კოლომინა მე-5 მუხლზე დათქმით ნატოში გაწევრებაზე: არა მგონია, ეს შესაძლებლობა არსებობდეს
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ინიციატივა, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს დათქმით, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, არ განიხილება.
კვლევითი ორგანიზაცია „სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებულ დისკუსიაზე მოდერატორის კითხვას, განიხილება თუ არა აღნიშნული ინიციატივა, – რაც ყოფილ გენ.მდივან ანდერს ფოგ რასმუსენმაც გაახმიანა 2019 წელს, – ხავიერ კოლომინამ უპასუხა:
„ჩემი პასუხი ცალსახად არის – არა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. სიმართლე რომ ვთქვათ, არც მივიჩნევ, რომ [ეს წინადადება] სასარგებლოა არსებულ გარემოებებში. ნატო ძალიან ცხადად მხარს უჭერდა და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისადმი, არამედ ჩვენი მეტოქეებისადმიც“.
„ასე რომ, ჩვენ ვისურვებდით, გვეხილა პროგრესი მოუგვარებელ კონფლიქტთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში“, – განაცხადა დიპლომატმა.
მან ახსენა გასულ კვირაში „ეუთოს“ მინისტერიალზე შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და მის მოადგილე ლაშა დარსალიასთან:
„ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის საჭიროებაზე. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ უნდა ვეძებოთ მოგვარების საერთო გზები და არა მოკლევადიანი გზები. ეს ჩვენი პოლიტიკა არ არის. მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას უნდა სცენ პატივი და ეს არის ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი“, – განაცხადა კოლომინამ.
ხავიერ კოლომინამ ასევე ისაუბრა ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე:
„ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ მიზნებზე უნდა იყოს ფოკუსირებული, როგორიცაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა … საქართველოს მედეგობა, თანამშრომლობა საზღვაო სფეროში“, – განაცხადა კოლომინამ.
მეორე პუნქტად მან საქართველოში რეფორმების საკითხი გამოყო: „ეს იქნებოდა მეორე საკითხი, სადაც შესაძლებელია შედეგის მიღწევა და პროგრესი“. კერძოდ, ნატოს გენ.მდივნის წარმომადგენელმა განაცხადა:
„იმისთვის, რომ მოვახერხოთ იმ საქმის კეთება, რისი კეთებაც გვსურს, ძალიან ახლოდან დავაკვირდებით, რამდენად ეფექტურად გაატარებს საქართველო რეფორმებს, რაც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია. და ეს შეტყობინება უკვე გადავეცით საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამუდმებული პოლარიზებული პოლიტიკური სცენა სათანადო გზავნილთან დაკავშირებით ხელს უშლის ისეთი რეფორმების გატარებას, როგორიცაა სასამართლო, საარჩევნო რეფორმა თუ უშიშროების სამსახურის ანგარიშვალდებულების საკითხი“.
მესამე პუნქტად კი მან დაასახელა „ზომები, რომლებსაც ნატო იღებს ასპირანტ ქვეყნებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად“. მან ამ კონტექსტში ახსენა ნატოს რიგის მინისტერიალზე მიღებული სპეციალური ანგარიში ასპირანტი ქვეყნების შესახებ, რომელშიც ასახულია ასპირანტების მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და გაწევრიანების გზაზე ალიანსის მხრიდან ასპირანტების დახმარების მექანიზმები.
„ის ფაქტიც, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქართველოსთან [ხელისუფლების წარმომადგენლებთან] რიგაში, უჩვენებს მოკავშირეების სურვილს, რომ იმაზე წინ წავიწიოთ, ვიდრე ახლა ვართ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან რთულია გარღვევა მოხდეს ღია კარის პოლიტიკაში, რომელსაც ვუერთგულებთ. მაგრამ უნდა გავაცნობიერთო, თუ რა არის ახლანდელი სიტუაცია და ზოგჯერ რამდენად რთულია რეალობა და გეოსტრატეგიული გარემოებები“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.