ახალი ამბები

„სასაცილოა“ – სინისა სიკმანი უარყოფს სუს-ის ბრალდებებს

„სასაცილოა“ – სინისა სიკმანი უარყოფს სუს-ის ბრალდებებს

სინისა სიკმანი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ერთ-ერთია იმ პირთაგან, ვინც საქართველოში აქტივისტებს „მაიდანის მსგავსი რევოლუციური სცენარისთვის“ ამზადებს, უარყოფს უწყების ბრალდებებს.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სიკმანი აცხადებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა:

„სრულიად სხვადასხვა თემებზე იყო საუბარი. დავატრენინგეთ სტუდენტები, მშობლები, ვის შვილებსაც ონკოლოგიური პრობლემები აქვთ, ვიმუშავეთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც საქართველოში ხისგან ნაგები ეკლესიების გადარჩენა უნდათ, და ამ ბოლო, კონკრეტულ ჯგუფთან ერთად, რაც პრობლემა გახდა და არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი. ეს კონკრეტული ჯგუფი შედგებოდა არტისტებისგან, ფილმის სცენარისტებისგან, მწერლებისგან და მუსიკოსებისგან“, – ამბობს იგი.

სიკმანის თქმით, ტრენინგის მიზანი არ ყოფილა „რეჟიმის ცვლილება“ და მთავარი მიზანი იყო „არაძალადობრივი ბრძოლის სწავლება კონკრეტული მაგალითების მიხედვით“.

„ვნახე, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა რა თქვეს და როგორ ამოგლიჯეს კონტექსტიდან კონკრეტული მაგალითები. თუ მაგალითებზე დაყრდნობით [აპირებენ ჩემთვის ბრალდებების წაყენებას], მაშინ ვშიშობ, რომ დამაბრალებენ, თითქოს საქართველოდან ბრიტანელების გაგდება მინდა, იმიტომ, რომ ბოსტონის ჩაის ფართი მოვიყვანეთ მაგალითად. მაგალითი იყო მაჰათმა განდის პრობლემები ინდოეთში…“, – აცხადებს სიკმანი.

სიკმანის განცხადებითვე, მისი და სხვა ტრენერების მთავარი მიზანია სამოქალაქო ჩართულობის მიღწევა და აქტივისტების მეტი ორგანიზებულობა. ბრალდებებს ძალადობის ორგანიზების შესახებ  სასაცილოს უწოდებს.

რაც შეეხება სუს-ში ჩატარებულ გამოკითხვას, სიკმანი ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს და ამიტომაც მივიდა გამოკითხვაზე.

„მე 6-საათნახევარი დავყავი, ჩემმა კოლეგებმა- შედარებით ნაკლები. საბოლოო ჯამში, ეს იყო საუბარი. არანაირი მითითება იმასთან დაკავშირებით, უნდა გაგვეკეთებინა თუ არა რამე, არ მოუციათ. ამის შემდეგ დავტოვეთ შენობა, სადილზე წავედით და მოგვიანებით უკვე ფრენა გვქონდა. სასტუმროდან აეროპორტში წავედით და სულ ეს იყო“, – იხსენებს იგი.

სიკმანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ „მცდარი“ ბრალდებების არ ეშინია და ახლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე დარდობს.

„როგორც ჩანს, ისინი [საქართველოს მთავრობა] ცდილობენ, სამოქალაქო აქტივისტების დაშინებას და მეფიქრება იმ ადამიანებზე, ვინც იქ აქტიურები არიან, რადგან ბევრი ქვეყანა მინახავს, რომელიც არასწორი გზით მიდის. იმედი მაქვს, საქართველო ამ გზას არ აირჩევს“, – ხაზს უსვამს იგი.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში, კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 2 ოქტომბერს, უწყებაში სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

უფრო ადრე, სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ სუს-მა ინფორმაცია 18 სექტემბერსაც გაავრცელა. სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ მისი ორგანიზაციის სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდების შესახებ „ფეისბუქიდან“ გაიგო. უწყების ბრალდებებს მელაძე უარყოფს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია „დესტრუქციული ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ.

უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.