტყმის არც ერთი მსხვერპლი, მიუხედავად მტკიცებისა, რომ დარტყმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმაში პრიგოჟინმა შოიგუს და თავდაცვის სამინისტროს დასდო ბრალი, მალევე კი გამოაცხადა, რომ 25-ათასიანი არმიით აპირებს „სამართლიანობის მარში“ მოაწყოს და დამნაშავეებს [შოიგუ-გერასიმოვს] პასუხი მოსთხოვოს. იგი უარყოფდა, რომ რეალურად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა.

რამ მიიყვანა პრიგოჟინი „ამბოხამდე“

პრიგოჟინს ახლახანს მოპოვებული სერიოზული გავლენის დაკარგვა არ სურდა, და სწორედ აქამდე მიდიოდა საქმე თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმების მოთხოვნით, მიიჩნევს ვლადიმერ გელმანი – რუსი პოლიტილოგი და ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი.

„პრიგოჟინისთვის უკიდურესად მიუღებელი იყო ვარიანტი, რომელშიც ის კარგავდა ავტონომიას, ხოლო მის კონტროლირებად [სამხედრო] ნაწილებს გადასცემდნენ თავდაცვის სამინისტროს. ამ შემთხვევაში იგი დაკარგავდა თავისი რესურსებისა და პოლიტიკური გავლენის მნიშვნელოვან ნაწილს“, – ხსნის იგი „ბი-ბი-სი“-სთან საუბარში.

„ამბოხს“ „უიმედობის გრძნობით“ ხსნის ტატიანა სტანოვაია, კარნეგის  ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის უფროსი მკვლევარი. მისივე განცხადებით, პრიგოჟინს არა ძალაუფლების ხელთ ჩაგდება, არამედ პუტინის ყურადღების მიქცევა და „ვაგნერის“ არსებული ფორმით შენარჩუნება სურდა:

„ამბოხი გამოწვეული იყო უიმედობის გრძნობით – პრიგოჟინს უკრაინა დაატოვებინეს და იგი ვეღარ ინახვდა ვაგნერს ისე, როგორც ადრე, ხოლო სახელმწიფო მანქანა მის წინააღმდეგ იწყებდა შემობრუნებას. ამას ისიც დაემატება, რომ პუტინი მას აიგნორებდა და საჯაროდ უჭერდა მხარს მის [პრიგოჟინის] ყველაზე საშიშ მტრებს“.

მოგებულები და წაგებულები

ვლადიმერ გელმანის შეფასებით, რუსეთში ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული არავინ გამოვიდა. მისი მოსაზრებით, პრიგოჟინმა საწადელს ვერ მიაღწია, თუმცაღა ამასთან ერთად ისიც გამოჩნდა, რომ პუტინი რუსეთში ვითარებას ბოლომდე ვერ აკონტროლებს.

პუტინის დასუსტების აზრს იზიარებენ პოლიტილოგი ნიკოლაი პეტროვი, რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული „კარნეგის ფონდის“ ექსპერტი და ტატიანა სტანოვაია. უკანასკნელის შეფასებით, პუტინის რეჟიმს „მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა“. თუმცა, აღნიშნავს სტანოვაია, პუტინისთვის იმიჯი მეორეხარისხოვანია და ობიექტურად, მან პრობლემა მოაგვარა – „ვაგნერი დაშალა, პრიგოჟინი კი გააძევა“.

მაიკლ კოფმანი, CNA-ს ანალიტიკური ცენტრის რუსეთის კვლევების დირექტორი წერს, რომ პრიგოჟინთან ერთად „დამარცხებული დარჩა პუტინიც – რეჟიმი დაჭრილია“.

რუსეთის, სულ მცირე, იმიჯის შერყევაზე საუბრობს ოლექსიი არესტოვიჩიც: „მთელმა ამ ისტორიამ პროჟექტორივით გაანათა რუსული სახელმწიფოებრიობის ბნელი სარდაფი. ყველა ფიქრობდა, რომ იქ ძლევამოსილი სიბნელის სამეფოა, სინამდვილეში კი – ფეკალიების, ჯოხებისა და ვირთხების დამპალი სათავსო“.

რუსეთში მომხდარი მოვლენები, მათი საბოლოო შედეგის მიუხედავად, „უკრაინას სტრატეგიულ უპირატესობას“ მოუტანს, მიიჩნევს ტიმოფიი მილოვანოვი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ზელენსკის კაბინეტში. როგორც იგი ხსნის ამ ბრძოლაში უკრაინამ გაიმარჯვა:

„ვითარება რუსეთში უკრაინისთვის, ორივე შემთხვევაში, გამარჯვებაა. თუ პუტინი პრიგოჟინს მოკლავს ან/და მის მხარდამჭერებს რეპრესიებს მოუწყობს, რუსული ჯარი დასუსტდება. თუ ასე არ მოხდა, ნიშნავს, რომ პუტინი დანებდა, არ წავიდა ესკალაციაზე და უბრალოდ დაფოლდა [პოკერში – კარტის დაყრა და თამაშიდან გასვლა]“.

გარდა ამისა, ამბობს მილოვანოვი, პუტინის უარი ვითარების ესკალაციზე რუსეთის შიგნით მიანიშნებს, რომ ის არც უკრაინაშია ამისთვის მზად. იგი ხაზს უსვამს, რომ სწორედ ესკალაციის არდაშვების გამო იკავებდა დასავლეთი თავს უკრაინისთვის მეტი და უფრო განვითარებული იარაღის მიწოდებისგან.

„პრიგოჟინის ჩამოხრჩობა რუსეთის გადასარჩენად“ – რა იქნება შემდეგ?

„ამბოხის“ დამასრულებელ შეთანხმებაზე ანალიტიკოსების აზრი იყოფა – ზოგი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინმა მარცხი განიცადა და საწადელი ვერ მიიღო, თუმცა სხვების აზრით, რაღაცას მან მაინც მიაღწია. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, პრიგოჟინის „ამბოხი“ სამომავლო, უფრო მნიშვნელოვან პროცესებზე მიანიშნებს რუსეთის შიგნით.

პოლიტოლოგი ევგენი როშინი „ბი-ბი-სი“-ს ეუბნება, რომ პრიგოჟინის „ამბოხი“ ელიტების დაპირისპირებას აჩვენებს, ხოლო ჯარი ყალიბდება როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე:

„ადამიანი პირდაპირ [პუტინის] ახლო წრიდან ასე დემონსტრაციულად იწვევს მთელ სისტემას და ვა-ბანკში მიდის. ჩემთვის ეს იმის ინდიკატორია, რომ გახლეჩვა ძალოვან ელიტებში მწვავდება“, – ხაზს უსვამს იგი.

სოციოლოგი ევგენი იუდინი კი საერთოდ არ თვლის, რომ პრიგოჟინისა და კრემლის დაპირისპირება ამოწურულია. იგი აგრეთვე ფიქრობს, რომ პრიგოჟინმა, ამბოხის შედეგად, „რაღაც მაინც“ მიიღო.

„ვიცით, რა მიიღო პუტინმა, მაგრამ არ ვიცით, რა მიიღო პრიგოჟინმა. პუტინი კი არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ პრიგოჟინისთვის რაღაც ებრძანებინა. ასე რომ, სავარაუდოა, პრიგოჟინს რაღაც მაინც მიეღო“.

იგორ სტრელკოვი [გირკინი], ფსბ-ს ყოფილი ოფიცერი, რომელიც ჯერ კიდევ 2014-15 წლებში იბრძოდა უკრაინაში და ახლა მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას ომის უუნაროდ წარმოებისთვის, უკმაყოფილოა კრემლისა და პრიგოჟინის შეთანხმებით და ამბობს, რომ უკანასკნელის დასჯა რუსეთის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს:

„არ მიმაჩნია, რომ „ვაგნერის“ ყველა ხელმძღვანელი და მებრძოლი დასახვრეტია. მაგრამ „მზარეულის“ [პრიგოჟინის ფსევდონიმი] ჩამოხრჩხობა ამბოხისთვის და ჩვენი ოფიცრების მკვლელობისთვის უბრალოდ აუცილებელია რუსეთის, როგორც სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის“.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.