ისრაელის და პალესტინის ელჩების განცხადებები გაეროში
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების საკითხზე გაეროში უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა ჩაინიშნა.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან განცხადებები გააკეთეს ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
„ჰოლოკოსტის შემდეგ მსოფლიომ დაიფიცა: „აღარასდროს“. ეს ორგანო, გაერო, შეიქმნა ჰოლოკოსტის ფერფლზე. თუმცა გუშინ ჩვენ ვუყურებდით, როგორ ხოცავდნენ ასობით ებრაელს ცივსისხლიანად. ეს არის „აღარასოდეს“ დადასტურების მომენტი“, — განაცხადა ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა უშიშროების საბჭოს „ჰამასის“ ომის დანაშაულების ერთხმად დაგმობა და ისრაელის თავდაცვის უფლების სრული მხარდაჭერა მოსთხოვა.
მან აჩვენა ფოტო, სადაც მისი თქმით, ჩანს ჰოლოკოსტს გადარჩენილი ბებია, რომელიც ტყვედ ჩავარდა და აიძულეს, ხელში თოფი დაეჭირა.
პალესტინის მუდმივმა წარმომადგენელმა რიად მანსურმა კი გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ განცხადებები „თავდაცვის უფლების შესახებ“ ისრაელის მთავრობის მიერ შეიძლება განიმარტოს, როგორც „მკვლელობის ლიცენზია“. მან მოითხოვა არაბული სახელმწიფოების ლიგის (LAS) საგანგებო შეხვედრა კაიროში უახლოეს დღეებში.
მანსურმა შემდეგ ისაუბრა კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე, რომლებიც, მისი თქმით, საჭიროა მშვიდობის გასაძლიერებლად.
მისი თქმით, ისრაელის მიერ ღაზას ბლოკადამ არ გაანადგურა „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობები და მხოლოდ საშინელი ტანჯვა მიაყენა მთელ მშვიდობიან მოსახლეობას.
პალესტინელები, მანსურის თქმით, არ იყვნენ „ქვე-ადამიანები“ და არასოდეს მიიღებენ რიტორიკას, რომელიც „ამცირებს მათ ჰუმანურობას, არღვევს მათ უფლებებს… უგულებელყოფს მათი მიწის ოკუპაციას და მათი ხალხის ჩაგვრას“.
7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
ისრაელმა საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელა ღაზას სექტორზე, შედეგად 413 პალესტინელი დაიღუპა, 2300-მდე კი დაშავდა.
მედიის ცნობით, სულ მცირე 600 ადამიანი დაიღუპა ისრაელის მხარეს, ღაზას სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის შედეგად.