გაეროს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს: მსურს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა და „საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა“ მიულოცა.
წერილი, რომელიც 24 იანვრით არის დათარიღებული, რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მიაწოდა.
„მსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად…
მოგიწოდებთ, რომ თქვენს მთავრობასა და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნისას გენდერულ თანასწორობას პრიორიტეტი მიანიჭოთ.
საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი საქართველოს გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მაშინ, როდესაც ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად ერთად ვმუშაობთ“, — წერს გუტერეში კობახიძეს.