,,მომავალი ექიმი თეთრხალათიანი სუპერგმირი უნდა იყოს, ცოდნა, რწმენა და შრომა კი – სუპერგმირი ექიმის ჯადოსნური ძალები’’
,,რომ გავიზრდები, ექიმი მინდა გავხდე’’- ეს ფრაზა, ალბათ, არაერთხელ გსმენიათ შვილისგან, ძმისგან, დისგან, მეზობლისგან და შესაძლოა თქვენც ბევრჯერ გითქვამთ.
ბავშვებმა კარგად იციან, რატომ სურთ ექიმობა. მათთვის ექიმი თეთრხალათიანი სუპერგმირია, რომელსაც ჯადოსნური ძალები აქვს და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ხშირად, ისევე როგორც პატარებს, დიდებსაც უჭირთ წარმოდგენა, რამდენი სწავლა, შრომა, დრო და რწმენაა საჭირო, ექიმი „სუპერგმირი“ რომ გახდეს.
ზოგჯერ ბავშვები, რომლებიც ოდესღაც თეთრ ხალათზე ოცნებობდნენ, როდესაც იზრდებიან, მართლაც ექიმები ხდებიან. მაგალითი იმისა, რომ ადამიანი შესაძლოა ბავშვობის ოცნებას აედევნოს, სალომე ჟოჟაძეა, რომელიც 2021 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებაზე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა.
სალომე ამბობს, რომ ექიმობა იმაზე უფრო რთული პროფესია აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა, განსაკუთრებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ამიტომ, მოუწოდებს ყველა აბიტურიენტს, ვისაც შერჩეულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად საკმარისი ქულა აქვს, კარგად დაფიქრდნენ, რამდენად შეუძლიათ ამ ურთულესი გზის გავლა.
– სალომე, 2021 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თქვენ ძალიან კარგი შედეგი აჩვენეთ, რატომ შეაჩერეთ არჩევანი მაინც და მაინც დიპლომირებული მედიკოსის პროფესიაზე, მზად იყავით ასეთი პასუხისმგებლობისთვის?
– დაგეთანხმებით, რომ შემეძლო შემერჩია სხვა პროფესიაც, მაგრამ მე ჩემს ოცნებას ბოლომდე მივყევი. გეტყვით, რომ დიპლომირებული მედიკოსი პოტენციური ექიმია და 6 წელს სწავლობს 4 წლის ნაცვლად ბაკალავრის პირველ საფეხურზე. ჩვენ გვამზადებენ, რომ ვიყოთ მომავალი სამედიცინო კადრები, რომელიც წარმატებით ემზადება შემდეგი საფეხურების გასავლელად. ყველა მომავალმა ექიმმა იცის, რომ მხოლოდ 6 წლიანი ცოდნით ვერ დასაქმდება ექიმად, რადგან არ ეყოფა კვალიფიკაცია. ზოგჯერ ხუმრობენ, რომ ექიმები მთელი ცხოვრება სტუდენტები არიანო. ასეც უნდა იყოს – ექიმი ყოველთვის უნდა სწავლობდეს და ფეხს უწყობდეს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებს. მინდა, ყველა მომავალმა მედიკოსმა იცოდეს, რომ მხოლოდ 6 წელი არ მოუწევს სწავლა, ესაა ურთულესი პროფესია, რომელიც კორონოვირუსის გავრცელების პირობებში კიდევ უფრო საპასუხისმგებლო გახდა.
-როგორ ფიქრობთ, აუცილებელია, რომ მომავალ ექიმს უმაღლესი საგამოცდო შედეგები ჰქონდეს?
– მგონია, რომ ის აბიტურიენტები, რომლებიც მაღალ და უმაღლესს ქულებს იღებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უფრო მეტად გარკვეულები არიან როგორ რთულ პროფესიას ირჩევენ და უნარ-ჩვევებიც მეტად განვითარებული აქვთ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო, აბიტურიენტმა ვერ შეძლო მაღალი ქულების აღება და ჩაირიცხა ამ ფაკულტეტზე იმ უნივერსიტეტში, სადაც მოხვედრა საშუალო ქულებითაც შეიძლება. მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამდენად შეუძლია დარჩენილი წლების მანძილზე აიტანოს დაუღალავი შრომა და სტრესი, რაც მედიცინას აუცილებლად მოჰყვება თან.
– როგორც ვიცი, კორონავირუსის პანდემიის დროს ჩააბარეთ. ხომ არ იყო ეს ერთ-ერთი მოტივატორი, როცა ხედავდით, ექიმები როგორ იბრძოდნენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სანაცვლოდაც კი?
– დიახ, ნამდვილად ასეა, როცა მე გავხდი აბიტურიენტი, პანდემიის პიკი იყო. ადამიანებისგან, მათ შორის ოჯახის წევრებისგან, ხშირად მესმოდა, იქნებ დაფიქრდე და სხვა პროფესია შეარჩიოო. რა თქმა უნდა, აშინებდათ და გრძნობდნენ რეალურ საფრთხეს, რადგან გარდაცვლილ მედიკოსთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, გარდაცვლილებს შორის კი იყვნენ სტუდენტებიც, რომლებიც მოხალისები ხდებოდნენ. ერთი წამით არ მიფიქრია, რომ პროფესიას შევიცვლიდი. ექიმების თავდადება სიამაყით მავსებდა და უფრო მეტად მიძლიერდებოდა იმის სურვილს, რომ მეც მალე გავმხდარიყავი იმ პროფესიის წარმომადგენელი, რომლებიც ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ვფიქრობ, ჩემი მოტივაცია სწორედ ამ პერიოდმა გააძლიერა. ახლა, როცა უკვე სტუდენტი ვარ, ხშირად მესმის ჩემი პროფესორებისგან, რომ ნამდვილი ექიმი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს მაშინაც კი, თუ თავად დაიღუპება, ეს ყველას არ შეუძლია და ვისაც არ შეუძლია, ალბათ, კარგი ექიმიც ვერ გახდება…
-სალომე, აღნიშნეთ, რომ ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჯადოსნური ძალები, რომელიც დიდი შრომისა და ცოდნის შედეგია, როგორია შენთვის საუკეთესო ექიმი, მართლა სუპერგმირია?
– ბავშვობიდან მჯერა, რომ საუკეთესო ექიმი ნამდვილად არის ის სუპერგმირი, რომელსაც ჯადოსნური ძალების გამოყენებით ადამიანის გადარჩენა, მისი მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა პასუხისმგებლობების გათვალისწინებისა და დაუღალავი შრომის ხარჯზე შეუძლია. მას არამხოლოდ პროფესიული ცოდნა უნდა ჰქონდეს, არამედ მისი სწორად გამოყენება შეეძლოს. სუპერგმირად ვერც ექიმი ვერ დაიბადება, როგორ ფილმებსა და წიგნებშია. სუპერგმირი უნდა გახდე დაუღალავი შრომის, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და შენი საქმის რწმენის შედეგად. საუკეთესო ექიმისთვის არ არსებობს უიმედობა, ექიმი უნდა იბრძოდეს პაციენტის გადასარჩენად. მან არასდროს არ უნდა თქვას, „დაველოდოთ’’, ,,ღმერთი უშველის“, საუკეთესო ექიმი ის სუპერგმირია, რომელიც არავის ელოდება და თავად იწყებს მოქმედებას. პანდემიის დროს დავინახეთ, რამდენი საუკეთესო ექიმიც გვყავს და დიახ ვფიქრობ, რომ კარგი ექიმი უნდა იყოს სამაგალითო.
– ამ ხნის მანძილზე არაერთ რჩევას მიიღებდით თქვენი მასწავლებლებისგან, პროფესორებისა და წარმატებული ექიმებისგან. ხომ არ გაიხსენებდით საუკეთესო რჩევებს და თავად რა რჩევებს მისცემთ მოქმედ და მომავალ აბიტურიენტებს, რომლებიც ექიმობას გეგმავენ?
– საუკეთესო რჩევა, რაც ცხოვრებაში მიმიღია იყო ის, რომ ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მეთქვა უარი საკუთარ ოცნებებზე. ყველა ადამიანს აქვს რთული პერიოდები და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მე ეს არ მავიწყდებოდა.
მინდა, ყველა აბიტურიენტმა იცოდეს, რომ მის სწავლაზე, შრომასა და პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული სხვისი სიცოცხლე, ამიტომ არ შეწყვიტოთ განვითარება. მთელი ცხოვრება მოგიწევთ ახალი ცოდნის მიღება და იცოდეთ, რომ ეს ცხოვრება თავად აირჩიეთ. იყავით ყოველთვის კეთილშობილები, არ დაკარგოთ იმედი და რწმენა, რომ თქვენ შეგიძლიათ, თქვენ ამას გააკეთებთ. არ დაივიწყოთ, რომ მომავალი ექიმი თეთრხალათიანი სუპერგმირი უნდა იყოს, ცოდნა, რწმენა და შრომა კი – სუპერგმირი ექიმის ჯადოსნური ძალები.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მზეო შველიძე