ბათუმის ნავსადგურთან სოჭიდან გამოსული კრუიზის შემოსვლას აპროტესტებენ
ბათუმში საკრუზო გემი „ASTORIA GRANDE“-ს ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ნავსადგურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიციამ თითქმის ყველა მონაკვეთი გადაკეთა, საიდანაც ნავასდგურზე მისვლა იყო შესაძლებელი, მათ შორის მოწყობილია ორმაგი ბარიკადი, ერთი ნავსადგურთან, მეორე კი გზის პირას.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ გემი, რომელზეც რუსი ტურისტები იმყოფებიან ბათუმის ნავსადგურში არ შემოვიდეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს ზღვის პირას სავალი ბილიკის დატოვება მოსთხოვა. როგორც პოლიციამ განუცხადა, ამის მიზეზი უსაფრთხოების ზომების დაცვაა, თუმცა მათთვის ეს პასუხი მისაღები არ არის.
სტუდენტებთან და აქტივისტებთან ერთად აქციაზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.
საკრუიზო გემის შემოსვლის გასაპროტესტებლად აქცია 31 ივლისს, დილის 7 საათზეც არის დაანონსებული.
„ASTORIA GRANDE“ სოჭის პორტიდან მოემართება, და ბათუმის ნავსადგურში სავარაუდოდ 31 ივლისს, დილის 5 საათისთვის შევა. მანამდე, 27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი გემი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.
ადგილობრივების პროტესტის შემდეგ გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა.