ახალი ამბები

„იქნებ დაინტერესდეს პრემიერი გულით და მოაგვაროს ეს პრობლემა“ – მასწავლებლების აქცია მთავრობის კანცელარიასთან

„იქნებ დაინტერესდეს პრემიერი გულით და მოაგვაროს ეს პრობლემა“ – მასწავლებლების აქცია მთავრობის კანცელარიასთან

13 დეკემბერს, მთავრობის სხდომის პარალელურად, კანცელარიასთან პედაგოგთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის წევრები ითხოვენ, რომ სკოლაში მყოფი მოქმედი მასწავლებლები იანვრიდან „გარეთ არ გაყარონ“. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხელმოწერებს შეაგროვებენ და მთელი იმ სქემის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც, კომპეტენციის დადასტურების გარეშე მყოფი მასწავლებლების სკოლიდან გაშვება იგეგმება.

დღეს მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში პრაქტიკოსის სტატუსი უკვე გაუქმებულია, ის მოქმედი, აწ უკვე ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლები კი, რომელთაც წელს ჩატარებულ საგნის გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს სკოლის დატოვების წინაშე დგანან. მათ ადგილას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კონკურსს იანვრიდან გამოაცხადებს, და თუკი შესაბამისი კანდიდატის პოვნა მოხერხდა, დღეს მოქმედი უკვე უსტატუსო პედაგოგი სკოლას დატოვებს.

რა ახალი გამონაკლისი დაუშვა განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის – ცვლილება სქემაში

მასწავლებლები კანცელარიასთან ამჯერად უკვე პრემიერმინისტრისთვის ხმის მიწვდენის მიზნით შეიკრიბნენ. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და იანვრიდან პედაგოგებს გარეთ გაყრიან, ხელმოწერებს შეაგროვებენ და დადგენილების სრულად გაუქმების საკითხს დააყენებენ. მათი სამიზნე ახლა უკვე პრემიერმინისტრი გახდა.

„241-ე ბრძანებაში ცვლილების შეტანას ვითხოვდით, რომ მასწავლებლები გარეთ არ გაყარონ იანვრიდან. თუ ეს არ შესრულდება, მაშინ უკვე მთელი ამ დადგენილების გაუქმების საკითხს დავაყენებთ. ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ სქემა საერთოდ გაუქმდეს და ყველა დარჩეს სკოლაში. კი, ერთი წლის მერე დანიშნონ გამოცდა, ეს პრობლემა არ იქნება. კატასტროფაა, რომ სამმილიონიან ქვეყანაში პრემიერს 4 000 მასწავლებელთან ლაპარაკი არ უნდა. იმედს ვიტოვებთ, იქნებ დაინტერესდეს პრემიერი გულით და მოაგვაროს ეს პრობლემა. მასწავლებლები თანახმანი არიან, რომ იანვარში არ გაყარონ და შემდგომი გამოცდისთვის მოემზადებიან. შეიძლება განათლების მინისტრი დიალოგზე არ მიდიოდეს თავისი სისტემის თანამშრომელთან?“, – გვითხრა დავით ფერაძემ, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ პრემიერმინისტრსა თუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მასწავლებლები ხმას კანცელარიის ღობიდან მაინც მიაწვდიდნენ, თუმცა კონტაქტი ვერ შედგა.

„როგორც ჩანს, გაიპარა ჩხენკელი. ახლა ჩვენი სამიზნე ღარიბაშვილია და კანცელარიის უფროსი შეგვპირდა, რომ შეგვხვდება“, – ამბობს აქციის ორგანიზატორი, რომელიც დარწმუნებულია, მასწავლებლებმა მრავალჯერ გამოცდაზე გასვლის შემდეგ კომპეტენციის დადასტურება იმიტომ ვერ შეძლეს, რომ საგამოცდო ტესტები არავალიდური იყო.

„ჩვენი ბრძოლის შედეგია, რომ დათმეს და ის მასწავლებლები, რომლებსაც ზღვარი აქვთ გადალახული, რჩებიან სისტემაში. ასეთი დაახლოებით 600 მასწავლებელია, თუმცა ეს ჯერ პროექტის ფორმაა და იმედია, ხელს მოაწერს პრემიერი. რადგან იმ ბრძოლას ჰქონდა შედეგი, ვფიქრობ, ამ ბრძოლასაც ექნება. თუ დათმობენ და სხვა ცვლილებებსაც გაითვალისწინებენ, რაც მანამდე ვთხოვეთ, ხომ კარგი. თუ არადა, იძულებულები ვართ, ხელმოწერები დავიწყოთ, რაც დიდ დისონასნსს შეიტანს განათლების სისტემაში. 4 000-5 000-მდე მასწავლებელზეა საუბარი. ზუსტ მონაცემებს არც დებენ“, – ამბობს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი.

პედაგოგთა აქციას მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონებიდან ესწრებოდნენ და მათ პრემიერთან ერთი თხოვნა აქვთ – მიეცეთ სისტემაში დარჩენის უფლება.

რამდენიმე დღით ადრე, 9 დეკემბერს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პედაგოგებმა დააყენეს შუამდგომლობა და ითხოვეს, რომ მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლება გახდეს ნებაყოფლობითი და მუხლი პრაქტიკოსი მასწავლებლის (რომელმაც საგანში კომპეტენცია ვერ დაადასტურა) სკოლიდან გაშვების შესახებ, კანონიდან ამოვარდეს, რასაც კომიტეტმა და სხვა დამსწრე პირებმა მხარი არ დაუჭირეს, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს რეფორმას, რომელიც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ზღვარი, რომელიც დაწესდა (გამოცდით კომპეტენციის დადასტურების ვადა) ახლა უნდა გაივლოს.

ამავე თემაზე:

განათლების კომიტეტში წინადადებას, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგისთვის ნებაყოფლობითი იყოს და სკოლიდან არავინ გაუშვან, მხარი არ დაუჭირეს

„მასწავლებელი, რომელიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება!“

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.