ახალი ამბები

ქვიარ აქტივისტებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს

ქვიარ აქტივისტებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს

დღეს, 9 ივლისს, ქვიარ აქტივისტებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩაშლილი თბილისი პრაიდის ფესტივალიდან განადგურებული ნივთები რუსთაველზე მიიტანეს და პარლამენტის წინ დემონსტრაციულად დაყარეს.

„ეს იყო შსს-ის და ალტ-ინფოს მიერ ერთობლივად დაორგანიზებული სპეცოპერაცია არამხოლოდ ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ, არამედ სიტყვის და გამოხატვის, დემოკრატიის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. გვინდა დავანახოთ მთელ საზოგადოებას რა გაგვიკეთეს, ეს არის სიმბოლურად ძალიან მცირე ნაწილი იმ დარბევის, რომელიც მოგვიწყვეს“, – განაცხადა აქცია-პერფორმანსის ერთ-ერთმა მონაწილე ანა სუბელინმა.

ქვიარ აქტივისტები მოითხოვენ, რომ 5 ივლისის დანაშაულთან ერთად, გუშინდელი დარბევაც გამოძიებული იყოს და ყველა, ვინც ფესტივალის ჩაშლაში იყო ჩართული, დაისაჯოს.

„შეიძლება მეორე მხარეს აქვს ძალიან ბევრი ფული და რესურსი, ტროლ-ბოტების ქარხანა და ა.შ. მაგრამ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიყვარული. ამ ღირებულებებს ვერასდროს ვერ დაამარცხებენ“, – განაცხადა აქცია-პერფორმანსის ერთ-ერთმა მონაწილე მარიამ კვარაცხელიამ.


8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალი, რომელიც დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი,  მათ მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია დასჭირდათ. მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრისა და ინვენტარის განადგურების შემდეგ, ძალადობრივმა ჯგუფებმა ღონისძიებისთვის გამზადებული ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები მოიპარეს და დალიეს, შემდეგ კი ილოცეს. იქვე იყო პოლიცია, რომელსაც სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

პრაიდის ფესტივალის  ორგანიზატორები, რომლებიც  ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია. ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება. დახურულ ღონისძიებაზე კი, ორგანიზატორების თქმით, მათ ასეთი გარანტიები მიიღეს პოლიციისგან.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.