ახალი ამბები

პირებს, რომლებმაც სამხედროებს ყაზარმის მოხეხვა აიძულეს, პატიმრობა მიუსაჯეს

პირებს, რომლებმაც სამხედროებს ყაზარმის მოხეხვა აიძულეს, პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შსს-ს ორი თანამშრომლის მიმართ.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ორივე მათგანმა თავის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედროებს ყაზარმის ტერიტორიის მოხეხვა აიძულა სხვა პირების თანდასწრებით. არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულებს 5 და 6 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

ორივე შემთხევვა სხვადასხვა დროს მოხდა.

6 წელი ჯარისკაცების ღირსების შეურაცხყოფისთვის

როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლოზე დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.

გარდა ამისა, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, იმავე ბრალდებულმა ორ სამხედრო მოსამსახურეს პირადი ღირსების შეურაცხყოფით სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.

სასამართლომ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ორეპიზოდიანი დანაშაულის ჩადენისათვის სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად  6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ჯარისკაცების შეურაცხყოფა „იაღლუჯას ბაზაზე“

ე.წ. ჯარისკაცების საქმის ფარგლებში, 2021 წლის 13 დეკემბერს კიდევ ერთი საქმე – არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებულის დ.დ.-ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განიხილა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ.დ.-მ 2020 წელს, სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე (ე.წ „იაღლუჯას“ ბაზაზე) ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს, დასჯის მიზნით, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, დამამცირებელ მდგომარეობაში ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა აიძულა.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ დ.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურისვე ცნობით, პროკურატურამ სამართლებრივი რეაგირება მოახდინა ასევე ,,ჯარისკაცების საქმეში“ არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული კიდევ ერთი საჯარო მოხელის, მსჯავრდებულების, გ.ბ.-ს და დ.დ.-ს უშუალო უფროსის, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის, მ.ბ.-ის მიმართაც, რომლის მიმართ მისი გარდაცვალების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო.

როგორც სააგმოძიებო უწყება აცხადებს, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს. გამოძიების ფარგლებში ნებისმიერი საჯარო მოხელის ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს და სისხლისსამართლებრივ დევნას დაიწყებს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.