„გადასახადი გაორმაგდა, რაღა საჭიროა სკოლა, თუ ბავშვს წლობით დასჭირდება განვლილ საგნებში მომზადება“ – მშობლები გორის საგამოცდო ცენტრიდან
გორის საგამოცდო ცენტრთან შეკრებილ მშობლებს რეპეტიტორებთან სოლიდური თანხების გადახდისგან გათავისუფლება სურთ. EDU.ARIS.GE-თან ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი ბავშვის ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად თვეში 500 დან 800 ლარამდე ხარჯავენ. ისინი შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, სკოლებში სწავლების ხარისხი ისე გააუმჯობესონ, მათ შვილებს კერძო მასწავლებლებთან მომზადება აღარ დასჭირდეთ.
„მაშინ რაღა საჭიროა სკოლა, თუ ბავშვს წლობით დასჭირდება განვლილ საგნებში მომზადება. სულ ცოტა, ყოველთვიურად, 500-800 ლარამდე მიჯდებოდა ბავშვის მომზადება, გავამდიდრე რეპეტიტორები. ყველაფერს იკლებს ადამიანი ამ დროს და არავის სურს სწავლაში ხელი შეუშალოს თავის შვილს. ამიტომ, აუცილებელია, სკოლებში სწავლების ხარისხის აწევა, რათა ბავშვებმა გამოცდის ჩაბარება სკოლაში მიღებული ცოდნით შეძლონ და ვინც ღირსია, იმან ისწავლოს უმაღლესში“, – გვითხრა მანანა შერაზადიშვილმა, რომელიც გორის საგამოცდო ცენტრთან საკუთარი შვილის საგულშემატკივროდ იყო მისული.
კიდევ ერთი მშობელი თვლის, რომ თავად მოსწავლეებსაც ასეთი განწყობა აქვთ – „თუ მასწავლებელთან არ მოემზადებიან, ვერ ჩააბარებენ“.
„იცით რა არის, ეს პრობლემა წლებია არსებობს და მეც სულ ამაზე ვსაუბრობ, რომ რეპეტიტორთან ბავშვების მომზადება დანაშაულია არა მშობლების, არამედ სისტემის. დღეს უკვე ასეთი შედეგი გვაქვს – თვითონ ბავშვებს აქვთ ეს ჩადებული რაღაცნაირად, რომ მომზადების გარეშე გამოცდას ვერ ჩააბარებენ და დარჩებიან სასწავლებლის მიღმა. არ მინდოდა მიმეყვანა ჩემი შვილი რეპეტიტორებთან, მაგრამ მოდას ვერ ჩამოვრჩებოდით“, – გვითხრა ნაზი დოიჯაშვილმა.
განაწყენებული მშობლები იმასაც ამბობენ, რომ რეპეტიტორების უმრავლესობა ფულის კეთებაზეა გადასული და მეცადინეობის საფასურს ყოველწლიურად ზრდის, რაც მათივე თქმით, ადრე ასე არ იყო. მშობლების მონაყოლით, დედაქალაქთან შედარებით, რეპეტიტორის ანაზღაურება გორში გაცილებით დაბალი იყო, თუმცა ახლა თითქმის თბილისის ფასებს გაუტოლდა.
„მე ძალიან მაწუხებს ეს ფაქტი, რადგან სულ უფრო და უფრო ძვირდება რეპეტიტორის მომსახურება. ერთ საგანში მომზადება სულ ცოტა 100 ლარიდან იწყება და ზემოთ ადის. ძალიან ძვირი გვიჯდება გამოცდებისთვის მზადება, ადრე ასე არ იყო. ხომ ვერ დატოვებ ბავშვს უსწავლელს, ამიტომ გვიწევს გავიჭირვოთ და ფული ვიხადოთ იმაში, რაც 12 წლის განმავლობაში სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეს. იქნებ ასე ხმამაღლა რომ ვისაუბრებთ ამ პრობლემაზე, რამე შეიცვალოს“, – აცხადებს გორის საგამოცდო ცენტრთან მყოფი ნანა ბურდული EDU.ARIS.GE-სთან.
ლუიზა მშვიდობაძე კი გვიყვება, რომ რეპეტიტორებს შეღავათის გაკეთებაც კი არ უნდათ:
„ჩემი შვილი 2 წელი დადიოდა კერძო მასწავლებლებთან, ოთხ საგანში ემზადებოდა და საკმაოდ ბევრი ფული გადავიხადეთ. ზოგიერთი მათგანი შეღავათსაც არ გიკეთებს არაფერში, თუ ფულს არ მიუტან, შემდეგ ყურადღებას აღარ აქცევს ბავშვებს. ამიტომ, იძულებული ხარ, ყველაფერი გააკეთო და ფული იშოვო იმისათვის, რომ შვილი საგამოცდოდ მოამზადო. სკოლა არ აძლევს მოსწავლეს იმის საშუალებას, რომ ეროვნული გამოცდები ჩააბაროს, რაც ნიშნავს, რომ იქ სწავლის დონე საკმარისი არ არის“.
რა გახდა მოსწავლის საგამოცდოდ მომზადების საფასურის გაზრდის მიზეზი და რამდენად სწორია მშობლების სხვა ბრალდებები, ამაზე EDU.ARIS.GE-სთან რეპეტიტორებმა ისაუბრეს.
თეა ნონიკაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი ლარის გაუფასურებაა.
„რა თქმა უნდა, რეგიონში რეპეტიტორის ანაზღაურება დედაქალაქთან შედარებით, მცირეა, თუმცა ლარის გაუფასურების გამო, თანხები აქაც იზრდება. ჩვენ გვყავს თბილისიდან მოსწავლეები, რომლებიც გორში ჩამოდიან მოსამზადებლად, რადგან თბილისში კიდევ უფრო მეტის გადახდა უწევთ. სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი განათლების სისტემის მთავარი პრობლემაა, რომ ბავშვებს, რომლებსაც საბუნებისმეტყველო მიმართულებით სწავლის გაგრძელება სჭირდებათ, არ ეძლევათ საშუალება, მე-12 კლასში ეს საგნები ისწავლონ. მოგეხსენებათ, ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია არ ისწავლება მე-12-ე კლასში, ამიტომ მოსწავლეთა უმრავლესობა, ვინც ამ მიმართულებით მიდის, იძულებულნი არიან, კერძო რეპეტიტორთა გაიარონ სასკოლო მასალა. სასკოლო პროგრამისგან განსხვავებული არაფერი ბარდება ეროვნულ გამოცდებზე. თუ მოსწავლე სკოლაში სწავლობს ამ მასალას საფუძვლიანად, მისთვის ერთი წელი მომზადება სრულიად საკმარისია რომ გამოცდაზე მაღალი შეფასება მიიღოს“, – ამბობს მრავალწლიანი რეპეტიტორობის გამოცდილების მქონე თეა ნონიკაშვილი.
„რა თქმა უნდა, დედაქალაქთან შედარებით, გორში რეპეტიტორთან მომზადება გაცილებით დაბალი ფასი ღირს, თუმცა თანხები აქაც ყოველწლიურად მატულობს. მაგალითად, თუ სამი წლის წინ რაღაც გარკვეულ თანხას იღებდა მასწავლებელი, მომზადებაში, ახლა ეს თანხა გაორმაგებულია. მე საერთოდ მირჩევნია, ბავშვი რეპეტიტორთან არ მივიდეს და სკოლაში ისწავლოს კარგად“, – ასე ფიქრობს რეპეტიტორი მაია გოგოლაძე.
როგორც აღმოჩნდა, მშობლების უმრავლესობა სკოლაში მიღებული განათლებით უკმაყოფილოა. ამიტომ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ისეთ დონეზე მოითხოვენ, რომ მოსწავლეებს რეპეტიტორები აღარ დასჭირდეთ და ეროვნული გამოცდების ჩაბარება წარმატებით შეძლონ. მათივე შეფასებით, თანხები, რომელსაც ისინი საკუთარი შვილების მომზადებაში იხდიან, მათთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია.
ჩვენი რესპონდენტების ნაამბობიდან გამომდინარე, მომავალი წლიდან, შესაძლოა, საგამოცდოდ რეპეტიტორთან შვილის მომზადებაში გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე წელს.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა