ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა
![ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/03/davit.jpg)
პარლამენტარი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა.
მან ფეისბუკზე დაწერა, რომ პარტიიდან გასვლა „განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით“.
„ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – დაწერა მან.
„ევროპელი სოციალისტები“, – ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე, – 2020 წლის არჩევნების შედეგად „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შევიდნენ პარლამენტში, – მას შემდეგ, რაც „ალიანსის“ პარტიული სიის პირველმა ოთხეულმა და პარტიამ პარლამენტში შესვლაზე საბოლოოდ განაცხადა უარი.