ახალი ამბები

„სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია“ — ღარიბაშვილი

„სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია“ — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ჩინეთს 2 კვირის წინ ეწვია, ვიზიტისას ინტერვიუ მისცა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიას. ინტერვიუ ქართული თარგმანით გაავრცელა ქართულმა სამთავრობო ტელეარხმა „იმედმაც“.

ღარიბაშვილს ჩინეთის სამთავრობო ტელეარხის ჟურნალისტმა კითხვები დაუსვა ვიზიტის მნიშვნელობაზე, თავად ჩინეთის პრეზიდენტისა და მისი წიგნის შესახებ, ასევე ჰკითხა ჩინეთის კულტურის შესახებ მიღებულ შთაბეჭდილებებზე.

„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ რეფორმებსა და პროექტებს ახორციელებს თქვენი ქვეყნისა და ერისთვის. მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია“, — თქვა ღარიბაშვილმა. მან ასევე დადებითი პასუხი გასცა ჟურნალისტს კითხვაზე, წაიკითხა თუ არა თუნდაც რამდენიმე გვერდი ჩინეთის პრეზიდენტის წიგნიდან მმართველობის შესახებ.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისთვის საინტერესო იყო არა მხოლოდ ჩინეთის ლიდერის წიგნი მმართველობაზე, არამედ პირისპირ შეხვედრაც.

„გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს და აქვე გეტყვით, რატომ: ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს სჭირდება სამყაროს დღეს. სამყაროს დღეს მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა სჭირდება“, — თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, „ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი“ შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტთან. როგორც მან აღნიშნა, საქართველო და ჩინეთი „სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ“.

ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასებით, ჩინეთი ავტორიტარული სახელმწიფოა, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს. ჩინეთში, ფაქტობრივად, არ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სასამართლო. ხელისუფლება ჩანასახშივე ახშობს სიტყვის, რწმენის, გამოხატვისა და სხვა თავისუფლების ნებისმიერ გამოვლენას. ბოლო წლებში ჩინეთის ხელისუფლებამ კერძო კომპანიების მკაცრად შეზღუდვაც დაიწყო და ეს განსაკთრებით შეეხო ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე კორპორაციებს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩინეთს აწყობილი აქვს მოქალაქეებზე მუდმივი თვალთვალის მძლავრი სისტემა.

დემოკრატიის ინდექსის შეფასებით, ჩინეთი არის „მძლავრი ავტოკრატია“ და 176 ქვეყანას შორის მინიჭებული აქვს 172-ე ადგილი. მას ჩამორჩებიან მხოლოდ საუდის არაბეთი, იემენი, ჩრდილოეთ კორეა და ერითრეა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.